Plasmon
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 100 000 ლარის ღირებულების საცხებ-საპოხ მასალას უსასყიდლოდ გადასცემს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 100 000 ლარის ღირებულების საცხებ-საპოხ მასალას უსასყიდლოდ გადასცემს


თარიღი: 10/09/2020

კოვიდ-19-თან ერთობლივი ბრძოლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია „თეგეტა მოტორსი“  უსასყიდლოდ  100 000 ლარის ღირებულის საბურავებსა და  საცხებ-საპოხ მასალებს გადასცემს.

მხარდაჭერის ფარგლებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს კომპანია „თეგეტა მოტორსი“, პარტნიორებთან ერთად, ფრანგული საავტომობილო ბრენდ  „მიშლენის“ საბურავებითა და ამერიკული საავტომობილო ბრენდ  „ექსონმობილის“ საცხებ-საპოხი მასალით უზრუნველყოფს.  

„კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების დაწყების დღიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბრძოლის პირველ ხაზზე იმყოფება. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდი „თეგეტა მოტორსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის“ - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის. მიმდინარე წელს, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ ცენტრს ასევე გადასცა უახლესი სპეცაღჭურვილობა ზამთრის კურორტზე გათვლილი ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილისთვის, რომლის განთავსებაც კურორტ „გოდერძიზე“ იგეგმება.