Plasmon
ზამთრის ვირუსების მატების ფაზა
ზამთრის ვირუსების მატების ფაზა

მეორე კვირაა, ზამთრის ვირუსების მატების ფაზაში ვართ, თუმცა გრიპით ავადობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ წლებში
თარიღი: 18/12/2019

„მეორე კვირაა, ზამთრის ვირუსების მატების ფაზაში ვართ, თუმცა გრიპით ავადობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ წლებში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

მისი ინფორმაციით, დაავადებათა შემთხვევები ნაკლებია და გრიპი ჯერჯერობით კიდევ არ არის წამყვანი ვირუსი, თუმცა მატების პერიოდი სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება:

 

„ზამთრის დადგომასთან ერთად, მოდის ზამთრის ვირუსები. მატება დაწყებულია, უკვე ორი კვირაა, თუმცა ავადობის მაჩვენებელი ჯერჯერობით, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო შარშან და შარშანწინ. ჰოსპიტალიზაცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გასულ წლებში. გრიპი ჯერ არ არის წამყვანი ვირუსი, თუმცა უკვე მისი სამივე ქვეტიპი გამოჩნდა, – წამყვანი B ტიპის ვირუსია, ცირკულირებს ასევე, H1 და H3  ტიპის გრიპის ვირუსი. თუმცა წამყვან ვირუსად ჯერჯერობით, რჩება რინობირუსი, ანუ უფრო სურდოთი, გაცილებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსი. გარდა რინოვირუსისა, ასევე ცირკულირებს რესპირატორული ვირუსი, ადენოვირუსები და ენტეროვირუსები, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

 

მისივე განმარტებით, ნებისმიერი ტიპის ვირუსი შეიძლება გართულდეს და გამოიწვიოს მძიმე მდგომარეობა, მით უფრო ბავშვებში:

 

„შეიძლება რესპირატორული ვირუსიც ძალიან მძიმედ წავიდეს და პატარა ბავშვებში ცრუ-კრუპის სინდრომიც გამოიწვიოს. თუმცა როცა Be ტიპის ვირუსია წამყვანი, ის უფრო ნაკლებად ფართოდ ვრცელდება. H ტიპის ვირუსს ახასიათებს უფრო ფართო გავრცელება, თორემ ისე ყველა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მიმდინარეობა, გართულება. ამიტომაც, მთავარია, რომ როდესაც ბავშვს აქვს ტემპერატიურა 24 საათის განმავლობაში 38,5- ზე მეტი, აუცილებლად  ნახოს ექიმმა. გართულება შეიძლება ნებისმიერი ტიპის ვირუსის დროს განვთარდეს,“- აცხადებს პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარში“

 

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მატების პერიოდი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, გრიპის ფართოდ გავრცელებას და სიტუაციის გართულებას არ ველოდებით.  

 

წყარო: მედიაცენტრი მთავარი