პაატა იმნაძე - მენინგოკოკცემიის ვაქცინა სახელმწიფო პროგრამაში არ არის
თუკი ადამიანს დასჭირდა ეს ვაქცინა, მიმართავს კერძო სექტორს და შეიძენს
თარიღი: 23/01/2018
პაატა იმნაძე - მენინგოკოკცემიის ვაქცინა სახელმწიფო პროგრამაში არ არის - თუკი ადამიანს დასჭირდა ეს ვაქცინა, მიმართავს კერძო სექტორს და შეიძენს
მენინგოკოკცემიის ვაქცინა სახელმწიფო პროგრამაში არ არის, თუმცა არის კერძო სექტორში. ვისაც დასჭირდება უნდა მიმართოს კერძო სექტორს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, კონკრეტულად მენინგოკოკცემიის ვაქცინა არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების სახელმწიფო პროგრამაშიც არ არის შეტანილი.
„მენინგოკოკცემიის ვაქცინა სახელმწიფო პროგრამაში არ არის. ასეა ევროპის ქვეყნებშიც, ანუ იქაც არ არის სახელმწიფო პროგრამაში შეყვანილი, მაგრამ თუკი დასჭირდა ადამიანს მენინგოკოკცემიის ვაქცინა, მიმართავს კერძო სექტორს და ამგვარად შეიძენს. რაც შეეხება სტატისტიკას, ინგლისში ავადობა ასჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან. როგორც იცით, ვაქცინას იმიტომ იკეთებს ადამიანი, რომ არ დაემართოს ესა თუ ის დაავადება. ხოლო ვისაც უნდა კონკრეტულად მენინგოკოკცემიის ვაქცინების გაკეთება, წინაწარ უნდა შეუკვეთოს კერძო სექტორს, ისინი ჩამოუტანენ, ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში, კი დაავადება არ დაემართება. ხოლო ვინც დაავადებულია, მათ დროულად დაწყებული მკურნალობა შველით. არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელიც იმის მიხედვით არის გათვლილი, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში. ჩვენთან, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ეს არის ძალიან იშვიათი დაავადება. ჩვენთან სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია პნევმოკოკური ვაქცინა, ასევე სხვა ვაქცინები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ იაშვილის კლინიკაში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, ბიჭი თავდაპირველად მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში იქნა მოთავსებული, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 18 იანვარს გარდაიცვალა.
http://www.interpressnews.ge/