საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ სახის დამცავი ფარები გადასცა
თარიღი: 15/05/2020
დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 7,500 სახის დამცავი ფარი გადასცა. დამცავი აღჭურვილობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ.
UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი დომინიკ პაპენჰაიმი ცენტრის წარმომადგენლობას ეწვივნენ და მის დირექტორს ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდნენ. დამცავი ფარების გადაცემის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა საქართველოში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლასა და წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
მრავალჯერადი გამოყენების სახის დამცავი ფარები წარმოებულია საქართველოში გადამუშავებული პლასტიკური ბოთლებისგან ქართული კომპანიის CaucasPack მიერ ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით. ამ აღჭურვილობის მეშვეობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, უკეთ იქნებიან დაცული კორონავირუსის საფრთხისგან მათი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს.