Plasmon
2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო
2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო


თარიღი: 11/12/2018

2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა საექიმო სპეციალობებში ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო. მისი განცხადებით, მაძიებლები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერთიფიკატს აიღებენ.

„გამოცდაზე 1423 კურსდამთავრებული დარეგისტრირდა. ესენი არიან პირვნებები, რომლებმაც დაამთავრეს დიპლომამდელი განათლება. გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიენჭებათ რეიტინგული ქულები. ისინი ჩვენი მომავალი კოლეგები არიან და წარმატების შემთხვევაში აიღებენ სერთიფიკატს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაში. ეს გამოცდები წელიწადში ორჯერ ტარდება, გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე"  - განაცხადა ზაზა ბოხუამ. 

 

ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე 1423 მაძიებელი დარეგისტრირდა,  პროფილით „სამკურნალო საქმე“ – 1 077, სტომატოლოგია - 334, ლაბორატორიული მედიცინა - 22.

 

2018 წლის ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა ონლინე რეგისტრაცია 7 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. გამოცდები 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.  

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის, პროფილით „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“, საგამოცდო ტესტ-კითხვარები განახლდა.

 ასევე, განახლდა ტესტ-კითხვარები შემდეგ სპეციალობებში: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“,  „გადაუდებელი მედიცინა“, „ენდოკრინოლოგია“, „კარდიოლოგია“, „ლაბორატორიული მედიცინა“, „ნევროლოგია“, „რადიოლოგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, “თერაპიული სტომატოლოგია“ და „ფსიქიატრია“.

პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესიაზე საგამოცდო ბილეთში არასაჯარო (დაფარული) პაკეტიდან გათვალისწინებული იყო ტესტების 20% (40 ტესტი). სასერტიფიკაციო გამოცდებზე - 25% (50 ტესტი).