Plasmon
ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო
ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო


თარიღი: 16/02/2023

ზურაბ აზარაშვილი: „თბილისს ექნება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ხარისხიანი ჯანდაცვისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს“

 

 „თბილისს ექნება ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და მოსახლეობის ხარისხიანი ჯანდაცვისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს“, - ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე, მუშაობა მიმდინარეობს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე, რომელიც საზოგადოებას, უახლოეს მომავალში წარედგინება. 


„თბილისში არსებული რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, სამწუხაროდ, დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემების გამო. 2025 წლიდან, მთელს საქართველოში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსება ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრიც, რომლის შესაქმნელადაც სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

 

 „რაც შეეხება ვადებს, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დასრულებას ორი, ორ წელიწად-ნახევარი დასჭირდება და საბოლოო ჯამში, მივიღებთ მაღალი დონის მაღალტექნოლოგიურ კლინიკას, რომლის არსებობაც, სახელმწიფო საკუთრებაში, ნამდვილად აუცილებელია. ამ კლინიკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოწყობის მხრივ დაწყებულმა სამუშაოებმაც დააჩქარა. კონცეფციის მიხედვით, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილი იქნება. რესპუბლიკური კლინიკა დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, სავალდებულო იქნება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისათვის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

 

ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, რამდენიმე თვეში დასრულდება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარემონტო სამუშაოები. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ სივრცეში განთავსდება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური, როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო და მისი გუნდი.