Plasmon
კიდევ ერთხელ დედიდან შვილზე აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის ელიმინაციის თაობაზე
კიდევ ერთხელ დედიდან შვილზე აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის ელიმინაციის თაობაზე

საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე აივ ინფიცირებული ახალშობილის დაბადების საერთოდ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
თარიღი: 04/10/2017

კიდევ ერთხელ დედიდან შვილზე აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის ელიმინაციის თაობაზე

INFECTIOUS DISEASES, AIDS & CLINICAL IMMUNOLOGY RESEARCH CENTER·TUESDAY, OCTOBER 3, 2017

ელიმინაცია ამერიკის CDC-ის ოფიციალური განმარტებით: ინფექციის ახალი შემთხვევების (ინსიდენტობის) ნულამდე დაყვანა გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში. 

საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე აივ ინფიცირებული ახალშობილის დაბადების საერთოდ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

შესაბამისად ქვეყანაში დედიდან შვილზე აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის ელიმინაცია შესრულებულია. 

ჯანმოს მიდგომა ელიმინაციის განსაზღვრებასთან დაკავშირებით შედარებით შერბილებულია. გთავაზობთ ძირითად ინდიკატორებს და მათი შესრულების მდგომარეობას საქართველოში. 

 

· დედიდან შვილზე აივ ინფექციის გადაცემა ყოველ 100 ათას ცოცხალ ახალშობილზე უნდა იყოს 50 ან ნაკლები

საქართველოში ბოლო ათი წელია არცერთ ცალკე აღებულ წელს აივ ინფიცირებულ ახალშობილთა რიცხვი (100 ათას ახალშობილზე გადაანგარიშებით) 4-ზე მეტი არ ყოფილა, ხოლო ბოლო ორი წელიწადია (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ) საერთოდ არცერთი აივ ინფიცირებული ახალშობილი არ დაბადებულა. 

შესაბამისად, ეს ინდიკატორი მთლიანად შესრულებულია.  

 

· დედიდან შვილზე აივ ინფექციის გადაცემის მაჩვენებელი უნდა იყოს 5% ან ნაკლები ძუძუთი კვების მქონე ბავშვებში და 2% ან ნაკლები ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში. 

ინდიკატორი მთლიანად შესრულებულია, ვინაიდან ბოლო ორ წელიწადში არც ძუძუთი კვების და არც ხელოვნულ კვებაზე მყოფ ბავშვებში აივ ინფიცირების შემთხვევები დარეგისტრირებული არ არის. 

 

· აივ პოზიტიური ორსულების 90% ან მეტის მოცვა ანტირეტროვირუსული მკურნალობით

2007 წლის შემდეგ საქართველოში სულ გამოვლენილი 320 აივ ინფიცირებული ორსულიდან მკურნალობა (დედიდან შვილზე აივ ინფექციის გადაცემის პრევენციის მიზნით) ჩატარებული აქვს 300 ქალს და მათ ახალშობილებს (93.75%), ყველა მათგანს 100%-ნი შედეგით, კერძოდ: 2007 წლის შემდეგ ყველა იმ აივ ინფიცირებული დედისგან, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამით აივ/შიდსზე გამოკვლევა და შესაბამისი პრევენციული მკურნალობა ჩაიტარეს, არცერთი აივ ინფიცირებული ბავშვი არ დაბადებულა და ყველა ბავშვი დღემდე ჯანმრთელია. 

შესაბამისად ინდიკატორი მთლიანად შესრულებულია. 

 

· ორსულების აივ ინფექციაზე გამოკვლევით მოცვა 95% ან მეტი. 

მოცულია 94%-ზე მეტი. შესაბამისად, ინდიკატორი პრაქტიკულად შესრულებულია. 

ამდენად, საქართველოში დედიდან შვილზე აივ ინფექციის გადაცემის ელიმინაცია დე ფაქტო კარგა ხანია შესრულებულია. 

 

დედიდან შვილზე აივ ინფექცია/შიდსის და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის “ეროვნული საბჭოს” შექმნის თაობაზე მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ „საბჭო შედგება სამინისტროსა და NCDC-ის წარმომადგენლებისაგან, ასევე საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებენ დარგობრივი ექსპერტები“. როგორც ჩანს სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვენ შიდსის დარგის ექსპერტებათაც კი აღარ მიგვიჩნევს. საბჭოს წევრებად შეყვანილია საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის დერმატოლო-ვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგოთა ასოციაციის პრეზიდენტი, მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგოთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, რესპირატორული ასოციაციის პრეზიდენტი და ა.შ. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, საბჭოში არ არის წარმოდგენილი მხოლოდ საქართველოს შიდსის ასოციაცია (პრეზიდენტი - თენგიზ ცერცვაძე, ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი). 

შიდსის ცენტრის თანამშრომელთა განსაკუთრებული გულისტკივილი გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ შიდსი ჩვენთვის მხოლოდ პროფესია არ არის, ის ჩვენთვის მოწოდებაა, ცხოვრების წესია. 

ცენტრის თანამშრომელთა და აივ/შიდსით ინფიცირებულთა შორის ათეული წლების მანძილზე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ურთიერთობა. აივ ინფიცირებული ჩვენთვის მხოლოდ პაციენტი არ არის, ის ახლობელი ადამიანია, ჩვენი ოჯახის წევრია. ჩვენს შორის უდიდესი სითბო და სიყვარულია. 

შიდსის ცენტრის თანამშრომელთა ანგარიშზეა არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი,  ინოვაციური მიდგომები და უდიდესი მიღწევები, არამედ ათწლეულების მანძილზე თავდაუზოგავი შრომა, უძილო ღამეები, პაციენტებზე, მათ შორის აივ ინფიცირებულ ორსულებზე ზრუნვა და მათი მოვლა, სტიგმის და დისკრიმინაციის დაძლევა. კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც მედიცინის მუშაკთა დიდი უმრავლესობა უარს ამბობდა აივ ინფიცირებულების მომსახურეობაზე, ხოლო აივ ინფიცირებული ორსულებისგან მშობიარობის მიღებას მხოლოდ ერთი - მეხუთე სამშობიარო თემქაზე და მხოლოდ ერთი მეან-გინეკოლოგი - ბ-ნი პაატა ჟორჟოლიანი თანხმდებოდა.  

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულის შედეგია, რომ იმ უმძიმესი პირობების მიუხედავად, რომელშიც შიდსის ცენტრს უკვე წლების მანძილზე უწევს მუშაობა, ქვეყანამ თავიდან აიცილა აივ/შიდსის ფართემასშტაბიანი ეპიდემია მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით. საქართველო ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში და ერთადერთი აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც უკლებლივ ყველა აივ ინფიცირებული (CD4 ლიმფოციტების და სტადიისგან დამოუკიდებლად), მათ შორის ორსული, იღებს მკურნალობას, რის შედეგადაც აივ/შიდსით ავადმყოფთა გადარჩენის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. საქართველოში აივ/შიდსით ავადმყოფები არამარტო დიდხანს ცოცხლობენ, არამედ სრულფასოვნად არიან ინტეგრირებული ყოველდღიურ ყოფაში ცხოვრების მაღალი ხარისხით. აივ ინფიცირებულები ქორწინდებიან, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ბედნიერად ცხოვრობენ. ყველაფერ ამას პირველ რიგში შიდსის ცენტრი უზრუნველყოფს და არა ის 26-კაციანი „ეროვნული საბჭო“, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნა და რომელსაც შიდსთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია. 

ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social...

 

National Center for Disease Control & Public Health,...