ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონის ექიმებს შეხვდა
თარიღი: 31/05/2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონის ექიმებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კახეთის რეგიონის ექიმებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკმენტების პროგრამის სიახლეები გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს მიმდინარე სიახლეებზე და ასევე, იმ გეგმებზე, რაც სამომავლოდ პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები უკვე განხორციელდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ: „PSP“, “ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ექიმების ჩართულობა ამ პროცესში, მათ აქტიურად უნდა იმუშაონ პაციენტებთან პროგრამის მნიშვნელობის და მედიკამენტური მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე.
„დღეს მომეცა შესაძლებლობა კახეთის რეგიონის ექიმებისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის სიახლეები გამეცნო და მათი მოსაზრებები მომესმინა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ .
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად; საპენსიო ასაკის მოქალაქეები; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე; ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.
პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს
შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და კახეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.