მედიკამენტები 40%-ით გაიაფდება
თარიღი: 11/11/2022
ზურაბ აზარაშვილი - „ისტორიული გადაწყვეტილება - მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრა, დაახლოებით 40% -ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს“
„ისტორიული გადაწყვეტილება - ეს ეხება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრას. ცვლილება, ჩვენი საპროგნოზო გათვლებით, დაახლოებით 40% -ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს“ , - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წამლის კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები, პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება. რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.
„რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს შეეხება. დაახლოებით, განსაზღვრულია 1100 დასახელების მედიკამენტი. შემდეგი ეტაპი იქნება, რეფერენტული ფასის, ყველა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტზე დაწესება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა ასევე იმ ცვლილებებს გაუსვა ხაზი, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად შევამციროთ მედიკამენტებზე დანახარჯები. აქტიურად დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება. დავიწყეთ ელექტრონული რეცეპტებით, შემდეგ გენერიკებით, ასევე გავხსენით თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც, დღევანდელი ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 100 მილიონი ლარის დაზოგვა მოახერხა მოსახლეობამ“, -აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.