Plasmon
"ავერსი" მერიასთან ერთად დაავადებული ხეების ახალი ნერგებით ჩანაცვლებას აანონსებს
"ავერსი" მერიასთან ერთად დაავადებული ხეების ახალი ნერგებით ჩანაცვლებას აანონსებს


თარიღი: 26/09/2019

"ავერსი" მერიასთან ერთად დაავადებული ხეების ახალი ნერგებით ჩანაცვლებას აანონსებს

24 სექტემბერს თბილისის მერიისა და "ავერსის" წარმომადგენლებმა საზოგადოებას ახალი ერთობლივი პროექტი გააცნეს, რომელიც ალ. ყაზბეგის გამზირზე, "ავერსის" კუთვნილ ტერიტორიაზე ძველი, გამხმარი და დაავადებული ხეების სანიტარულ ჭრასა და მათი ახალი, ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად.

როგორც კომპანია "ავერსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ აღნიშნა, ყაზბეგის გამზირზე, "ავერსის" კუთვნილ ტერიტორიაზე 600-მდე დაავადებლი ფიჭვია, რომელთა გაჯანსაღება და გადარჩენა უცხოელი სპეციალისტების ჩართულობის მიუხედავად ვერ მოხერხდა და მათი ჭრის ნებართვა თბილისის მერიამ მარტის თვეში გასცა. გასუფთავებული ტერიტორია ახალი ნარგავებით შეივსება.

- მინდა კომპანიის სახელით მადლობა ვუთხრათ თბილისის მერიას, პირადად, ბატონ კახა კალაძეს და "ავერსის" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს, საინტერესო ერთობლივი პროექტის წამოწყებისთვის, რომელიც ქალაქის მწვანე საფარის გაახლებას და რეკრეაციული ზონის შენარჩუნებას ემსახურება. ყველანაირი ეჭვი გვინდა გავფანტოთ იმის შესახებ, რომ სანიტარული ჭრა შესაძლოა რაიმე მშენებლობას და ქალაქის იერსახის დამახინჯებას ემსახურებოდეს - აღნიშნა "ავერსის" გენერალურმა დირექტორმა. მისივე თქმით, სანიტარული ჭრისა და გასუფთავების პროცესი ერთი თვე გაგრძელდება. ნოემბრის შუა რიცხვებისთვის კი ტერიტორია ახალი ნერგებით იქნება შევსებული.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიგა გიგაშვილმა კი "ავერსისა" და ქალაქის მერიის ერთობლივ პროექტს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი უწოდა, რომელიც თბილისისა და თბილისელების საერთო პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია:

- თბილისის მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო სანიტარული ჭრის პროცესი სხვადასხვა ტერიტორიაზე, თუმცა ნარგავების ნაწილი კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზეა. დაავადებული ხეები მხოლოდ მერიის პრობლემა არ გახლავთ, ეს საზოგადოების საერთო პრობლემაა, რომლის გადასაჭრელად ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. "ავერსსა" და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ალ. ყაზბეგის გამზირზე მიმდინარე სანიტარული ჭრის, ნარგავების დარგვისა და მათი შემდგომი მონიტორინგის პროცესებს ერთობლივად განვახორციელებთ. მადლობას ვუხდით კომპანია "ავერსს" თანამშრომლობისთვის და სხვა კომპანიებსაც შევახსენებ, რომ ბიზნესი უნდა გრძნობდეს სოციალურ პასუხისმგებლობას როგორც ქალაქის, ისე მოქალაქეების წინაშე.

ალ. ყაზბეგის 16 ნომერში დაირგვება 150 ცალი კედარი, 50 ამბრის ხე, ამდენივე ნეკერჩხალი, უნგრული ცაცხვი, ევროპული მუხა, წვრილფოთოლა იფანი, არღავანი, უეკლო გლედიჩი, იაპონური სოფორა, კელრეუტერია.

 

საბურთალოს რაიონის მცხოვრებთათვის ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნება, რაც ქალაქის იერსახესა და ეკოლოგიას სასიკეთოდ წაადგება.