დღეიდან, რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა
თარიღი: 16/02/2023
„დღეიდან, წამლებზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კომპანიამ ეს ამოქმედებამდე გაითვალისწინა და კონკრეტულ მედიკამენტებზე, უკვე ფასი მნიშვნელოვნად დაწია. ეს არის პირველი ეტაპი და უკვე მომდევნო პერიოდში გავაგრძელებთ რეფერენტული ფასების დაწესებას მედიკამენტების სხვა ჯგუფებზე“, - აღნიშნულის ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. საერთო ჯამში კი, რეფორმა ქვეყანაში წამლის ღირებულებას 40%-ით გააიაფებს.
მინისტრმა, რეფერენტული ფასის დაწესებისა და ამოქმედების პროცედურებზეც გაამახვილა ყურადღება. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების ნაწილზე, რომელზე განსაზღვრული ფასი ფარმაცევტულმა სექტორმა გაასაჩივრა, ცვლილება 15 მარტიდან ამოქმედდება.
„1200-ზე მეტი მედიკამენტიდან, ნაწილი გასაჩივრდა. ზუსტად ამიტომ, დღეს, 800-ზე მეტი წამლის რეფერენტული ფასი შევიდა ძალაში. დარჩენილი, 400-ზე ცოტა მეტი წამლის ფასის გადახედვა მოხდა და მათ უკვე ახალი, 1-თვიანი ვადა აქვთ. საერთო ჯამში კი, 15 მარტიდან, 1200-ვე მედიკამენტზე ამოქმედდება რეფერენტული ფასი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მედიკამენტების ფასის დათვლის აღნიშნული მეთოდოლოგია, ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა.
„საბითუმო რეფერენტული ფასი და ასევე მარჟები, რაც აფთიაქებს განვუსაზღვრეთ, სხვა ქვეყნების, ანალოგიური მედიკამენტების ფასიდან არის გამოყვანილი. ეს, საერთო ჯამში, არის ის სამართლიანი მარჟა რაც ამ სეგმენტს და ამ ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს. სხვადასხვა ბევრ და გაცილებით მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, თუ ეს ფასები მისაღებია - სადაც GDP ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტია და ეკონომიკურადაც უფრო წინ არიან, მაშინ მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში პრობლემა არ უნდა შეიქმნას. სექტორს ჩვენ ვუტოვებთ აუცილებელ და სამართლიან მარჟას, რაც როგორც საბითუმო, ისე საცალო კომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალება.
მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.