გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება
თარიღი: 31/03/2019
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება“ – ამ სახელწოდების სემინარი დღეს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გახსნა. მან პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საგანგებო სიტუაციების დროს, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფების როლი გამოჰყო.
„სამი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შევაფასებთ, როგორ შეუწყობს ხელს საგანგებო სიტუაციების დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების ჩართულობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას და მოვახდენთ იმ ძირითადი ნაბიჯების იდენტიფიკაციას, რაც აუცილებელია, ეროვნული და საერთაშორისო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შექმნისა და გაძლიერებისათვის. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის.“ - აღნიშნა თალაკვაძემ.
ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების ფორმირებისთვის ჯანდაცვის უწყების მზადყოფნაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ. „საქართველოში ეს ღონისძიება პირველად ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების როლი საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში და გავწეროთ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია მათი ფორმირებისა, თუ გაძლიერებისთვის,“ - განმარტა მან.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი ჯანდაცვის პერსონალის პროფესიონალებისგან შედგება და საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კლინიკური სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. პროგრამის შედეგად, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის ეროვნული და საერთაშორისო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების როლი განისაზღვრება და მათი ფორმირებისთვის აუცილებელი ნაბიჯები გაიწერება.
ღონისძიებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, ასევე ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ერთობლივი სემინარი დღეს გაიხსნა და 3 აპრილს დაიხურება.