დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სოლარიუმი არ გამოიყენონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, საერთოდ არ გამოვიყენოთ სოლარიუმი, განსაკუთრებით 35 წლამდე
თარიღი: 18/07/2017
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სოლარიუმი არ გამოიყენონ. ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სოლარიუმში სიარულისგან განსაკუთრებით 35 წლამდე მომხმარებლებმა შეიკავონ თავი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა
დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ ”ინტერპრესნიუსს” სოლარიუმის მოხმარებისას არსებული რისკები განუმარტა.
მისი თქმით, სოლარიუმის 35 წლამდე მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ გაცილებით მეტი რისკი აქვს განუვითარდეს მელანომა, კანის კიბო და თვალის სხვადასხვა დაავადება. მისივე განმარტებით, მელანომა არის კანის კიბოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ძალიან მწვავეა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ღია ფერის კანისა და ღია ფერის თვალის მქონე ადამიანები.
”დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, საერთოდ არ გამოვიყენოთ სოლარიუმი, განსაკუთრებით 35 წლამდე. კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ, რომ სოლარიუმში არასრულწლოვანი მოხვდეს. რაც შეეხება ზრდასრულს, 35 წლამდე სოლარიუმის მოხმარება სერიოზულად ზრდის კანის კიბოს და მელანომის, ასევე, თვალის დაავადებების რისკს. თუ მაინც აპირებს ადამიანი სოლარიუმში მისვლას, უნდა დაყოვნდეს ძალიან მცირე დროით. ხუთ წუთზე მეტი ხნით არ უნდა დარჩეს, გარკვეული შუალედები უნდა დაიცვას და დრო ეტაპობრივად გაიზარდოს. თუ მაინცდამაინც საჭიროა რუჯი, ყველას ჯობია, იყოს მზის სხივებზე. მიიღეთ ჯანსაღი რუჯი დილის 11 საათამდე და საღამოს 18:00 საათის მერე. მზის ქვეყანაში სოლარიუმის გამოყენება, არ არის მიზანშეწონილი”, - აღნიშნა ლელა სტურუამ.
მისივე ინფორმაციით, ზოგიერთ ქვეყანაში სოლარიუმის მოხმარება არასრულწლოვნებში ან 35 წლამდე აკრძალულია. ასეთ ქვეყნებში საკითხი კანონმდებლობით კონტროლდება და ისევე როგორც, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში, სოლარიუმშიც მომხმარებლის ასაკით ინტერესდებიან.