კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
თარიღი: 31/01/2020
„საქართველოს აქვს გამოცხადებული მზადყოფნა კორონავირუსთან ბრძოლის და პრევენციის მხრივ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიღწეულია გარკვეული შეთანხმება ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ.
„ჩვენ ვართ სრულიად მობილიზებული და მზად ვართ მივიღოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ წუთისათვის არიან ჩინეთში და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ვმართოთ ვირუსი. თურქეთის რესპუბლიკიდან სულ ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათი თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით აფრინდა, რითიც შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და განაცხადეს თანხმობა ევაკუაციის შესახებ, გადმოფრინდებიან თურქეთში და იქ გაივლიან კარანტინის პერიოდს. ევაკუაციაზე თანხმობა განაცხადა საქართველოს ოთხმა მოქალაქემ, თუმცა დაგვიკავშირდა რამდენიმე ქართველი ტურისტიც, რომელიც ჩინეთში იმყოფება და მათ მიმდინარეობს მოლაპარაკება,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თერმული სკრინინგის გარდა, თბილისის აეროპორტში, მგზავრები თბოკამერითაც მოწმდებიან.
ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მათი კოორდინაციით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხორციელდება ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საფრანგეთი და თურქეთი თანახმაა, რომ თუ ისინი მოახდენენ თავისი მოქალაქეების ევაკუაციას საქართველოს მოქალაქეებიც გამოიყვანონ. ალექსანდრე ღვთისიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო, ჩინეთში მყოფ ქართველებთან მუდმივ კავშირზეა.
„ეს არის ის ხალხი, რომლებიც არიან რეგისტრაციაზე დამდგარი ჩვენს საელჩოში ან დარეკეს საქართველოს საელჩოში და თავისი თავის იდენტიფიცირება მოახდინეს. ხდება მათთან კომუნიკაცია და მათი გაფრთხილება, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ავიაკომპანია წყვეტს პირდაპირ მიმოსვლას ჩინეთთან და რომ არ გამორჩეთ ეს სიახლე და თუ ამის სურვილი ექნებათ, დაბრუნდნენ დროულად", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არაა ნუ განახორციელებენ ვიზიტს ჩინეთში. ავთანდილ თალაკვაძე ნებისმიერ ვირუსთან დაკავშირებით, საზოგადოებას ზოგად რეკომენდაციებსაც აძლევს. მისი თქმით, ვირუსის თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია სივრცის ხშირი განიავება, ხელების სადეზინფექციო საშუალებებით დაბანა და იმ შემთხვევაში თუ ვირუსი გიფიქსირდებათ პირბადის ტარება სხვასთან კომუნიკაციის დროს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსის მოადგილის ალექსანდრე გაჩეჩილაძის, თქმით საქართველოში მფრენი ავიაკომპანიები, მათი თხოვნის საფუძველზე, მგზავრთა მოგზაურობის ისტორიის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ახდენენ.
„დიდი ხანია ეთხოვათ საქართველოში მფრენ ავიაკომპანიებს, რომ მოახდინონ მგზავრების იდენტიფიცირება მათი საწყისი პუნქტიდან გამომდინარე და შესაბამისი უწყებებს, მუდმივ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას იმ მგზავრების შესახებ, რომლებიც ჩინეთიდან გამოფრინდნენ. ასევე ეთხოვათ ჩარტერული და ბიზნეს ფრენების განმახორციელებელ კომპანიებს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვის უწყებისთვის. ამასთანავე ავიაკომპანიები მგზავრებს აწვდიან სპეციალურ ფორმას, სადაც ისინი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავსებენ და წარადგენენ საქართველოს სასაზღვრო პუნქტში, რაც მათ შესახებ უფრო მეტი ინფორმაციას შევსების საშულებას იძლევა.“