14 ნოემბერი - დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე
14 ნოემბერი - დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე
თარიღი: 14/11/2017
14 ნოემბერი დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღეა (ინგლისურად-World Diabetes Day, ესპანურად- Día Mundial de la Diabetes, ფრანგულად-Journée mondiale du diabète). ეს დღე არის მნიშვნელოვანი შეხსენება მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აერთიანებს მსოფლიოს 145-ზე მეტ ქვეყანას და მოიცავს მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა დაავადებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობა უკეთესობისკენ.
დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება 1991 წლიდან დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შაქრიანი დიაბეტით ავადობის ზრდასთან დაკავშირებით და დიაბეტთან ბრძოლის კოორდინაციის მიზნით. 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღედ 2006 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუციით (A/RES/61/225). რეზოლუციაში გენერალური ასამბლეის მიერ შემოთავაზებულია გაეროს წევრი ქვეყნებისთვის შაქრიან დიაბეტთან ეროვნული ბრძოლის პროგრამების შემუშავება და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა.
დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო - ცისფერი წრე - დიაბეტის გლობალური სიმბოლოა, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ემბლემა გაეროს რეზოლუციით მიღებულ იქნა 2007 წელს რეზოლუციით დიაბეტის მსოფლიო დღის აღიარების შემდეგ. რგოლი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლო. ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს და, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია. რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია. დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო გამოხატავს დიაბეტის საზოგადოებრიობის ერთიანობას დაავადების პანდემიის წინააღმდეგ.
2017 წლის შაქრიანი დიაბეტის საერთაშორისო დღის თემაა: დიაბეტი და ქალები-ჩვენ უფლება გვაქვს ბედნიერი მომავალი გვქონდეს
კამპანია ხელს უწყობს:
• შაქრიანი დიაბეტით დაავადებული და დიაბეტის რისკ-ფაქტორის ქვეშ მყოფი ქალების ხელმისაწვდომობას ძირითადად სამკურნალო საშუალებებსა და ტექნოლოგიებზე,
• დიაბეტის მკურნალობის ოპტიმალური შედეგების მისაღწევად განათლებას,
• დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციის გაძლიერებას
საკვანძო ფაქტები:
• დღესდღეობით 199 მილიონი ქალი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით. 2040 წლისათვის ეს მონაცემი გაიზრდება 313 მილიონამდე.
• დიაბეტით დაავადებული 5 ქალიდან 2 რეპროდუქციული ასაკისაა, რომელთა წილზე მოდის მსოფლიოში 60 მილიონი ქალი.
• დიაბეტს ქალებში სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მე-9 ადგილი უჭირავს, რაც შეესაბამება 2,1 მილიონს სიკვდილს წელიწადში.
• დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ ქალებს თითქმის 2-ჯერ მეტად აქვთ გულის იშემიური დაავადებები დიაბეტის გარეშე ქალებთან შედარებით.
• ქალებს დიაბეტი ტიპი 1-ით აქვთ სპონტანული აბორტისა და ახალშობილის განვითარების დარღვევით დაბადების რისკი.
• 7-დან ერთი ახალშობილი დაბადებული გესტაციური დიაბეტით დაავადებული დედისაგან.
• ორსულობის დროს ჰიპერგლიკემიის უმრავლესობა აღინიშნება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, სადაც ორსულთა ხელმისაწვდომობა მკურნალობასა და სადიაგნოსტიკო საშუალებებზე ხშირად შეზღუდულია.
რა უნდა გაკეთდეს:
• ჯანდაცვის ორგანიზაციებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება ქალების კონკრეტულ მოთხოვნილებებსა და პრიორიტეტებზე.
• ყველა ქალს შაქრიანი დიაბეტით უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა დიაბეტის სამკურნალო საშუალებებსა და ტექნოლოგიებზე.
• ყველა ქალს შაქრიანი დიაბეტით უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ჩასახვამდე ორსულობის დაგეგმარების სერვისებზე ორსულობის დროს პათოლოგიური მდგომარეობის რისკების თავიდან აცილების მიზნით.
• ყველა ქალს შაქრიანი დიაბეტით უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ფიზიკურ აქტივობაზე ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.
• ორსული ქალებისთვის უნდა გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა სკრინინგზე, განათლებასა და მოვლაზე დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადებითი შედეგების მიღწევის მიზნით.
ისტორია
დიაბეტთან ბრძოლის დღედ 14 ნოემბერი არჩეულია კანადელი მეცნიერის ფრედერიკ ბანტინგის პატივსაცემად, რომელიც დაბადებული იყო 1891 წლის 14 ნოემბერს. 1922 წელს ახალგაზრდა ფრედერიკ ბანტინგმა პირველი ადამიანი გადაარჩინა, როდესაც ინსულინის ინექცია გაუკეთა დიაბეტის იუვენილური ფორმით დაავადებულ 14 წლის ყმაწვილს. ნაცვლად იმისა, რომ დაეპატენტებინა ინსულინი და ზღაპრულად გამდიდრებულიყო, ბანტინგმა ყველა უფლებები ტორონტოს უნივერსიტეტს გადააბარა.
ფრედერიკ ბანტინგს ახალგაზრდობაში ნათესავები და მეგობრები დაეხოცა შაქრიანი დიაბეტით და მან გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, დაემარცხებინა ეს ვერაგი დაავადება. იგი საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობდა - გადავიდა სამედიცინოზე და თავისი აღთქმა წარმატებით აღასრულა - მიაგნო მკურნალობის საშუალებას, ინსულინს. ფრედერიკ ბანტინგს, თავისი კვლევების დროს გვერდით ედგა კოლეგა - ჩარლზ ბესტი. კანადელი ქირურგი ფრედერიკ ბანტინგი და სტუდენტი ჩარლზ ბესტი ძაღლების კუჭქვეშა ჯირკვლიდან ინსულინის სეკრეციას შეისწავლიდნენ. ამბობენ, რომ დიდი ინტუიციით დაჯილდოებულმა ბანტინგმა ჯანმრთელი ძაღლის კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებიდან გამოყოფილი ექსტრაქტი დიაბეტით დაავადებულ ძაღლს შეუყვანა. შედეგი სასწაულებრივი აღმოჩნდა: რამდენიმე საათის შემდეგ დიაბეტით დაავადებული ძაღლის სისხლში შაქრის რაოდენობა საკმაოდ შემცირდა. ქირურგმა და მისმა სტუდენტმა მთელი ძალისხმევა ისეთი ცხოველის საძებნელად მიმართეს, რომლის ინსულინიც ადამიანის ინსულინს ჰგავდა. მათ აღმოაჩინეს, რომ ძროხის ჩანასახის ინსულინი ძალზე ახლოს იდგა ადამიანის ინსულინთან, ექსპერიმენტის უსაფრთხოებისთვის გაასუფთავეს ის და 1922 წლის იანვარში პირველი კლინიკური გამოცდა ჩაატარეს. ბანტინგმა ინსულინი 14 წლის მოზარდს შეუყვანა, რომელიც დიაბეტისგან კვდებოდა და ავადმყოფმა გამოჯანმრთელება დაიწყო. მათმა აღმოჩენამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, რადგან ინსულინის გარეშე დიაგნოზი „შაქრიანი დიაბეტი“ სიცოცხლის იმედს არ უტოვებდა ადამიანს. 1923 წელს ბანტინგს და მასთან ერთად, მისი კათედრის ხელმძღვანელ მაკლეოდს მიენიჭათ ნობელის პრემია. ბესტის დამსახურება იგნორირებული იყო. ამან ძალიან აღაშფოთა ბანტინგი და მან ნებაყოფლობით გაუყო თავისი პრემიის ნახევარი ბესტს.
შაქრიანი დიაბეტი არაგადამდებ დაავადებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მრავალ განვითარებად და ინდუსტრიულ ქვეყანაში შაქრიანმა დიაბეტმა მიიღო ეპიდემიის ფორმა და მას სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეოთხე-მეხუთე ადგილი უჭირავს.შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში გართულებები ინვალიდობის, სიკვდილიანობისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესების წამყვან მიზეზებს წარმოადგენს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დიაბეტისა და მისი გართულებებისაგან ყოველწლიურად იღუპება მილიონობით ადამიანი. 2012 წელს გარდაიცვალა 3 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაფიქსირდა დაბალი შემოსავლის ქვეყნებში. გარდაცვლილ ადამიანთა დაახლოებით 89% ცხოვრობს აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ყოველ 10 წამში 1 ადამიანის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს დიაბეტთან დაკავშირებული გართულება, რაც შეესაბამება დაახლოებით 4 მილიონს.
დიაბეტით დაავადებულთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი - გულის დაავადებები და ინსულტი 2-3-ჯერ, სიბრმავე-10-ჯერ, ნეფროპათია 12-15 -ჯერ, ქვემო კიდურების განგრენა 20-ჯერ მეტად არის მომატებული მსოფლიოს მთელ პოპულაციასთან შედარებით. ბევრ ქვეყანაში დიაბეტის არის სიბრმავის, თირკმლის უკმარისობის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ქვემო კიდურების ამპუტაციის ძირითადი მიზეზი; 2-დან 6 -ჯერ იზრდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი მშობლებთან და ახლო ნათესავებთან დიაბეტის არსებობის დროს. დაავადების შემდგომი მემკვიდრეობის ალბათობა შეადგენს აღნიშნულ შემთხვევაში 40%-ს. ბავშვობაში დაავადებული დიაბეტის კომპენსირებული ტიპის შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევს 50-60 წელს და მეტს.
სისხლში გლუკოზის უმნიშვნელო მომატება კლასიფიცირდება როგორც გესტაციური შაქრიანი დიაბეტი, მაშინ როცა სისხლში გლუკოზის მნიშვნელოვანი მომატება - როგორც ორსულების შაქრიანი დიაბეტი. ჩვეულებრივ, გესტაციური შაქრიანი დიაბეტი ვითარდება ორსულობის მოგვიანებით პერიოდში, ორსულობის 24 კვირიდან და მოგვიანებით.
ჰიპერგლიკემიის აშკარა სიმპტომები ორსულობისპერიოდში ვითარდება იშვიათად და ძნელია მათი გარჩევა ორსულობის ჩვეულებრივი სიმპტომებისაგან, თუმცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს გაძლიერებული წყურვილის გრძნობას და ხშირ შარდვას. შესაბამისად, მიზანშეწონილია ჩატარდეს გლუკოზით დატვირთვის პერორალური ტესტი. შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში შემავალმა ქალებმა აღნიშნული ტესტი უნდა ჩაიტარონ ორსულობის ადრეულ ეტაპზე, მაშინ როცა ჩვეულებრივ ტესტი ტარდება ორსულობის 24-28 ვადაზე.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით დადგენილია, რომ 20,9 მილიონი ან 16,2% ახალშობილი დაბადებულია პათოლოგიით იმ დედებისაგან, რომელთაც ჰქონდათ ჰიპერგლიკემია ორსულობის დროს. შემთხვევათა 85,1% დაბადებული იყო გესტაციური დიაბეტით, 7,4% ორსულობის დროს პირველად აღრიცხული სხვა ტიპის დიაბეტით და 7,5% ორსულობამდე აღრიცხული დიაბეტით დაავადებული დედებისაგან. დადგენილია, რომ ორსულობის დროს არსებობს ჰიპერგლიკემიის პრევალენტობის რეგიონალური განსხვავება, კერძოდ, აზიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში პრევალენტობა ყველაზე მაღალია - 24,2% და შედარებით დაბალი აფრიკის რეგიონში - 10,5%. ორსულობის დროს ჰიპერგლიკემიის შემთხვევათა 87,6% დაფიქსირდა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, სადაც დედათა მოვლის სერვისი შეზღუდულია. დედის ასაკის ზრდასთან ერთად ორსულობის პერიოდში ჰიპერგლიკემიის მაჩვენებლები იზრდება და ყველაზე მაღალია ქალებში 45 წლის ზემოთ (45,9%), თუმცა ორსულობათა რიცხვი ამ ასაკობრივ ჯგუფში გაცილებით მცირეა. იმასთან დაკავშირებით, რომ ფერტილობა ახალგაზრდა ქალებში მაღალია, ორსულობის პერიოდში ჰიპერგლიკემიის შემთხვევების ნახევარი მოდის 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში -10,4 მლნ.
ახალშობილთა რაოდენობამ, რომლებიც იმყოფებოდნენ ჰიპერგლიკემიის გავლენის ქვეშ მუცლადყოფნის პერიოდში, მიაღწია 20,9 მლნ-ს ანუ ახალშობილთა 16,2%-ს (ევროპაში - 15,8%, სამხრეთ აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი - 21,8%, ჩრდილოეთ ამერიკა - 14,9%).