სახელმწიფო ღვიძლის ტრანსპლანტაციას სრულად დააფინანსებს
თარიღი: 21/06/2023
ზურაბ აზარაშვილი: „სახელმწიფო, ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს“
„ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებებია. ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სახელმწიფო, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს“- განაცხადა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სიახლე მხოლოდ დაფინანსების წესს შეეხება და სხვა მხრივ, პროგრამა არ იცვლება.
„ღვიძლის ტრანსპლანტაციის ღირებულება 120 000 ლარია. ამ დრომდე, მას 70 000 ლარით ვაფინანსებდით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რთული იყო დარჩენილი თანხის, 50 000 ლარის მობილიზება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ღვიძლის ტრანსპლანტაცია სრულად დავაფინანსოთ, ეს მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ისე ოპერაციის ხარჯების ანაზღაურებას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ორგანოგადანერგილი პირები შშმ სტატუსის დადგენის უფლებით ვერ სარგებლობდნენ, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები, მიმდინარე წლის იანვარში განხორციელდა და ღვიძლის, გულის ან თირკმლის გადანერგვა, მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს.