შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაცია იწყება
საქართველო აივ ინფექცია/შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციას იწყებს
თარიღი: 30/08/2017
საქართველო აივ ინფექცია/შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა. პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის ეროვნულ საბჭოსთან ერთად განიხილეს. საბჭოს წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა უშუალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის, მელანი ტეილორისგან მოესმინათ ელიმინაციის ვალიდაციის პროცესის შესახებ პრეზენტაცია და მიეღოთ პროგრამის განხორციელებისთვის ქვეყნის მომზადების შესახებ რეკომენდაციები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნის ოფისმა და სტუმარმა ექსპერტებმა ელიმინაციის გეგმის მომზადებისა და მისი განხორციელების მონიტორინგის პროცესში ჩართულობაზე მზადყოფნაც გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სგგ ინფექციების, მათ შორის სიფილისის სავარაუდო გავრცელების შეფასების შესახებ, სამუშაო შეხვედრაც გაიმართა.
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამისა და გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ეფექტიანი განხორციელების შედეგად, წელს აივ ინფექცია/შიდსის ვირუსის დედიდან შვილზე გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ფაქტს, 2016 წელს, სავარაუდოდ, 13 ინფიცირებული ბავშვი დაიბადა. აღნიშნული მდგომარეობების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების და მათი პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია დედიდან შვილზე აივ ინფექცია/შიდსის და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რათა 2019 წლის ბოლოსთვის ქვეყანამ შეძლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილება.