ციფრული ჯანდაცვის ახალი პროექტი
თარიღი: 22/09/2021
ევროკავშირი, გაეროს ორგანიზაციები და ჯანდაცვის სამინისტრო ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს იწყებენ
ევროკავშირმა (EU), გაეროს ოთხმა ორგანიზაციამ, კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoIDPLHSA) ახალი ინიციატივა წამოიწყეს: „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით.“
ევროკავშირის და გაეროს ახალი ინიციატივის ფარგლებში, COVID-19-ის უსაფრთხოდ მართვის ხელშეწყობის მიზნით სოფლად 200 დაწესებულება აღიჭურვება ძირითადი აპარატურით, დამატებით 50 დაწესებულება - ტელემედიცინის აპარატურით, რაც ასევე უზრუნველყოფს შეუფერხებელ და ფართო წვდომას სამედიცინო სერვისებზე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, ბავშვებისათვის რუტინული ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის მუშაკების პოტენციალის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადამზადების დისტანციურ კურსებში.
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს: „COVID-19 პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარება ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენს, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ამ ინოვაციური პროექტითა და გაეროს პარტნიორებთან თანამშრომლობით იმედი გვაქვს მივწვდებით საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს. კარგი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და იმედი გვაქვს ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ მიზნის მიღწევაში.“
„ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი. პირველადი ჯანდაცვა ეს არის ის რგოლი რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების პირველად საჭიროებებს ჯანმრთელობის კუთხით და ეს აისახება როგორც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე შემდგომში რა თქმა უნდა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაზე“, -აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. „ჩვენ არ გვაქვს საუბარი მხოლოდ ტექნოლოგიებზე, ამ ტექნოლოგიებთან ერთად არის დაგეგმილი პერსონალის ინტენსიური გადამზადება, რომელიც ასევე არის დაწყებული, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ხარისხს. ამ სიახლით ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ არამხოლოდ კონსულტაციის მიღებას, არამედ შესაძლებელი ხდება, ვიწრო სპეციალისტების ჩართულობით, პაციენტებისთვის კონკრეტული დიაგნოზის დასმა და დანიშნულების გაცემა. სამინისტრომ ძალისხმევით აღნიშნული უკვე დაინერგა 50 სოფლის ამბულატორიაში, ამ პროექტის დახმარებით კი წლის ბოლომდე 100-ზე მეტ ამბულატორიაში იქნება უკვე ტელემედიცინის აღჭურვილობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
„პირველადი ჯანდაცვის დონეზე COVID-19-ზე დაუყოვნებელი რეაგირების გარდა, პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებას, ხელს შეუწყობს რა შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და კლინიკური გაიდლაინების ჩამოყალიბებას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო კურსების უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობის მიერ ტელემედიცინის სერვისების გამოყენებას,“ განაცხადა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.
COVID-19-ის შემთხვევების უსაფრთხოდ მართვის თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ტელემედიცინისა და დისტანციური სამედიცინო სერვისების გამოყენება. ამავდროულად, ის უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის პანდემიისა და პოსტკოვიდურ პერიოდში. პროექტი ხელს შეუწყობს COVID-19-ის კრიზისის უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას საქართველოს მოსახლეობასა და ჯანდაცვის სისტემაზე.
გრძელვადიან პერსპექტივაში ერთობლივი პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი და ჯანსაღი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ტელემედიცინის შესაძლებლობებით დაშორებულ პუნქტებში პაციენტებისათვის სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას