ეკატერინე ტიკარაძე: „პანდემიის პირველი ტალღის შეკავება ჩვენ დრამატული შედეგების გარეშე შევძელით.“
თარიღი: 28/12/2020
ეკატერინე ტიკარაძე: „პანდემიის პირველი ტალღის შეკავება ჩვენ დრამატული შედეგების გარეშე შევძელით.“
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მინისტრმა ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღება ყველა იმ ძირითად ღონისძიებაზე გაამახვილა, რომლითაც ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა.
„ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით. დაბალი გავრცელების მიუხედავად, ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ ვემზადებოდით მეორე, ბევრად რთული ეტაპისთვის, რომელიც ჩვენი გათვლებით შემოდგომაზე დაიწყებოდა. პროგნოზი გამართლდა და სექტემბრის დასაწყისიდან შემთხვევების მკვეთრი მატების ტენდენცია დაფიქსირდა. სწორედ წინასწარ მიღებული ზომების შედეგია, რომ გავრცელების მაღალი ნიშნულის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ინარჩუნებს მდგრადობას და დღეს ყველა პაციენტს მიეწოდება მისთვის საჭირო მომსახურება“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.