Plasmon
საქართველოში იაპონიის საელჩომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 რეანიმობილი გადასცა
საქართველოში იაპონიის საელჩომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 რეანიმობილი გადასცა


თარიღი: 28/01/2021

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ 4 ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა.

ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილები საქართველოს 4 სხვადასხვა რეგიონში: ოზურგეთში, ამბროლაურში, თელავსა და ზუგდიდში გადანაწილდება.

„დღევანდელი დღე ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა იაპონიის  მთავრობასა და საელჩოს. ახალი  რეანიმობილები  ოთხ სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება, რის შედეგადაც სამედიცინო მომსახურეობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მაღალი გამავლობის  სამედიცინო ავტომობილი პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ავტოპარკის განახლებაზე და ამისთვის დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს  60 ერთეული მანქანის დამატებაცაა დაგეგმილი“- განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

მოდერნიზებული რეანიმობილების გადაცემას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  იმამურა აკირა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ.

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის განცხადებით, ახალი რეანიმობილები სამედიცინო ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს .


“იაპონელი ხალხის მეგობრობის ნიშნად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს   4 მაღალი სტანდარტისა და გამავლობის  რეანიმობილი გადმოვეცით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში . როდესაც მწვავდება ქრონიკული დაავადებები განსაკუთრებით დიდი ასაკის ადამიანებში ,  რეანიმობილები შეამცირებს ლოდინის დროს და შესაბამისად - სიცოცხლის რისკს. იმედი მაქვს, იაპონიის ეს მხარდაჭერა განტვირთავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სისტემას.“-ამის შესახებ  საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა    იმამურა აკირამ განაცხადა.


შეგახსენებთ, რომ  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი გასულ   წელს  განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ ნაწილდება.