ბელარა / Belara


1. სამკურნალო საშუალების დასახელება
ბელარა, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 0.03მგ/2მგ

2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 0.030 მგ ეთინილესტრადიოლს და 2 მგ ქლორმადინონის აცეტატს (რაც შეესაბამება 1.71 მგ ქლორმადინონს).

დამხმარე ნივთიერება: 69.5 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატი. 
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6.1.

3. წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
მრგვალი, ღია ვარდისფერი, ორმხრივამობურცული ტაბლეტი, აპკიანი გარსით დაფარული.

4. კლინიკური მახასიათებლები
4.1. გამოყენების ჩვენებები.
ჰორმონული კონტრაცეპცია.

4.2. გამოყენების წესი და დოზები
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დოზირება

აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი მიიღება ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს (უმჯობესია საღამოს) 21 დღის განმავლობაში, შემდეგ საჭიროა 7-დღიანი შესვენება; ბოლო ტაბლეტის მიღებიდან ორი-სამი დღის შემდეგ ვითარდება “მოხსნით” გამოწვეული მენსტრუალური სისხლდენის მსგავსი სისხლდენა. შვიდდღიანი შესვენების დასრულების შემდეგ პრეპარატის მიღების დაწყება უნდა მოხდეს შემდეგი კოლოფიდან, მიუხედავად იმისა, შეწყდება თუ არა სისხლდენა.

ბლისტერის შეფუთვიდან ამოიღეთ კვირის შესაბამისი დღით მონიშნული ტაბლეტი და მთლიანად გადაყლაპეთ, აუცილებლობისას მიაყოლეთ მცირე რაოდენობით წყალი. ტაბლეტების მიღება აუცილებელია ყოველ დღე, ისრით მითითებული მიმართულებით.

ტაბლეტების მიღების დაწყება
როდესაც ადრე არ გამოგიყენებიათ ჰორმონული კონტრაცეპტივები (ბოლო მენსტრუალური ციკლის განმავლობაში)

პირველი ტაბლეტი მიიღება ქალის ბუნებრივი ციკლის პირველ დღეს, ე.ი. მომდევნო მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს. როდესაც პირველი ტაბლეტი მიღებულია მენსტრუაციის პირველ დღეს, პრეპარატის კონტრაცეპციული მოქმედება იწყება მიღების პირველივე დღიდან და გრძელდება ტაბლეტების მიღების შვიდღიანი შესვენების პერიოდში. 

პირველი ტაბლეტის მიღება ასევე შეიძლება მენსტრუაციის 2-5 დღეს, მიუხედავად იმისა, შეწყვეტილია თუ არა სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში, მიღების პირველი შვიდი დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება. 

თუ მენსტრუაცია დაწყებულია ხუთზე მეტი დღის წინ, რეკომენდებულია შემდეგ მენსრუაციამდე დაცდა და პრეპარატ ბელარას მიღების შემდეგ დაწყება. 
სხვა ჰორმონული კონტრაცეპტივიდან პრეპარატ ბელარას მიღებაზე გადასვლა
გადასვლა სხვა ჰორმონული კომბინირებული პერორალური კონტაცეპტივიდან
პრეპარატ ბელარას მიღება ქალმა უნდა დაიწყოს ტაბლეტების მიღების შვიდდღიანი შესვენების შემდეგ მომდევნო დღეს ან ადრე გამოყენებული კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის შეფუთვიდან პლაცებო-ტაბლეტების მიღების შემდეგ.
მხოლოდ პროგესტაგენის შემცველი პრეპერატებიდან გადასვლა (“მინი-პილი”)
პრეპარატ ბელარას პირველი ტაბლეტი მიიღება მხოლოდ პროგესტაგენის შემცველი ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მომდევნო დღეს. პირველი შვიდი დღის განმავლობაში გამოყენებული უნდა იყოს კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდები.
გადასვლა ჰორმონული კონტრაცეპციული ინექციებიდან ან კონტრაცეპციული იმლანტიდან 
პრეპარატ ბელარას მიღების დაწყება შეიძლება იმპლანტის ამოღების დღეს ან თავდაპირველად დაგეგმილი ინექციის დღეს. პირველი შვიდი დღის განმავლობაში გამოყენებული უნდა იყოს კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდები.
პირველ ტრიმესტრში თვითნებური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ
პრეპარატ ბელარას დაწყება შეიძლება პირველ ტრიმესტრში თვითნებური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ მაშინვე. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელი არ არის კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება. 
მშობიარობის, თვითნებური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ მეორე ტრიმესტრში
ბავშვის დაბადების შემდეგ, ქალებმა, რომლებიც ძუძუთი არ კვებავენ ბავშვს, შეიძლება დაიწყონ პრეპარატის მიღება მშობიარობის შემდეგ 21-28-ე დღეს. 
ასეთ შემთხვევაში, აუცილებელი არ არის კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება. 
თუ პრეპარატის მიღება დაიწყო მშობიარობის შემდეგ 28-ზე მეტი დღის შემდეგ, პირველი შვიდი დღის განმავლობაში გამოყენებული უნდა იყოს კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდები.
თუ ქალს უკვე ჰქონდა სქესობრივი აქტი, უნდა გამოირიცხოს ორსულობა ან პრეპარატის მიღების დაწყებამდე დაელოდეთ მომდევნო მენსტუალურ ციკლს.
ლაქტაცია (იხ. პუნქტი 4.6)
ძუძუთი კვების შემთხვევაში, რეკომენდებული არ არის ქალის მიერ პრეპარატ ბელარას მიღება.
პრეპარატ ბელარას მიღების შეწყვეტის შემდეგ
პრეპარატ ბელარას მიღების შეწყვეტის შემდეგ მიმდინარე ციკლი შეიძლება გახანგრძლივდეს დაახლოებით ერთი კვირით.

ტაბლეტების არარეგულარული მიღება
თუ პაციენტს დაავიწყდა ტაბლეტის მიღება და მიიღო მომდევნო 12 საათის განმავლობაში, კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის. პაციენტმა პრეპარატის მიღება უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივ რეჟიმში. 
თუ პაციენტს დაავიწყდა ტაბლეტის მიღება და მიიღო 12 საათის გასვლისას, შეიძლება შემცირდეს კონტრაცეპციული დაცვა. ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევაში, ისარგებლეთ შემდეგი ორი ძირითადი წესით:

1. არასოდეს შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება შვიდზე მეტი დღის განმავლობაში
2. ტაბლეტების მიღებისას შვიდდღიანი შესვენება აუცილებელია ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხის ღერძის საკმარისი დათრგუნვის მისაღწევად.

ბოლო (დავიწყებული) ტაბლეტი უნდა მიიღოთ დაუყოვნებლივ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუცილებელი ხდება ერთდროულად 2 ტაბლეტის მიღება. სხვა ტაბლეტები მიიღეთ ჩვეულებრივ. შემდეგი შვიდი დღის განმავლობაში აუციებელია დამატებით კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების გამოყენება, მაგალითად, პრეზერვატივის. თუ ტაბლეტების მიღების გამოტოვება მოხდა ციკლის 1-ელი კვირის განმავლობაში, ხოლო ტაბლეტების გამოტოვებამდე შვიდი დღის განმავლობაში იყო სქესობრივი აქტი (ტაბლეტების მიღების შვიდდღიანი შესვენების ჩათვლით), გათვალისწინებული უნდა იყოს ორსულობის განვითარების ალბათობა. რაც უფრო ბევრი ტაბლეტი იქნება გამოტოვებული და რაც უფრო ახლოს იყო ტაბლეტების მიღების ჩვეულებრივი შესვენება, მით უფრო მაღალია დაორსულების შესაძლებლობა.

თუ გამოყენებულ კოლოფში დარჩენილია შვიდზე ნაკლები ტაბლეტი, ამ კოლოფიდან ტაბლეტების მიღების დასრულებისთანავე უნდა დაიწყოს ტაბლეტების მიღება ახალი კოლოფიდან, ე.ი. ორ შეფუთვას შორის არ უნდა უნდა იყოს შესვენება. სავარაუდოდ, არ ვითარდება “მოხსნის” ჩვეულებრივი სისხლდენა, ვიდრე არ დამთავრდება ტაბლეტები მეორე შეფუთვაში; თუმცა, ტაბლეტების ახალი შეფუთვიდან მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს წყვეტილი ან მცირედი სისხლდენა. თუ “მოხსნის” სისხლდენა არ ვითარდება მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების დამთავრების შემდეგ, უნდა გაკეთდეს ტესტი ორსულობაზე. 

რეკომენდაციები ღებინების ან დიარეის შემთხვევაში
თუ ტაბლეტების მიღებიდან 4 საათის განმავლობაში განვითარდა ღებინება ან ძლიერი დიარეა, პრეპარატის შეწოვა შეიძლება სრულად არ მოხდეს და შესაბამისად, გარანტირებული ვერ იქნება კონტრაცეპციის საიმედოობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა იმოქმედოთ იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც მოცემულია პუნქტში “ტაბლეტების არარეგულარული მიღება” (იხ. ზემოთ). პრეპარატ ბელარას მიღება უნდა გაგრძელდეს.

როგორ მოხდეს “მოხსნის” სისლხდენის გადავადება
სისხლდენის გადავადებისათვის, უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების მიღება ბელარას შემდეგი შეფუთვიდან, შესვენების გარეშე. ტაბლეტების მიღების გაგრძელება შეიძლება სურვილის მიხედვით იმ დრომდე, ვიდრე არ დამთავრდება ტაბლეტები მეორე შეფუთვაში. მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს უმნიშვნელო სისხლნარევი გამონადენი ან წყვეტილი სისხლდენა. ტაბლეტების მიღების ჩვეულებრივი 7-დღიანი შესვენების შემდეგ უნდა განახლდეს პრეპარატის რეგულარული მიღება. კვირის სხვა დღეს სისხლდენის გადადების მიზნით, მოქმედი სქემით სისხლდენის დაწყების დღისგან განსხვავებულ დღეს, რეკომენდებულია შემდეგი შვიდდღიანი შესვენების შემცირება დღეების სასურველი რაოდენობით. რაც უფრო მცირეა შესვენება, მით უფრო მაღალია “მოხსნის” სისხლდენის და წყვეტილი სისხლდენის ან უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენის არარსებობის შესაძლებლობა შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დროს (ისევე როგორც სისლდენის გადავადებისას).

უკუჩვენებები
ქვემოთ მითითებული დაავადებების არსებობისას არ შეიძლება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება. პრეპარატ ბელარას მიღების ფონზე რომელიმე შემდეგი მდგომარეობის განვითარებისას პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს:
• ადრე არსებული ან ამჟამად არსებული ვენების ან არტერიების თრომბოზი (მაგ. ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვისმიერი არტერიების ემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი);
• პროდრომული პერიოდი ან თრომბოზის, თრომბოფლებიტის პირველი ნიშნები ან ემბოლიის სიმპტომები (მაგ. ტრანზიტორული იშემიური შეტევა, სტენოკარდია); 
• დაგეგმილი ქირურგიული ოპერაცია (ოპერაციამდე მინიმუმ ოთხი კვირით ადრე), აგრეთვე იმობილიზაციის პერიოდი, მაგალითად, ტრავმების შემდეგ (მაგ. ტრავმის შემდეგ დადებული გიფსი);
• შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით;
• შაქრიან დიაბეტზე კონტროლის დაკარგვა;
• არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია ან არტერიული წნევის მნიშვნელოვნად მომატება (როდესაც წნევა მუდმივად აღემატება 140/90 მაჩვენებელს);
• მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა ვენების ან არტერიების თრომბოზისადმი, როგორიცაა აქტივირებული C პროტეინის მიმართ რეზისტენტობა, III ანტითრომბინის დეფიციტი, C პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი, ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტისხეულები ფოსფოლიპიდებისადმი (ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი);
• ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე;
• გენერალიზებული ქავილი, ქოლესტაზი, განსაკუთრებით წინა ორსულობისას ან ესტროგენებით თერაპიისას;
• დუბინ-ჯონსონის სინდრომი, როტორის სინდრომი, ნაღველის გამოყოფის დარღვევა;
• ღვიძლის სიმსივნეები ანამნეზში ან არსებული;
• ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღვიძლის გადიდება ან მუცელში სისხლდენის სიმპტომები (იხ. პუნქტი 4.8);
• პირველად განვითარებული ან მორეციდივე პორფირია (ყველა სამი ფორმა, განსაკუთრებით, შეძენილი პორფირია);
• ავთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები ანამნეზში ან არსებული, მაგალითად, სარძევე ჯირკვლების ან საშვილოსნოს სიმსივნეები;
• ლიპიდების ცვლის სერიოზული დარღვევები;
• პანკრეატიტი ანამნეზში ან მიმდინარე, მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიის თანხლებით;
• მიგრენის პირველად განვითარებული სიმპტომები, აგრეთვე ხშირი და უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილი;
• მიგრენი ანამნეზში კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით (მიგრენის ფორმები პარესთეზიით, კრუნჩხვებით, აფაზიით);
• უეცარი დარღვევები გრძნობის ორგანოების მხრივ, მაგალითად, მხედველობის ან სმენის დარღვევა;
• მოძრაობის დარღვევები (კერძოდ, პარეზები);
• ეპილეფსიური შეტევების გაძლიერება;
• მძიმე დეპრესია;
• ოტოსკლეროზი, პროგრესირებული წინა ორსულობისას;
• უცნობი ეტიოლოგიის ამენორეა;
• ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია;
• უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან;
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

უკუჩვენებას წარმოადგენს ვენების ან არტერიების თრომბოზის განვითარების რისკის ერთი სერიოზული ან რამდენიმე ფაქტორის არსებობა (იხ. პუნქტი 4.4).

4.4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
განსაკუთრებული მითითებები

მოწევა წარმოადგენს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული გულ-სისხლძარღვოვანი გართულებების რისკს. რისკი იზრდება ასაკთან და მოწეული სიგარეტის რაოდენობის ზრდასთან ერთად და მაღალია 35 წლის ზემოთ ასაკის ქალებში. 35 წლის ზემოთ ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის სხვა მეთოდები.

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება დაკავშირებულია სხვადასხვა სერიოზული დაავადებების რისკის მომატებასთან, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოემბოლია, ინსულტი ან ღვიძლში წარმონაქმნები. რისკის სხვა ფაქტორები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, გაცხიმოვანება და დიაბეტი მნიშვნელოვნად ზრდიან გართულებებისა და სიკვდილიანობის რისკს.

ერთ-ერთი შემდეგი დაავადების/რისკის ფაქტორის არსებობისას უნდა შეფასდეს პრეპარატ ბელარას გამოყენების პოტენციური რისკი და მოსალოდნელი სარგებელი, აგრეთვე განხილული უნდა იყოს ეს საკითხი ქალთან იმ დრომდე, ვიდრე ის დაიწყებს ტაბლეტების მიღებას. თუ ეს დაავადებები ან რისკის ფაქტორები ვითარდება ან პროგრესირდება პრეპარატის მიღების პერიოდში, პაციენტმა კონსულტაციისათვის მკურნალ ექიმს უნდა მიმართოს. ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.
თრომბოემბოლია ან სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებები
ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ არსებობს ურთიერთკავშირი პერორალური კონტრაცეპტივების მიღებას და ისეთ ვენოზური და არტერიული თრომბოემბოლიური დაავადებების რისკს შორის, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, სისხლჩაქცევები ტვინში, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვისმიერი არტერიების ემბოლია. ეს დაავადებები იშვიათად ვითარდება.

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას უფრო მაღალია ვენოზური თრომბოემბოლიის რისკი, ვიდრე მათი მიღებისაგან თავშეკავებისას. ვენოზური თრომბოემბოლიის რისკი უფრო მაღალია ქალებში კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების პირველი წლის განმავლობაში. ეს რისკი ორსულობასთან დაკავშირებული ვენოზური თრომბოემბოლიის რისკზე დაბალია, რომელიც შეადგენს 60 შემთხვევას 100 000 ორსულობაზე; ვენოზური თრომბოემბოლია იწვევს სიკვდილს შემთხვევათა 1-2%-ში. 

უცნობია, თუ რა გავლენას ახდენს პრეპარატი ბელარა ვენოზური თრომბოემბოლიის რისკზე, სხვა კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან შედარებით.

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიმღებ ქალებში ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი იზრდება შემდეგ შემთხვევებში:

• ასაკის მატებისას;
• მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობის არსებობისას (მაგალითად, ვენოზური თრომბოემბოლია ძმებსა და დებში ან მშობლებში შედარებით ახალგაზრდა ასაკში). მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე ეჭვის არსებობისას ქალმა სპეციალისტს უნდა მიმართოს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; 
• ხანგრძლივი იმობილიზაციისას (იხ. პუნქტი 4.3);
• გაცხიმოვანებისას (სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი).

არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკი იზრდება შემდეგ შემთხვევებში: 
• ასაკის მატებისას;
• მოწევისას;
• დისლიპოპროტეინემიისას;
• გაცხიმოვანებისას (სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი)
• არტერიული ჰიპერტენზიის დროს;
• გულის სარქველის მანკი;
• წინა გულის ფიბრილაცია;
• მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობის არსებობისას (მაგალითად, არტერიული თრომბოემბოლია ძმებსა და დებში ან მშობლებში შედარებით ახალგაზრდა ასაკში). მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე ეჭვის არსებობისას ქალმა სპეციალისტს უნდა მიმართოს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე); 

სხვა დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის მიმოქცევაზე, არის დიაბეტი, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიტიკო-ურემიული სინდრომი, ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი), აგრეთვე სერპოიდულ-უჯრედოვანი ანემია. 

პრეპარატის სარგებლის/რისკის ურთიერთმიმართების შეფასებისას უნდა გახსოვდეთ, რომ ზემოთ ხსენებული დაავადებების ადექვატურმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს თრომბოზის რისკი. 

გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ თრომბოემბოლიური გართულებების რისკი მატულობს მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

არ არსებობს ერთიანი მოსაზრება იმის თაობაზე, არის თუ არა ურთიერთკავშირი ზედაპირულ თრომბოფლებიტს და/ან ვენების ვარიკოზულ გაფართოვებას და ვენოზური თრომბოემბოლიის ეტიოლოგიას შორის.

ვენებისა და არტერიების თრომბოზის შესაძლო სიმპტომებია:
• ფეხების ტკივილი და/ან შეშუპება
• უეცარი ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში, მიუხედავად იმისა, გადადის თუ არა ტკივილი მარცხენა ხელში;
• ქოშინის უეცარი შეტევა, უეცარი ხველა უცნობი მიზეზით;
• მოულოდნელი ძლიერი და ხანგრძლივი თავის ტკივილი;
• მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, დიპლოპია/მეტყველების დარღვევა ან აფაზია;
• თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, ზოგჯერ ფოკალური ეპილეპტიკური შეტევების ჩათვლით;
• უეცარი სისუსტე ან დიზესთეზია სხეულის ერთ მხარეს ან სხეულის ერთ ნაწილში;
• მოძრაობის დარღვევები;
• მუცლის მწვავე ტკივილი.

პაციენტებს, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, უნდა მიეწოდოთ ინფრომაცია იმისა თაობაზე, რომ თრომბოზის შესაძლო სიმპტომების განვითარებისას აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. თრომბოზზე ეჭვის არსებობისას ან თრომბოზის დადასტურებისას ბელარას მიღება უნდა შეწყდეს.

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე მიგრენის შეტევების სიხშირის და ინტენსივობის მომატება (რაც შეიძლება მიუთითებდეს ტავის ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევის პროდრომალურ ფაზაზე), შეიძლება წარმოადგენდეს პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტის ჩვენებას.

სიმსივნეები
ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიუთითებს, რომ პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივად მიღება წარმოადგენს ადამიანის პაპილომას ვირუსით ინფიცირებულ ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორს. თუმცა, ეს საკითხი სადავოა, ვინაიდან ცნობილი არ არის, თუ რა ხარისხით ახდენენ გავლენას სხვა ფაქტორები მიღებულ შედეგებზე (მაგალითად, სქესობრივი პარტიონორების სხვადასხვა რაოდენობა ან კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების გამოყენება) (იხ. აგრეთვე პუნქტი “სამედიცინო გამოკვლევა”). 

54  ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ მკერდის კიბოს განვითარების რისკი უფრო მაღალია იმ ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (PR=1.24). ეს რისკი თანდათან მცირდება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში). თუმცა, ამ კვლევებით არ დადასტურებულა დაავადებასა და პრეპარატის მიღებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. გამოვლენილი მომატებული რისკი შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიმღებ ქალებში მკერდის კიბო დიაგნოსტირდება უფრო ადრეულ სტადიაზე, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც არ იღებენ ამგვარ კონტრაცეპტივებს, აგრეთვე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ბიოლოგიური მოქმედებით ან ორივე ფაქტორის კომბინაციით. 

პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების შემდეგ იშვიათ შემთხვევებში რეგისტრირებულ იქნა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეების განვითარების შემთხვევები, უფრო იშვიათად კი რეგისტრირებულ იქნა ავთვისებიანი სიმსივნეები. ცალკეულ შემთხვევებში, ამგვარმა სიმსივნეებმა შეიძლება მოახდინონ მუცელში სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენის პროვოცირება. მუცლის არეში ძლიერი ტკივილის დროს, თუ ის დამოუკიდებლად არ გადის, აგრეთვე ჰეპატომეგალიის ან მუცელში სისხლდენის განვითარებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ღვიძლის სიმსივნეების განვითარების ალბათობა, ხოლო პრეპარატ ბელარას მიღება უნდა შეწყდეს.

სხვა დაავადებები
ბევრ ქალს, რომლებიც იღებენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, აღენიშნება არტერიული წნევის უმნიშვნელოდ მომატება. არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება იშვიათად აღინიშნა. დღეისათვის დადგენილი არ არის ურთიერთკავშირი პერორალური კონტრაცეპტივების მიღებას და კლინიკურად გამოვლენილ არტერიულ ჰიპერტენზიას შორის. თუ პრეპარატ ბელარას მიღების ფონზე აღინიშნა არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. როგორც კი არტერიული წნევის მაჩვენებლები ნორმალიზდება ჰიპოტენზიური თერაპიის ჩატარების შემდეგ, პრეპარატ ბელარას გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს.

იმ ქალებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ორსულთა ჰერპესი, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე შეიძლება აღენიშნოთ ამგვარი დაავადების რეციდივი. იმ ქალებში, რომლებსაც ანამნეზში ან საოჯახო ანამნეზში აქვთ მითითება ჰიპერტრიგლიცერიდემიაზე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე, მომატებულია პანკრეატიტის განვითარების რისკი. ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევებისას შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე. ქოლესტატიური სიყვითლის რეციდივისას, რომელიც პირველად დიაგნოსტირდა ორსულობის დროს ან სქესობრივი ჰორმონების მიღებისას, უნდა შეწყდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება. 

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პერიფერიულ ინსულინორეზისტენტობაზე ან გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე. ამიტომ, აუცილებელია იმ პაციენტებზე გულდასმითი დაკვირვება, რომლებსაც აქვთ დიაბეტი და იღებენ პერორალურ კონტრაცეპტივებს.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით იმ ქალებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ორსულთა ქლოაზმა. ქლოაზმის მიმართ წინასწარგანწყობილი ქალები უნდა მოერიდონ მზეზე ყოფნას, აგრეთვე ულტრაიისფერ დასხივებას პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე.

იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას გადაუტანლობის, ლაპას ლაქტაზური უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

სიფრთხილის ზომები
ესტროგენის ან ესეტროგენ/პროგესტინის შემცველი პრეპარატების მიღებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ზოგიერთ დაავადებაზე/მდგომარეობაზე. შემდეგ შემთხვევებში აუცილებელია სამედიცინო დაკვირვება:
• ეპილეფსია
• გაფანტული სკლეროზი
• ტეტანია
• მიგრენი (იხ. აგრეთვე პუნქტი 4.3)
• ასთმა
• გულის ან თირკმლის უკმარისობა
• ქორეა
• შაქრიანი დიაბეტი (იხ. პუნქტი 4.3)
• ღვიძლის დაავადებები (იხ. პუნქტი 4.3)
• დისლიპოპროტეინემია (იხ. პუნქტი 4.3)
• აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურას ჩათვლით)
• გაცხიმოვანება
• ჰიპერტენზია (იხ. პუნქტი 4.3)
• ენდომეტრიოზი
• ვენების ვარიკოზული გაფართოვება
• თრომბოფლებიტი (იხ. პუნქტი 4.3)
• სისხლის შედედების დარღვევები (იხ. პუნქტი 4.3)
• მასტოპათია
• საშვილოსნოს მიომა
• ორსულთა ჰერპესი
• დეპრესია (იხ. პუნქტი 4.3)
• ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი (იხ. პუნქტი 4.8).

სამედიცინო გამოკვლევა
ქალისათვის პერორალური კონტრაცეპტივების დანიშვნამდე უნდა ჩატარდეს სამედიცინო გამოკვლევა და შეგროვდეს სრული საოჯახო და პირადი ნამნეზი უკუჩვენებების (იხ. პუნქტი 4.3) და რისკის ფაქტორების (იხ. პუნქტი 4.4) გამოვლენის მიზნით. პრეპარატ ბელარას მიღებისას ეს პროცედურა განმეორებით უნდა ჩატარდეს ყოველ წელს. რეგულარული სამედიცინო შემოწმებები აგრეთვე აუცილებელია იმის გამოც, რომ უკუჩვენებები (მაგ. ტრანზიტორული იშემიური შეტევა) ან რისკი ფაქტორები (მაგ. პირად ან საოჯახო ანამნეზში ვენების ან არტერიების თრომბოზი) პირველად შეიძლება გამოვლინდეს პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე. სამედიცინო გამოკვლევის ფარგლებში შედის არტერიული წნევის გაზომვა, სარძვევე ჯირკვლების, მუცლის ღრუს, გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების გამოკვლევა და შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზების გაკეთება.

ქალებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პერორალური კონტრაცეპტივების, მათ შორის ბელარას მიღება არ წარმოადგენს დაცვას აივ ინფექციისგან (შიდსისგან) და სქესობრივი გზით გადამდები არც სხვა დაავადებებისაგან. 

ეფექტიანობის შემცირება
ტაბლეტების მიღების გამოტოვებამ (იხ. პუნქტი “ტაბლეტების არარეგულარული მიღება”), ღებინებამ ან ნაწლავურმა აშლილობებმა, მათ შორის დიარეამ, ზოგიერთი პრეპარატების იმავდროულად მიღებამ (იხ. პუნქტი 4.5) ან ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის კონტრაცეპციული ეფექტიანობა.

ზემოქმედება მენსტრუალური ციკლის კონტროლზე
წყვეტილი სისხლდენები და უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი

ყველა პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური სისხლდენა (წყვეტილი სისხლდენები და უნიშვნელო სისხლიანი გამონადენი), განსაკუთრებით პრეპარატის მიღების პირველი ციკლების განმავლობაში. ამიტომ არარეგულარული ციკლების სამედიცინო კონტროლი უნდა ჩატარდეს მხოლოდ ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც გრძელდება დაახლოებით სამი ციკლი. თუ პრეპარატ ბელარას მიღების ფონზე მუდმივად აღინიშნება ან პირველად ვლინდება წყვეტილი სისხლდენები, ხოლო ადრე ციკლი იყო რეგულარული, უნდა ჩატარდეს გამოკვლევა ორსულობის ან ორგანული დაავადებების გამორიცხვის მიზნით. ორსულობის ან ორგანული დაავადებების გამორიცხვის შემდეგ უნდა გაგრძელდეს პრეპარატ ბელარას მიღება ან მოხდეს გადასვლა სხვა პრეპარატზე.

მენსტრუაციებს შორის სისხლდენები შეიძლება იყოს კონტრაცეპციული ეფექტიანობის შემცირების ნიშანი (იხ. პუნქტი “ტაბლეტების არარეგულარული მიღება”, “რეკომენდაციები ღებინების შემთხვევაში” და პუნქტი 4.5).

“მოხსნის” სისხლდენის არარსებობა
როგორც წესი, პრეპარატის მიღებიდან 21 დღის შემდეგ ვითარდება “მოხსნის” სისხლდენა. ზოგჯერ, განსაკუთრებით პრეპარატის მიღების პირველ თვეებში, შეიძლება არ აღინიშნოს “მოხსნის” სისხლდენები. თუმცა, ეს აუცილებლად არ მიუთითებს კონტრაცეპციული ეფექტის შემცირებაზე. თუ სისხლდენა არ აღინიშნა მიღების ერთი ციკლის დასრულების შემდეგ, რომლის განმავლობაშიც პაციენტს არ დავიწყებია ტაბლეტების მიღება, შვიდდღიანი შესვენების პერიოდი არ ხანგრძლივდება, პაციენტს არ ჰქონია ღებინება ან დიარეა, მაშინ კვერცხუჯრედის განაყოფიერება ნაკლებსავარაუდოა და პრეპარატ ბელარას მიღება შეიძლება გაგრძელდეს. თუ “მოხსნის” სისხლდენის პირველ არარსებობამდე პრეპარატ ბელარას მიღება მოხდა ინსტრუქციების დარღვევით ან “მოხსნის” სისხლდენის არარსებობა აღინიშნა ორი ციკლის განმავლობაში, პრეპარატის მიღების გაგრძელებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა.

ბელარასთან ერთად არ შეიძლება კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული წარმოშობის პრეპარატების მიღება (იხ. პუნქტი 4.5).

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ეთინილესტრადიოლის, პრეპარატ ბელარას ესტროგენური კომპონენტის ურთიერთქმედებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციების მომატება ან შემცირება. ამ ნივთიერებებით ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობისას გამოყენებული უნდა იყოს კონტრაცეპციის არაჰორმონული მეთოდები. სისხლის შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს წყვეტილი სისხლდენების ეპიზოდების გახშირება, ციკლის დარღვევა და პრეპარატ ბელარას კონტრაცეპციული ეფექტიანობის შემცირება; სისხლის შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციების მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების სიხშირისა და სიმძიმის მომატება.

შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა/მოქმედმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ სისხლის შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციები:
• ყველა სამკურნალო საშუალება, რომლებიც აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (მაგ. მეტოკლოპრამიდი) ან არღვევენ აბსორბციას (მაგ. აქტივირებული ნახშირი);
• ნივთიერებები, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომალურ ფერმენტებს, როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ბარბიტურატები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ტოპირამატი), გრიზეოფულვინი, ბარბექსაკლონი, პრიმიდონი, მოდაფინილი, პროტეაზას ზოგიერთი ინჰიბიტორი (მაგ. რიტონავირი) ან კრაზანას პრეპარატები (იხ. პუნქტი 4.4.)
• ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგ. ამპიცილინი, ტეტრაციკლინი) ზოგიერთ ქალში, შესაძლოა, ესტროგენების ნაწლავური-ღვიძლისმიერი ცირკულაციის შემცირების გამო.

ამ სამკურნალო საშუალებების/მოქმედი ნივთიერებების მოკლევადიანი იმავდროული გამოყენებისას პრეპარატ ბელარასთან ერთად აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება, როგორც მკურნალობის პერიოდში, ისე მკურნალობის დასრულებიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში. ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციის შედეგად სისხლის შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის დამწევი მოქმედი ნივთიერებების მიღებისას დამატებითი ბარიერული მეთოდები გამოიყენება მკურნალობის დასრულებიდან 28 დღის განმავლობაში. 

თუ იმავდროულად გამოყენებული სამკურნალო საშუალებების მიღების გაგრძელება აუცილებელია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ბლისტერულ შეფუთვაში ტაბლეტების დამთავრების შემდეგ, უნდა დაიწყოს ტაბლეტების მიღება შემდეგი შეფუთვიდან, შვიდდღიანი შესვენების გარეშე.

შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა/აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციების სისხლის შრატში:
• მოქმედი ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ ეთინილესტრადიოლის სულფატირებას ნაწლავების კედელში, მაგალითად, ასკორბინის მჟავა ან პარაცეტამოლი;
• ატორვასტატინი (ზრდის ეთინილესტრადიოლის AUC-ის 20%-ით);
• მოქმედი ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ ღვიძლისმიერი მიკროსომალური ფერმენტების აქტივობას, როგორიცაა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც წარმოადგენენ იმიდაზოლის წარმოებულებს (მაგ. ფლუკონაზოლი), ინდინავირი ან ტროლეანდომიცინი. 

ეთილესტრადიოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა ნივთიერებების მეტაბოლიზმზე:
• დათრგუნოს ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების აქტივობა და შესაბამისად, გაზარდოს სისხლის შრატში ისეთი მოქმედი ნივთიერებების კონცენტრაციები, როგორიცაა დიაზეპამი (და სხვა ბენზოდიაზეპინების, რომელთა მეტაბოლიზმიც ხდება ჰიდროქსილირების მეშვეობით), ციკლოსპორინი, თეოფილინი და პრედნიზოლონი;
• გამოიწვიოს ღვიძლში გლუკორონიზაციის ინდუცირება და შესაბამისად, შეამციროს სისხლის შრატში ისეთი ნივთიერებების კონცენტრაციები, როგორიცაა კლოფიბრატი, პარაცეტამოლი, მორფინი და ლორაზეპამი.

შეიძლება შეიცვალოს ინსულინის და სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების საჭიროება, ვინაიდან პრეპარატი გავლენას ახდენს გლუკოზის ამტანობაზე (იხ. პუნქტი 4.4).
ეს შეიძლება ასევე შეეხოს ბოლო დროს მიღებულ პრეპარატებს.
პრეპარატ ბელარასთან შესაძლო ურთიერთქმედებების გამოვლენის მიზნით შესწავლილ უნდა იქნას გამოწერილი სამკურნალო საშუალების მოკლე დახასიათება (SPC).

ლაბორატორიული გამოკვლევები
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე შეიძლება შეიცვალოს ზოგიერთი ლაბორატორიული გამოკვლევის მაჩვენებელი, მაგალითად, ღვიძლის ფუნქციის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის მაჩვენებლები, პლაზმაში გადამტანი ცილების დონეები (მაგალითად, გლობულინის, რომელიც ახდენს სქესობრივი ჰორმონების შეჯავშირებას; ლიპოპროტეინების), აგრეთვე ნახშირწყლოვანი ცვლის, კოაგულაციისა და ფიბრინოლიზის პარამეტრები. ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებების ხასიათი და ხარისხი დამოკიდებულია გამოყენებულ ჰორმონზე და მის დოზირებაზე. 

4.6 ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია
რეკომენდებული არ არის ბელარას მიღება ორსულობის დროს. პრეპარატის მიღების დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა. თუ ორსულობა განვითარდა პრეპარატ ბელარას მიღების ფონზე, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ფართო ეპიდემიოლოგიური კვლევებისას, მტკიცებულება იმისა, რომ ესტროგენების მიღება სხვა პროგესტაგენებთან კომბინაციაში ისეთივე დოზებით, რომლითაც წარმოდგენილია პრეპარატ ბელარაში, გაუფრთხილებლობით ორსულობის ფონზე, იწვევდა ტერატოგენურ ან ფეტოტოქსიკურ ეფექტებს, მოპოვებული არ ყოფილა. თუმცა, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე (იხ. პუნქტი 5.3), 330 ორსული ქალისგან მიღებული მონაცემებით არ გამოვლენილა ქლორმადინონის აცეტატის არავითარი ემბრიოტოქსიკური მოქმედება.

ესტროგენებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ლაქტაციაზე, კერძოდ, გამოიწვიონ დედის რძის რაოდენობის შემცირება და შემადგენლობის ცვლილება. კონტრაცეპციული სტეროიდების და/ან მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობები შეიძლება გადავიდეს რძეში და ზემოქმედება მოახდინოს ბავშვზე. ამის გამო, პრეპარატ ბელარას გამოყენება ლაქტაციის დროს არ შეიძლება.

4.7 პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
არ არსებობს მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ კომბინირებული კონტრაცეპციული საშუალებები ახდენენ უარყოფით გავლენას ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

4.8 არასასურველი ეფექტები
ა) პრეპარატ ბელარას კლინიკური კვლევების დროს დადგინდა, რომ პრეპარატის ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (>20%) არის წყვეტილი სისხლდენა, უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი, თავის ტკივილი და დისკომფორტი სარძევე ჯირკვლების არეში. არარეგულარული სისხლდენების ალბათობა მცირდება პრეპარატ ბელარას ხანგრძლივი გამოყენებისას.

ბ) 1629 ქალის მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების ფარგლებში ცნობილი გახდა შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ, რომლებიც ვითარდებოდა პრეპარატ ბელარას გამოყენების შემდეგ. 

არასასურველი გვერდითი რეაქციების სიხშირე/ორგანოთა სისტემის კლასი

ძალიან ხშირად (>1/10)

ხშირად (>1/100 და <1/10)

არახშირად (>1/1000 და <1/100)

იშვიათად (>1/10000 და <1/1000)

ძალიან იშვიათად (<1/10000)

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

 

 

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატისადმი, კანის ალერგიული რეაქციების ჩათვლით

 

 

ფსიქიკური დარღვევები

 

ხასიათის დათრგუნვა, ნერვოზულობა

 

 

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

 

თავბრუ, მიგრენი (და/ან მიგრენის გაძლიერება)

 

 

 

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

 

მხედველობის დარღვევა

 

კონიუნქტივიტი, კონტაქტური ლინზების გადაუტანლობა

 

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

 

 

 

სმენის უეცარი დაკარგვა, ხმაური ყურებში

 

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

 

 

 

არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, გულის წასვლა. ვენების ვარიკოზული გაფართოვება, ვენების თრომბოზი

 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა

ღებინება

მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, დიარეა

 

 

დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ

 

აკნე

პიგმენტაციის დარღვევა, ქლოაზმა, ალოპეცია, კანის სიმშრალე

ურტიკარული გამონაყარი, ეგზემა, ქავილი, ფსორიაზის გამწვავება, ჰიპერტრიქოზი

მარყუჟისებრი ერითემა

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

 

სიმძიმის შეგრძნება

ზურგის ტკივილი, კუნთის მხრივ დარღვევები

 

 

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ

გამონადენი საშოდან, დისმენორეა, ამენორეა

ტკივილი მუცლის ქვემოთ

გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლების ფიბროადენომა, საშოს კანდიდოზი

სარძევე ჯირკვლების გადიდება, ვულვოვაგინიტი, მენორაგია, პრემენსტრუალური სინდრომი

 

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

 

გაღიზიანება, დაღლილობა, შეშუპებები, სხეულის მასის მომატება

ლიბიდოს დაქვეითება, ჰიპერჰიდროზი

მადის გაძლიერება

 

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

 

არტერიული წნევის მომატება

სისხლში ლიპიდების შემცველობის ცვლილება, მათ შორის ჰიპერტრიგლიცერიდემია

 

 

გ)  კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, 0.030 მგ ეთინილესტრადიოლის და 2 მგ ქლორმადინონის აცეტატის ჩათვლით, აგრეთვე აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
• ცნობილია, რომ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება დაკავშირებულია ვენოზური და არტერიული თრომბოემბოლიების მომატებულ რისკთან (მაგ. ვენების თრომბოზი, ფილტვისმიერი არტერიების ემბოლიები, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი). ამგვარი რისკი იზრდება დამატებითი ფაქტორების არსებობისას (იხ. პუნქტი 4.4).
• ზოგიერთი კვლევის მონაცემით, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ განვიტარდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, უფრო იშვიათად აღინიშნა ავთვისებიანი სიმსივნეები; ცალკეულ შემთხვევებში, ეს სიმსივნეები იყო მუცელში სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენების მიზეზი (იხ. პუნქტი 4.4).
• ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადებების გამწვავება (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი; იხ. პუნქტი 4.4).

ინფორმაცია სხვა სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ, როგორიცაა საშვილოსნოს კიბო ან სარძევე ჯირკვლების კიბო, მოცემულია პუნქტში 4.4.

4.9 ჭარბი დოზა
ინფორმაცია ჭარბი დოზის მიღებისას პრეპარატის სერიოზული ტოქსიკური მოქმედების შესახებ არ არსებობს. შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება და, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებში, უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი საშოდან. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს; ტარდება სიმპტომატური თერაპია. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აუცილებელი გახდეს წყალ-ელექტროლიტური ცვლის და ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პროგესტოგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები.

ათქ კოდი: G03AA.

პრეპარატ ბელარას უწყვეტი გამოყენება 21 დღის განმავლობაში თრგუნავს ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის და ლუტეინური ჰორმონის ჰიპოფიზით სეკრეციას და შედეგად, თრგუნავს ოვულაციას. აღინიშნება ენდომეტრიუმის პროლიფერაცია და მისი სეკრეტორული ტრანსფორმაცია. აგრეთვე იცვლება ცერვიკალური ლორწოს კონსისტენცია. ეს აძნელებს სპერმატოზოიდების გავლას ცერვიკალური არხით და იწვევს მათი მოძრაობის დარღვევას.

ქლორმადინონის აცეტატის მინიმალური დოზა, რომლითაც ხდება ოვულაციის სრული თარგუნვის უზრუნველყოფა, შეადგენს 1.7 მგ-ს. ენდომეტრიუმის ტრანსფორმაციისათვის აუცილებელი დოზა შეადგენს 25 მგ-ს ციკლზე.

ქლორმადინონის აცეტატი წარმოადგენს პროგესტოგენს ანტიანდროგენური თვისებებით. მისი მოქმედების მექანიზმის საფუძველია ანდროგენების ჩანაცვლება სპეციფიკური რეცეპტორებით.

კლინიკური ეფექტიანობა
კლინიკური კვლევებისას, რომლის დროსაც პრეპარატ ბელარას გამოიყენება გამოიცადა 1655 ქალის მონაწილეობით 2 წლის განმავლობაში 22000-ზე მეტი ციკლის დროს, დარეგისტრირდა 12 ორსულობა. კვერცხუჯრედის განაყოფიერების პერიოდში 7 ქალი უშვებდა შეცდომას პრეპარატის მიღებისას, აღენიშნებოდათ თანმხლები დაავადებები გულისრევით ან ღებინებით ან იმავდროულად იღებდნენ ჰორმონული საშუალებების კონტრაცეპციული ეფექტების შემამცირებელ სამკურნალო საშუალებებს.

პერლის ინდექსი

ორსულობების რაოდენობა

პერლის ინდექსი

95% სანდო ინტერვალი

ჩვეულებრივი გამოყენება

12

0.698

[0.389; 1.183]

საუკეთესო გამოყენება

5

0.291

[0.115; 0.650]


5.2. ფარმაკოლოგიური თვისებები
ქლორმადინონის აცეტატი

შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ ქლორმადინონის აცეტატი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შეიწოვება. ქლორმადინონის აცეტატის სისტემური ბიოშეღწევადობა მაღალია, ვინაიდან ის არ ექვემდებარება პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.

განაწილება
ქლორმადინონის აცეტატის 95%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. ქლორმადინონის აცეტატი არ უკავშირდება გლობულინს, რომელიც აკავშირებს სქესობრივ ჰორმონებს ან კორტიზოლის შემაკავშირებელ გლობულინს. ქლორმადინონის აცეტატი გროვდება უპირატესად ცხიმოვან ქსოვილში.

მეტაბოლიზმი
აღდგენის, ჟანგვისა და გლუკორონიდებთან და სულფატებთან შეკავშირების სხვადასხვა პროცესები იწვევენ მრავალი მეტაბოლიტის წარმოქმნას. სისხლის პლაზმაში ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს 3α- და 3 β -ჰიდროქსი- ქლორმადინონის აცეტატი ნახევარგამოყოფის ისეთი პერიოდით, რომელიც არსებითად არ განსხვავდება არამეტაბოლიზებული ქლორმადინონის აცეტატისგან. 3-ჰიდროქსი-მეტაბოლიტებს გააჩნიათ ქლორმადინონის აცეტატის აქტივობის მსგავსი ანტიანდროგენური აქტივობა. შარდში მეტაბოლიტები ძირითადად წარმოდგენილია კონიუგატების სახით. ფერმენტაციული დაშლის შემდეგ ძირითადი მეტაბოლიტი ხდება 2 α -ჰიდროქსი-ქლორმადინონის აცეტატი, აგრეთვე წარმოიქმნება 3-ჰიდროქსი-მეტაბოლიტები და დიჰიდროქსიმეტაბოლიტები.

გამოყოფა
სისხლის პლაზმიდან ქლორმადინონის აცეტატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 34 საათს (ერთჯერადი დოზის შემდეგ) და დაახლოებით 36-39 საათს (მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ). პერორალური მიღების შემდეგ ქლორმადინონის აცეტატი და მისი მეტაბოლიტები გამოიდევნება დაახლოებით თანაბარი რაოდენობებით, როგორც თირკმელებით, ისე ნაწლავებით.

ეთინილესტრადიოლი
შეწოვა
ეთინილესტრადიოლი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგ და მაქსიმალურ კონცენტრაციებს სისხლის პლაზმაში აღწევს 1.5 საათის შემდეგ. პრესისტემური შეკავშირებისა და ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს მხოლოდ 40%-ს და დადასტურებულია ძლიერი ინდივიდუალური ვარიაბელობა (20-65%).

განაწილება
სისხლის პლაზმაში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციების შესახებ ლიტერატურაში არსებული ცნობები განსხვავებუია. ეთინილესტრადიოლის დაახლოებით 98% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, გამორჩეულად ალბუმინს.

მეტაბოლიზმი
როგორც ბუნებრივი ესტროგენები, ეთინილესტრადიოლი ბიოტრანსფორმირდება არომატული რგოლის ჰიდროქსილირებით (მედიატორია P450 ციტოქრომის სისტემა). ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს 2-ჰიდროქსი-ეთინილესტრადიოლი, რომელიც ტრანსფორმირდება სხვა მეტაბოლიტებად და კონიუგატებად. ეთინილესტრადიოლი ექვემდებარება პრესისტემურ შეკავშირებას წვრილი ნაწლავის როგორც ლორწოვან გარსში, ისე ღვიძლში. შარდში ძირითადად ვლინდება გლუკორონიდები, ხოლო ნაღველსა და სისხლის პლაზმაში – სულფატები.

გამოყოფა
სისხლის პლაზმიდან ეთინილესტრადიოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12-14 საათს. ეთინილესტრადიოლი გამოიდევნება თირკმელებით და ნაწლავებით 2:3 შეფარდებით. ეთინილესტრადიოლის სულფატი, რომელიც გამოიდევნება ნაღველთან ერთად ნაწლავური ბაქტერიების ჰიდროლიზის შემდეგ, ექვემდებარება ნაწლავურ-ღვიძლისმიერ ცირკულაციას.

5.3 უსაფრთხოების წინაკლინიკური კვლევების მონაცემები
ესტროგენებს გააჩნიათ დაბალი მწვავე ტოქსიკურობა. ექსპერიმენტული ცხოველების სახეობებს შორის გამოხატული განსხვავებების შედეგად, აგრეთვე ცხოველებსა და ადამიანებს შორის არსებული განსხვავების გათვალისწინებით, ცხოველებში ესტროგენების კვლევების შედეგებს გააჩნია შეზღუდული საპროგნოზო ღირებულება ადამიანისათვის. ეთინილესტრადიოლი წარმოადგენს სინთეზურ ესტროგენს, რომელიც ხშირად გამოიყენება პერორალურ კონტრაცეპტივებში. ცხოველებში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბალი დოზების შემთხვევაშიც კი ამ ნივთიერებას აქვს ემბრიოლეთალური მოქმედება; მამრობითი სქესის ნაყოფში აღინიშნა შარდსასქესო სისტემის ორგანოების ანომალიები და ფემინიზაციის ნიშნები. ეს ეფექტები განიხილება, როგორც სახეობასპეციფიური.

აღმოჩნდა, რომ ქლორმადინონის აცეტატს გააჩნია ემბრიოლეთალური მოქმედება კურდღლებში, ვირთხებსა და თაგვებში შეყვანისას. უფრო მეტიც, ტერატოგენური მოქმედება აღინიშნა ემბრიოტოქსიკური დოზების შეყვანისას კურდღლებში და ყველაზე დაბალი საკვლევი დოზების (1 მგ/კგ/დღეში) შეყვანისას თაგვებში. მიღებული მონაცემების მნიშვნელობა ადამიანის მიერ პრეპარატის გამოყენებასთან მიმართებაში გაურკვეველია.

ფართოდ მიღებული უსაფრთხოების წინაკლინიკური კვლევების ფარგლებში, რომლის დროსაც ხდებოდა პრეპარატის ქრონიკული ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობისა და ონკოგენური პოტენციალის შესწავლა, არ გამოვლენილა ადამიანისათვის განსაკუთრებული რისკები, გარდა იმ რისკებისა, რომლებიც უკვე აღწერილია სამკურნალო საშუალების მოკლე მახასიათებლების (შPჩ) სხვა პუნქტებში. 

6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1 დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი

ტაბლეტის ბირთვი:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი

აპკიანი გარსი
ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 6000, პროპილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი რკინის ოქსიდი წითელი (E172) 

6.2. შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.

6.3 ვარგისიანობის ვადა
3 წელი.

6.4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება 30°C-მდე ტემპერატურაზე

6.5 გამოშვების ფორმა
1X21 ან 3X21 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, პვქ/პვდქ/ალუმინის ან პპ/ალუმინის ან პპ/პპ ბლისტერულ შეფუთვაში და მუყაოს კოლოფში.

6.6  სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გაყიდვისას და პრეპარატის მოხმარებისას
სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.
სიმბოლო: ერთი ჯვარი.
ხელმისაწვდომობა: ჯგუფი II
სამკურნალო საშუალება ექვემდებარება რეცეპტით გაცემას (V)