Plasmon
აშშ-მ რესპუბლიკურ საავადმყოფოს  ჟანგბადის მაგენერირებელი აღჭურვილობა გადასცა
აშშ-მ რესპუბლიკურ საავადმყოფოს  ჟანგბადის მაგენერირებელი აღჭურვილობა გადასცა


თარიღი: 29/06/2021

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა რესპუბლიკურ საავადმყოფოს  ჟანგბადის მაგენერირებელი საამქრო გადასცა. აღჭურვილობის მეშვეობით შესაძლებელია 300 თერაპიული და 50 მძიმე რეანიმაციული პაციენტის მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადით მომარაგება.

გადაცემის ცერემონიალს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრო.

დიპლომატმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და აღნიშნა, რომ აშშ კვლავ განაგრძობს ქვეყნის დახმარებას, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში.

„ამერიკულმა მხარემ საქართველოს გადმოსცა ჟანგბადის მწარმოებელი აღჭურვილობა, რაც წარმოადგენს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიდან, ევროპის სარდლობისგან დონაციას. აღნიშნული აღჭურვილობით შესაძლებელია მაღალი კონცეტრირების ჟანგბადის გამომუშავება, რაც  მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია  იმისათვის, რომ დავეხმაროთ პაციენტებს ამ რთულ დაავადებას გაუმკლავდნენ.   აღნიშნული  გამიზნულია  ინფიცირებული პირების სიცოცხლის გადასარჩენად და დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა

ეკატერინე ტიკარაძემ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამედიცინო პერსონალს კოვიდით ინფიცირებული პაციენტების მართვაში, ხოლო თავად პაციენტებს კი გაუადვილებს დაავადებასთან ბრძოლას და თავიდან ააცილებს გართულებების რისკს.

პროექტი ხორციელდება აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის კოვიდ 19-თან საბრძოლველად გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მოცულობამაც 2020-2021 წლებში $1,000,000 მეტი შეადგინა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამინისტროსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს გადაეცა პირადი დაცვის საშუალებები და სხვადასხვა სახის სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიეწოდა ულტრა დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე საყინულეები ვაქცინების შენახვა/დასაწყობებისთვის.