ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განფასების ახალი სისტემის ამოქმედების შესახებ საუბრობს
თარიღი: 22/11/2019
„სამინისტროს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებაა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები რაციონალურად დაიხარჯოს და ეფექტურად მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე.“ - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, N520-ე დადგენილების ამოქმედება არ ყოფილა მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტის და ხარჯების დაზოგვისკენ. სამინისტროს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებაა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები რაციონალურად დაიხარჯოს და ეფექტურად მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 2012 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების ძირითადი არსი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების რაციონალურად, გეოგრაფიული პრინციპის დაცვით და ფინანასური მხარდჭერით მიწოდებაში მდგომარეობდა. სამინისტროში შემოსული განცხადებების და ასევე ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ფასები, რომლებიც განსაზღვრული იყო სატარიფო სისტემით, არ იყო გამჭვირვალე.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს რამდენიმე დადგენილებით, რომლის მიხედვითაც სამინისტრო 70%, 80%, 90%-იან და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის - 100 %-აინ თანაგადახდას ახორციელებს. გამჭვირვალობის პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ მოსახლეობა ხშირად დგებოდა ფაქტის წინაშე, როდესაც სახელმწიფო დადგენილი ტარიფის 10%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, აღნიშნული 10% მნიშვნელოვნად აღემატებოდა დადგენილ ტარიფს. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ტარიფების გადახედვა, რათა ეს სისტემა გამჭვირვალე გამხდარიყო - მოსახლეობისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა შესრულებული ყოფილიყო მაქსიმალური მიახლოებით.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, განფასების ახალი სისტემის განსახილველად სამინისტროში კლინიკების მხრიდან მოწვეულები იყვნენ სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური ხელმძღვანელები. გამომდინარე იქიდან, რომ მუშაობა მიმდინარეობდა სატარიფო მონაცემებზე, სამინისტროს ექიმები მოწვეული არ ჰყოლია.
„ექიმის პასუხისმგებლობაა პაციენტის მომსახურება შესაბამისი ხარისხით და სტანდარტით, სწორედ ამიტომ ისინი შეხვედრაზე მოწვეულნი არ ყოფილან. სატარიფო მონაცემებზე უნდა ემუშავათ ფინანსისტებს, რომლებთან ერთადაც გავიარეთ ყველა პუნქტი და ფასწარმოქმნის პრინციპის საფუძველი. ეს არის საერთაშორისოდ მიღებული ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკების ფინანსისტებს არ ჰქონიათ კონტრარგუმენტი, რომლითაც ისინი მოახერხებდნენ და დაიცავდნენ იმ ფასების არაგამჭვირვალობას, რომელიც რიგი კლინიკების შემთხვევაში სამინისტროსთვის იქნა მოწოდებული.
მინისტრმა ხაზი გაუსვა სამედიცინო დაწესებულებების სელექტიურ კონტრაქტირების საკითხს. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სელექტიური კონტრაქტირების კრიტერიუმებზეც და ხარისხის მაჩვენებლებზეც.
„ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა კერძო სექტორს არ შეექმნას პრობლემა პაციენტის მომსახურების კუთხით. სელექტიური კონტრაქტირების პროცესიც მალე დაიწყება და ამოქმედდება შესაბამისი სტანდარტებით. სელექტიურ კონტრაქტებსაც აქვს თავისი გრადაციები, რომელიც უნდა იქნა გათვალისწინებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიმუშაოთ თანმიმდევრულად. რეგულირების სააგენტო უკვე 4 თვეზე მეტია ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს და იძლევა შესაბამის მითითებებს. ჩვენ მათ ვაძლევთ გონივრულ ვადებს, რომ გამოასწორონ დარღვებები. კერძო სექტორს ესაჭიროება დრო, რათა მოხდეს მისი მომზადება იმ რეფორმისთვის, რომელიც დაგეგმილია მომავალი წლის გაზაფხულზე. ამ მიმართულებით სამინისტროში ჩვენს ფინანსურ სამსახურთან ერთად საერთაშორისო სპეციალისტები უკვე დიდი ხანია მუშაობენ.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.