პარამედიკოსების მე-5 ჯგუფის მომზადება დასრულდა
თარიღი: 16/03/2019
პარამედიკოსების მე-5 ჯგუფის მომზადება დასრულდა
პარამედიკოსების მე-5 ჯგუფის მომზადება დასრულდა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა. პარამედიკოსები გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის მომზადდნენ, რის შემდეგაც ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში გაიგზავნებიან და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებენ.
ამ დრომდე, პარამედიკოსთა ხუთი ჯგუფია მომზადებული და ახალი ნაკადის მიღება გრძელდება. აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩევიან, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედის. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა უტარდებათ, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სერტიფიკატები გადაეცემათ და სასწრაფოს რაიონულ სამსახურში ნაწილდებიან.
პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.