სისხლის დონორის მსოფლიო დღე, 2018 წ “გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”
თარიღი: 14/06/2018
ყოველწლიურად, 14 ივნისს, აღინიშნება სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღეს. ეს დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
2018 წლის სისხლის დონორთა მსოფლიო დღის კამპანიის თემაა “გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმ იდეაზე, რომ ყველა ჩვენთაგანს სისხლის გაღებით შეუძლია სიცოცხლე აჩუქოს სხვა ადამიანებს და მოუწოდებს პოტენციურ დონორებს ნებაყოფლობით და რეგულარულად გაიღონ სისხლი. სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა უზრუნველყოფს მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის გა¬ხანგრძლივებისა და ხარისხის გაუმჯობესებაში, რთული სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში. მნიშვნელოვანია დედა¬თა და პერინატალური დახმარების კუთხით.
14 ივნისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ასათიანის ქ. # 9, საკონფერენციო დარაბზი), 13 სთ-ზე დაგეგმილია სისხლის უანგარო დონორობის მხარდამჭერი აქცია, სადაც სისხლს ჩააბარებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და დონორობის მსურველი ნებისმიერი მოქალაქე;
„უსაფრთხო სისხლის“ 2018 წლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს 15 სისხლის ბანკი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სისხლის ბანკებთან თანამშრომლობით 2011-2017 წწ. უანგარო დონაციათა რაოდენობა 8.7 %-იდან 28 %-მდე გაიზარდა.
რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?
• სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.
• სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა არის სისხლის ჩაბარება.
• სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების და ორგანოების გადანერგვის დროს.
• ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება იხსნათ სამი ადამიანის სიცოცხლე. • სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.
• სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია და სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა.
• იცით, რომ სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადაა 42 დღე?
• თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე.
• ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.
• სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო, უმტკივნეულო პროცესია და მაქსიმუმ 1 საათს საჭიროებს.
• დონორული სისხლის ყოველი ერთეულიდან მზადდება 3 კომპონენტი - ერითროციტული მასა, პლაზმა და თრომბოციტული მასა, რაც ნიშნავს, რომ ერთი დონორის სისხლი შეიძლება გამოყენებული იქნას 3 სხვადასხვა პაციენტისათვის.
• სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის.
• სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.
• დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ჰეპატიტებზე და შიდსის ვირუსზე.
• სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან. იმისათვის, რომ ჩააბაროთ სისხლი: • უნდა იყოთ 18-დან 65 წლამდე ასაკის;
• უნდა იყოთ 50 კგ-ზე მეტი წონის; •
სისხლის ჩაბარებისას თავს უნდა გრძნობდეთ კარგად;
• უნდა იყოთ ნასაუზმევი;
• სისხლის ჩაბარებამდე უნდა მიიღოთ 0.5 ლ-მდე უალკოჰოლო სითხე; სისხლს ვერ ჩააბარებთ, თუ:
• ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ საინექციო ნარკოტიკული საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე;
• გადატანილი გაქვთ ჰეპატიტი B ან C, აივ ინფექცია/შიდსი ან სიფილისი; ბოლო ერთი წლის განმავლობაში:
• გადატანილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია; • გქონიათ სქესობრივი კავშირი ვინმესთან, ვისაც ჰქონია B ან C ჰეპატიტი, აივ ინფექცია/შიდსი, სიფილისი;
• გაკეთებული გაქვთ ტატუ, პირსინგი, აკუპუნქტურა; • გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა;
• გაკეთებული გაქვთ ნემსი ექიმის დანიშნულების გარეშე; • გქონიათ კონტაქტი ვინმეს სისხლთან;
• გქონიათ სქესობრივი კავშირი ფულის ან ნარკოტიკების სანაცვლოდ;
• ბოლო 3 თვის განმავლობაში:
• მანიკური ან პედიკური სილამაზის სალონში (საერთო ინსტრუმენტებით);
• ჩაგიტარებიათ სტომატოლოგიური ქირურგიული მანიპულაცია (კბილის ამოღება);
• ხმარობთ საერთო ჰიგიენურ საშუალებებს (საპარსი, კბილის ჯაგრისი); o ქალებს: გაგიკეთებიათ აბორტი; ხართ ან ბოლო 3 თვის მანძილზე ყოფილხართ ორსულად;
• სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა.
• ყველაზე საამაყო და საპატიოა სისხლის უანგარო რეგულარული დონორობა.
• ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.
უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სისხლის ბანკები
1. შპს “უნიმედი აჭარა“ ქ. ქუთაისი,ი. ჯავახიშვილის 85
2. სს "ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტი" ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 22
3. შ.პ.ს. "ჰემა-2012" ბათუმი, ა. პუშკინის N162
4. შ.პ.ს. "სისხლის ბანკი" ქ. თბილისი, ლუბლიანის 2/6
5. ააიპ "ჯოენის სამედიცინო ცენტრი" ქ. თბილისი, ლუბლიანის 21
6. შ.პ.ს. "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური" ქ. თბილისი, უზნაძის 45
7. შ.პ.ს. "გორმედი" ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი 14
8. შ.პ.ს. "ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი" ქ. ქუთაისი, ვარლამაშვილის 5
9. შ.პ.ს. "ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა" ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის 237
10. შ.პ.ს. "ნაციონალური სისხლის ბანკი" ქ. რუსთავი, ლომოურის ქუჩის დასავლეთით მიმდებარე ტერიტორია
11. სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი "ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი" ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. 206
12. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სისხლის ბანკი ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. 56
13. შპს "უნიმედ აჭარა" (ბათუმი) ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ.N125
14. შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა ქ. თბილისი, წინანდლის ქ. 9, ნაკვეთი 01/066
15. შპს "ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი", ქ. თბილისი, ქავთარაძის ჩიხი N4