Plasmon
საჭიროა, თუ არა საქართველოში რემდესივირის შემოტანა
საჭიროა, თუ არა საქართველოში რემდესივირის შემოტანა


თარიღი: 11/12/2020

ბოლო პერიოდში რამოდენიმე ექიმი (ქ-ნი მაია ბუწაშვილი, ბ-ნი გიორგი კამკამიძე,  ბ-ნი გიორგი კანდელაკი), რომელთაც პირადად არცერთი ჰოსპიტალიზებული COVID პაციენტი არ ჰყავთ გატარებული, აგრეთვე რამოდენიმე ქართველი ექიმი, რომლებიც უცხოეთში საქმიანობენ  (ქ-ნი თამარ ჟამურაშვილი, ბ-ნი ზურაბ გურული) ითხოვენ, რომ საქართველომ არ შეიძინოს COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი რემდესივირი, რამდენადაც ამ უკანასკნელმა ჯანმოს მიერ ჩატარებულ კვლევაში „Solidarityარ უჩვენა სარწმუნო ეფექტიანობა.

ბუნებრივია, ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი დადებითი ან უარყოფითი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ გასაკვირია, თუ რა დაჟინებით ითხოვენ ისინი ამას და ლამის დანაშაულად გვითვლიან ქვეყანაში იმ მედიკამენტის საცდელი პარტიის შემოტანას,  რომლის გამოყენებასაც დღესაც რეკომენდაციას აძლევს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წამყვანი ქვეყნის და ინსტიტუციის უახლესი გაიდლაინი (ჯანმოს ზემოთაღნიშნული კვლევის გარდა) და რომელიც დღესაც (ჯანმოს კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც კი) ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.

ასე მაგალითად, COVID-19-ით პაციენტებში რემდესივირის გამოყენებას რეკომენდაციას აძლევენ:
1. ამერიკის FDA (22 ოქტომბერი) - მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული სტრუქტურა ამა თუ იმ მედიკამენტის გამოყენება-არგამოყენების თაობაზე. https://www.fda.gov/news-events/press-announcements/fda-approves-first-treatment-covid-19 

2. ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის (NIH) გაიდლაინი (3 დეკემბერი) (მსოფლიოს უძლიერესი და ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი, რომლის დირექტორია Anthony Fauci) https://www.covid19treatmentguidelines.nih.gov/therapeutic-management/


3. ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების (IDSA) გაიდლაინი
(22 ნოემბერი) https://www.idsociety.org/practice-guideline/covid-19-guideline-treatment-and-management

4. გერმანიის გაიდლაინი (23 ნოემბერი) https://www.awmf.org/uploads/tx_szleitlinien/113-001l_S2k_Empfehlungen_station%C3%A4re_Therapie_Patienten_COVID-19_2020-11.pdf
და კიდევ ძალიან ბევრი სხვა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

ჩვენ სპეციალურად დავუკავშირდით ამერიკის და ევროპის რამოდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისში, გერმანიაში, დანიაში და ა.შ., წამყვან სპეციალისტებს (ჩვენს პარტნიორებს), მათ შორის NIH-ის გაიდლაინის ავტორს - Roy Gulick-ს და ვთხოვეთ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრება. უკლებლივ ყველა მათგანმა წერილობით გვაცნობა, რომ მათ ქვეყნებში და ინსტიტუტებში რემდესივირი ფართოდ გამოიყენება. ყველაზე ხშირი ფრაზები იყო „Remdesivir is standard treatment for hospitalized patients requiring oxygen”, “Remdesivir is broadly used”, “we do use Remdesivir for all patients admitted to hospital with need to oxygen” და სხვ.

გასაგებია, რომ რემდესივირი შესაძლოა არ იყოს იდეალური პრეპარატი და შესაძლოა მომავალში ის ამოღებულ იქნეს ხმარებიდან და ჩანაცვლდეს უკეთესი პრეპარატით, მაგრამ სადღეისოდ უკეთესი მედიკამენტი არ არსებობს და მას მთელი მსოფლიო იყენებს.  

ბუნებრივია ისმის კითხვა - ასეთ სიტუაციაში რატომ არიან ზემოთაღნიშნული ექიმები ასეთი კატეგორიული წინააღმდეგი, რომ რემდესივირი ხელმისაწვდომი იყოს ქართველი პაციენტებისთვისაც და ქართველ ექიმებს და პაციენტებს ჰქონდეთ არჩევანი, გამოიყენონ რემდესივირი, თუ არა.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი. ზემოთჩამოთვლილი ექიმები აღნიშნავენ, რომ საქართველოში რემდესივირის საცდელი პარტიის შემოტანა 400 ათასი ჯდება და ამ ფასად გაცილებით უკეთესია შევიძინოთ ხელოვნური სუნთქვის აპარატები. ამაზე პასუხი ცალსახაა - რემდესივირის საცდელი პარტიის შემოტანა ჯდება არა 400 ათასი ევრო ან დოლარი, არამედ 320 ათასი ლარი და ამ ფასად სულ რამოდენიმე ხელოვნური სუნთქვის აპარატის შეძენა იქნება შესაძლებელი, და შესაბამისად მათი შეძენა არაფერს შეცვლის, რამდენადაც ქვეყანას სადღეისოდ 2000-ზე მეტი ხელოვნური სუნთქვის აპარატი (მათ ნაწილს ე.წ. high flow-ს ფუნქციაც აქვთ) და ამის გარდა 500-მდე ცალკე ე.წ. high flow-ს (მაღალი ნაკადით ჟანგბადის მიწოდება) აპარატი აქვს, რაც სავსებით საკმარისია COVID ავადმყოფების დღევანდელი ძალიან გაზრდილი რაოდენობისთვისაც კი.

და ბოლოს, მინდა მივმართო ქ-ნ თამარ ჟამურაშვილს, რომელიც მუდმივად გვმოძღრავს ე.წ. high flow-ს მნიშვნელობაზე COVID-19-ით პაციენტებისათვის. ქ-ნო თამარ! დიდი მადლობა, მაგრამ გვინდა იცოდეთ, რომ საქართველომ ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა, რომ COVID-19-ით პაციენტებში გვხვდება ფილტვის ორი სახის დაზიანება (L და H ტიპები) და რომ უნდა გაფართოვებულიყო ე.წ. high flow მეთოდიკის გამოყენება და აუცილებელ მინიმუმამდე შემცირებულიყო ინტუბაციები. ეს ერთ-ერთი, თუმცა არაერთადერთი მიზეზია იმის, რომ საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები (0,92%) ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაზე გაცილებით ნაკლებია. უშუალოდ ჩვენი ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საქართველომ კარგა ხანია დაიწყო ე.წ. high flow ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვა (სულ ახლახანს დამატებით შემოვიტანეთ 500-მდე high flow-ს აპარატი). კლინიკების ნაწილი უკვე უზრუნველყოფილია ამ ტექნოლოგიით, ხოლო მოკლე ხანში ყველა კლინიკა იქნება უზრუნველყოფილი და რემდესივირის შემოტანა-არშემოტანა ამ პროცესზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.