GMP ნაციონალურ ინსპექტორებს სერტიფიკატები გადაეცა
თარიღი: 07/12/2018
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ GMP ნაციონალურ ინსპექტორებს სერტიფიკატები გადასცა. სამეტაპიანი სწავლების შედეგებიდან გამომდინარე, გამოვლინდა 5 პირი, რომლებიც გახდნენ GMP ნაციონალურ ინსპექტორები. მათ 2019 წლის 1 ივლისიდან ექნებათ უფლებამოსილება, შეამოწმონ ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება, გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები და მიანიჭონ GMP ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კონკურსის წესით შერჩეულმა კანდიდატებმა გადამზადების კურსი დანიაში, კომპანია „ფარმაკონში“ გაიარეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა. GMP/GDP-ის განხორციელების სტრატეგია, შემოთავაზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
GMP/GDP სტანდარტის დანერგვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. GMP/GDP-ის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშრის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.