თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემა - თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემა – არტერიული ჰიპერტენზია
საუბრობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, არაგადადმდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი, ქალბატონი დალი ტრაპაიძე
თარიღი: 22/05/2018
გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”
11 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, არაგადადმდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი, ქალბატონი დალი ტრაპაიძე სტუმრობდა, რომელმაც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე – არტერიულ ჰიპერტენზიაზე ისაუბრა.
– ქალბატონო დალი, ე.წ. მაისის გაზომვების თვე, რომელშიც 100-მდე ქვეყანა, მათ შორის საქართველოც მონაწილეობს, ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერაა ინიცირებული. საინტერესოა, კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნული ღონისძიება?
– 2017 წელს ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ინიცირებულ იქნა გლობალური კამპანია – მაისის გაზომვების თვე, რომელშიც ჩვენი ორგანიზაციაც სიამოვნებით ჩაერთო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრი. ახალ ინიციატივას ჩვენს მუდმივ კოლაბორანტთან – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად შევუერთდით, რეგიონალური ქსელის გამოყენებით კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით გავაფართოვეთ და საკმაოდ კარგ შედეგსაც მივაღწიეთ. ინფორმაცია ხელმისაწვდომი ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს განვიხილოთ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა ჰიპერტენზიის სკრინინგის სტანდარტული კითხვარით განხორციელებული კვლევის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ კამპანიაში მონაწილებისთვის ინტერვიუერი არ იყო ვალდებული ჰქონოდა სამედიცინო განათლება, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, რომ გასულ წელს ჩვენს ღონისძიებაში 500-მდე მოიხალისე ექიმი გაერთიანდა. გარდა გარდა ამისა, მაქსიამლურად გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა და სკრინინგის აქციაში საგანმანათლებლო ინტერვენციაც ჩავრთეთ.
– თქვენი აზრით, რამდენად უწყობს ხელს ამგვარი კამპანიები მოსახლეობის ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას?
– ამგვარი ღონისძიებების მთავარი მიზანი სწორედ მოსახლეობის გათვითცნობიერებაა, ამიტომ ჩვენც ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საგანმანათლებლო აქტივობებს. წელს, განსაკუთრებით აქტუალურია ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია, რადგან დაავადების პრევენცია სახელმწიფოს პრიორიტეტად იქცა და ჯანდაცვის სამინისტროც უამრავი ღონისძიების მოწყობას გეგმავს. ჩვენი აქცია წნევის გაზომვას ითვალისწინებს სხვადასხვა ორგანიზებულ პოპულაციებში – მსხვილი სავაჭრო ცენტრებით დაწყებული, მასობრივი თავშეყრის ადგილებითა და დაწესებულებებით დასრულებული. ძალიან საინტერესო კამპანიის გამართვას ვაპირებთ მაისის ბოლოს აჭარაში პირველადი ჯანდაცვის ქსელის განათლების თვალსაზრისით, რაც ჰიპერტენზიის რისკების განსაზღვრასა და ხანგრძლივი მკურნალობის მეთოდების გაცნობას ითვალისწინებს.
– არტერიული ჰიპერტენზიის მიმართ რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება ხშირად ძალიან სუბიექტური და დილეტანტურია. საინტერესოა, კონკრეტულად რას ნიშნავს არტერიული ჰიპერტენზია, როგორია ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები მსოფლიოში და რა სტატისტიკა გვაქვს საქართველოში?
– არტერიული ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ძირითადი რისკფაქტორია, არანაკლებ პრობლემურია სისხლძარღვოვანი გართულებები – თავის ტვინის ინსულტი და უეცარი სიკვდილი, თირკმლის ქრონიკული დაავადება, მხედველობის პრობლემები და მრავალი სხვა. არტერიული ჰიპერტენზია განსაკუთრებით აქტუალურია დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, სადაც სულ მცირე 7 მლნ. ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. მეტწილად ჰიპერტენზია ასიმპტომურად იწყება და ხშირად ჩუმ მკვლელსაც უწოდებენ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების პროგნოზირება, რათა მანამდე დაიწყოს მკურნალობა, სანამ ე.წ. სამიზნე ორგანოები – გული, თავის ტვინი და თვალები დაზიანდება. ძალიან საინტერესო კვლევა ჩავატარეთ აჭარაში და აღმოვაჩინეთ, რომ როგორც ინსულტის, ისე ინფარქტის და უეცარი სიკვდილის მიზეზი სწორედ ცუდად ნამკურნალები ჰიპერტენზიაა. მართალია, დაავადება ქრონიკულია, მაგრამ სწორად შერჩეული მკურნალობა, ასევე პაციენტისა და ექიმის პარტნიორული ურთიერთობა წარმატებული შედეგის მთავარი გარანტორია.
– არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას პაციენტი ახლობლებს უფრო მიმართავს რჩევისთვის, ვიდრე ექიმს. რამდენად მძიმე შეიძლება იყოს თვითმკურნალობის შედეგები?
– თუ ევროპაში პრეპარატის შეცვლის მიზეზი გვერდითი მოვლენებია, მაშინ საქართველოში მედიკამენტის ხშირად შეცვლის ან წყვეტილობის მთავარი ფაქტორი თვითმკურნალობაა. ხშირად პაციენტი ფიქრობს, რომ ექიმის დანიშნულება არაეფექტურია, რადგან არ იცის, რომ პრეპარატს გარკვეული დრო სჭირდება ამოქმედებისთვის და ახლობლების რჩევით დაუფიქრებლად იცვლის პრეპარატს. ერთი მედიკამენტით იწყებს თვითმკურნალობას, მერე კი, კომბინირებულ მკურნალობაზე გადადის, ანუ თვითნებურად ზრდის ან ამცირებს პრეპარატის დოზას. სინამდვილეში, ჰიპერტენზიის შეფასება, ადრეული გამოვლენა და რისკების დადგენა, მერე კი, მკურნალობის დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა, მასთან უნდა შეთანხმდეს ნებისმიერი ცვლილებაც – დოზის შემცირების ან მომატების ჩათვლით.
– როგორი უნდა იყოს ნორმალური არტერიული წნევა?
– საქართველოში არსებული ეროვნული გაიდლაინის და კლასიფიკაციური სტრუქტურის გათვალისწინებით, 140/90 და ზევით უკვე მომატებულ წნევად ითვლება.
– რა შემთხვევები მიიჩნევა არტერიული ჰიპოერტენზიის რისკ-ფაქტორებად და რამდენად სახიფათოა დაავადება ორსულობის პერიოდში?
– ქცევით რისკ-ფაქტორებად თამბაქოსა და ალკოჰოლის, ასევე მარილის ჭარბი მოხმარება, ზედმეტი კილოგრამები და წონის მომატება ითვლება, ჰიპერტენზიის დამოუკიდებელ რისფაქტორადაა მიჩნეული შფოთვა და დეპრესიაც. რაც შეეხება ორსულობას – აღსანიშნავია, რომ თუ ქრონიკული ჰიპერტენზიის მქონე ქალბატონი დაგეგმავს დაორსულებას, უნდა იცოდეს, რომ წნევის დამწევ პრეპარატთა უმეტესობას ტერატოგენული და ფეტატოქსიური ეფექტი აქვს, რაც ნეგატიურად აისახება ნაყოფზე, ამიტომ აუცილებლად ადრე უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად შეიცვალოს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი.
– რა შესაძლებლობები აქვს პირველადი ჯანდაცვის რგოლს არტერიული ჰიპერტენზიის მართვის თვალსაზრისით?
– ქრონიკული არაგადადმდები დაავადებების წარმატებით მართვისას განსაკუთრებული როლი სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლს ენიჭება, რადგან პაციენტები ყველაზე ხშირად სწორედ მაღალი წნევის ჩივილებით მიმართავენ ექიმებს, რომელთა ვალია პაციენტის ნდობის მოპოვება, რისკების შესახებ ინფორმირება და დარწმუნება – ჩაერთოს ჰიპერტონზიის მკურნალობის ხანგრძლივ პროცესში, არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. ტიტრაციული ვიზიტები, რაც პრეპარატის დანიშვნის შემდეგ პაციენტთან ხშირ კონტაქტს გულისხმობს, რადგან სასურველ შედეგამდე ანუ სამიზნე წნევამდე მისაღწევად საკმაოდ გრძელი გზის გავლა და ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარებაა საჭირო.
წყარო: www.fortuna.ge