Plasmon
კრიო აბლაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში
კრიო აბლაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში

კრიო აბლაციის პროცედურა გულში არითმიების კერების გაყინვას გულისხმობს და მისი საშუალებით ყველა ტიპის არითმიისგან განკურნებაა შესაძლებელი
თარიღი: 29/06/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტროფიზიოლოგიური – არითმოლოგიის ცენტრის ,,რიტმარტის’’ პრეზენტაციას დაესწრო და არითმიის სამკურნალო ახალი აპარატურა დაათვალიერა. კრიო აბლაციის პროცედურა გულში არითმიების კერების გაყინვას გულისხმობს და მისი საშუალებით ყველა ტიპის არითმიისგან განკურნებაა შესაძლებელი. 

ზაზა სოფრომაძემ პროექტის განხორციელებაში საყოველთაო ჯანდაცვის როლი გამოჰყო. „ეს ყველაფერი მოხდა ჯანდაცვის სისტემის სწორი და გამართული მუშაობით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა კლინიკას აძლევს საშუალებას, გაფართოვდეს და შეიძინოს ახალი აპარატურა, რაც თავის მხრივ, პაციენტების თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობის საშუალებას იძლევა,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

არითმიების ამ მეთოდით მკურნალობა ევროპასა და აშშ-ში აპრობირებული მეთოდია. ამიერკავკასიაში კი, კრიო აბლაციის პროცედურა პირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება ხელმისაწვდომი. ერთი ოპერაციის ღირებულება 15000 ლარს შეადგენს, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ჯგუფისთვის მომსახურება ფინანსდება. 

დღესვე, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა ჯანდაცვის სისტემის ერთიან ელექტრონულ ველში ჩაერთო.

ახალი ცენტრის პრეზენტაციას ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.