Nuk
სემილაქტი / SEMILACT


შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება:  სპირონოლაქტონი 50 მგ ან 100 მგ

ფუროსემიდი 20 მგ. 

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი. 

გარსის შემცველობა: ოპადრი თეთრი 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი). 

 

პრეპარატის ათქ კოდი: C03EB01

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დიურეტიკები. მაღალაქტიური დიურეტიკები და კალიუმდამზოგავი პრეპარატები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სემილაქტი – კომბინირებული პრეპარატი, რომლის დიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია სპირონოლაქტონისა და ფუროსემიდის თვისებების შერწყმით.

სპირონოლაქტონი წარმოადგენს კალიუმდამზოგველ დიურეზულ საშუალებას, ალდოსტერონის (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი) სპეციფიურ ანტაგონისტს პროლონგირებული მოქმედებით. უკავშირდება რა ალდოსტერონის რეცეპტორებს, ზრდის წყლის, ნატრიუმის იონებისა და ქლორის ექსკრეციას შარდთან ერთად, ამცირებს კალიუმის იონების და შარდოვანას გამოყოფას, აქვეითებს შარდის მჟავიანობას.

ფუროსემიდი მიეკუთვნება ძლიერმოქმედ “მარყუჟოვან” შარდმდენ საშუალებებს, აბლოკირებს ნატრიუმისა და კალიუმის იონების, ქლორიდებისა და მაგნიუმის აქტიურ რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟის აღმავალ მუხლში, ასევე თირკმლების პროქსიმალურ და დისტალურ ხვეულ მილაკებში; ზრდის წყლის ექსკრეციას.

ფარმაკოკინეტიკა

ფუროსემიდი

ფუროსემიდი არის ხანმოკლე მოქმედების დიურეტიკი; დიურეზი ჩვეულებრივ იწყება 1 საათის განმავლობაში და გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში.

სპირონოლაქტონი

სპირონოლაქტონი, ალდოსტერონის კონკურენტული ინჰიბიტორი, აძლიერებს ნატრიუმის გამოყოფას და ამცირებს კალიუმის დაკარგვას თირკმლის დისტალურ არხებში. ნივთიერების მოქმედება არის ნელი და ხანგრძლივი; მაქსიმალური პასუხი, როგორც წესი, მიიღწევა 2-3 დღის მკურნალობის შემდეგ. 

 

გამოყენების ჩვენებები

სემილაქტი შეიცავს ხანმოკლე მოქმედების დიურეტიკს და პროლონგირებული მოქმედების ალდოსტერონის ანტაგონისტს. ნაჩვენებია შეშუპების სინდრომის არსებობისას მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმის, გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის ციროზის დროს.

დიურეტიკით მონოთერაპიისადმი მდგრადობის შემთხვევებში პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ჩვეულებრივი დოზებით.

მოცემული ფიქსირებული კომბინაცია შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ცალ-ცალკე თითოეული კომპონენტის ტიტრირება ადასტურებს სამკურნალო საშუალების გამოყენების შესაძლებლობას.

ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ შეზღუდულია. პრეპარატის გამოყენება პაციენტთა მოცემულ ჯგუფში ასევე რეკომენდებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცალ-ცალკე თითოეული კომპონენტის ტიტრირებით დადასტურდება მისი გამოყენების შესაძლებლობა. 

 

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი სემილაქტი გამოიყენება შიგნით. აუცილებელია ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა. პრეპარატის გამოყენება უმჯობესია საუზმის და/ან სადილის დროს, სითხის დიდი რაოდენობის მიყოლებით (დაახლოებით 1 ჭიქა). რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება საღამოს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს ღამის დიურეზი.

მოზრდილები

პრეპარატ სემილაქტის 50/20 მგ რეკომენდებული დოზა შეადგენს დღე-ღამეში 1-4 ტაბლეტს, პრეპარატ სემილაქტის 100/20 მგ რეკომენდებული დოზა შეადგენს დღე-ღამეში 1-2 ტაბლეტს.

ბავშვები

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

ხანდაზმული პაციენტები

ფუროსემიდი და სპირონოლაქტონი შეიძლება უფრო ნელა გამოიდევნოს ხანდაზმულ პაციენტებში.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა ფუროსემიდის, სპირონოლაქტონის, სულფონამიდების და მათი წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- ჰიპოვოლემია ან გაუწყლოება (ჰიპოტენზიის არსებობისას ან არარსებობისას);

- თირკმლის ფუნქციის დარღვევა და კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ/1,73 მ2-ზე ნაკლები;

- ანურია ან თირკმლის უკმარისობა ანურიით, რომელიც არ პასუხობს ფუროსემიდით თერაპიას;

- თირკმლის უკმარისობა ნეფროტოქსიკური ან ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლის/თირკმლის უკმარისობის დროს, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის კომით;

- ჰიპერკალიემია;

- მძიმე ჰიპოკალიემია;

- მძიმე ჰიპონატრიემია;

- ადისონის დაავადება;

- ორსულობა;

- ლაქტაციის პერიოდი. 

 

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000);  სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე). 

ფუროსემიდი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – ძვლის ტვინის დათრგუნვა, რაც მოითხოვს მკურნალობის მოხსნას, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტური ანემია ან ჰემოლიზური ანემია, ეოზინოფილია.

ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – ძილიანობა, ატაქსია, ცნობიერების არევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ჰეპატოცელულარული უკმარისობის მქონე პაციენტებში, თავბრუსხვევა, გულის წასვლა და გონების დაკარგვა (გამოწვეული სიმპტომატური ჰიპოტენზიით).

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: სიხშირე უცნობია – სისხლის შრატში კალციუმის დონის შემცირება, ტეტანია, ნეფროკალცინოზი/ნეფროლითიაზი დღენაკლულ ჩვილებში. შარდის გაძლიერებულმა წარმოქმნამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააღრმავოს შარდგამომყოფი გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტების ჩივილები; ამგვარად, შეიძლება განვითარდეს შარდის მწვავე შეკავება შესაძლო მეორადი გართულებებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდის ბუშტის დაცლის დარღვევები, პროსტატის ჰიპერპლაზია ან ურეთრის შევიწროვება.

სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: სიხშირე უცნობია – სმენის დარღვევა და ხმაური ყურებში, ჩვეულებრივ გარდამავალი, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის, ჰიპოპროტეინემიის მქონე პაციენტებში (მაგალითად, ნეფროტული სინდრომისას) და/ან ფუროსემიდის სწრაფი შეყვანისას ვენებში; არახშირად – სიყრუე, ზოგჯერ შეუქცევადი, ფუროსემიდის პერორალურად ან ვენაში შეყვანის შემდეგ.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია – ჰიპოტენზია, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოხატულებისას შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციისა და რეაქციების დარღვევა, სიმსუბუქის ან წნევის შეგრძნება თავში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე, მხედველობის დარღვევები, პირის სიმშრალე, ორთოსტატიკური არამდგრადობა.

 

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია – ღვიძლისშიდა ქოლესტაზი, ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება ან მწვავე პანკრეატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია – ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა, ვასკულიტი, ცხელება ან ინტერსტიციალური ნეფრიტი, რომლებიც მოითხოვენ მკურნალობის მოხსნას; ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, გამონაყარის სხვა სახეები ან ბულოზური დაზიანებები, მრავალფორმიანი ერითემა, ბულოზური პემფიგოიდი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, პურპურა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი და DღEშშ-სინდრომი (წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით).

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: სიხშირე უცნობია – წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა ხანგრძლივი თერაპიისას; ნატრიუმისა და ქლორიდების გამოდევნის გაძლიერება და შედეგად წყლის; სხვა ელექტროლიტების გამოყოფის გაძლიერება (კერძოდ, კალციუმის და მაგნიუმის). პრეპარატის ორი აქტიური ნივთიერება ახდენს საწინააღმდეგო ზემოქმედებას კალიუმის გამოდევნაზე. კალიუმის კონცენტრაცია შრატში შეიძლება შემცირდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში (ფუროსემიდი უფრო ადრეული მოქმედების გამო), მკურნალობის გაგრძელებისას კალიუმის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს (სპირონოლაქტონის უფრო გვიანი მოქმედების გამო), განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ელექტროლიტური ბალანსის სიმპტომატური დარღვევები და მეტაბოლური ალკალოზი შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტების დეფიციტის თანდათან გაძლიერების ფორმით ან ელექტროლიტების მწვავე მძიმე დაკარგვის ფორმით (თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ფუროსემიდის უფრო მაღალი დოზით გამოყენების შემთხვევაში). ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის გამაფრთხილებელი ნიშნები: გაძლიერებული წყურვილი, თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, ცნობიერების არევა, კუნთების კრუნჩხვები, ტეტანია, კუნთების სისუსტე, გულის რითმის დარღვევა და კუჭ-ნაწლავური სიმპტომები. არარეგულარული პულსის, დაღლილობის ან კუნთების სისუსტის (მაგალითად, ფეხებში) შემთხვევაში, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ჰიპერკალიემიის შესაძლო არსებობაზე. არსებითი მეტაბოლური ალკალოზი (მაგალითად, ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის დროს) შეიძლება გაღრმავდეს ფუროსემიდით მკურნალობისას. ბარტერის ფსევდო-სინდრომი შეიძლება განვითარდეს არასწორი და/ან ფუროსემიდის ხანგრძლივი გამოყენების ფონზე.

განსაკუთრებით გამოხატული ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, უნდა დაკორექტირდეს. 

დიურერეზულმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემია და გაუწყლოება, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. შეიძლება ასევე განვითარდეს თავბრუსხვევა ან კრუნჩხვები ფეხებში ჰიპოვოლემიის, გაუწყლოების ან ჰიპერკალიემიის ფონზე. ამგვარი რეაქციების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სითხის ნებისმიერი არასასურველი დაკარგვის კომპენსირება (მაგალითად, ღებინების ან დიარეის ან ინტენსიური ოფლდენის გამო). სითხის მარაგის ძლიერმა ამოწურვამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება თრომბების წარმოქმნის ტენდენციით.

ფუროსემიდით მკურნალობისას შეიძლება გაიზარდოს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონე სისხლის შრატში, რომლებიც გრძელვადიანი მკურნალობისას ნორმალურ მაჩვენებელს უბრუნდება 6 თვის განმავლობაში. გლუკოზის  ამტანობა შეიძლება შემცირდეს ფუროსემიდის გამოყენებისას. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური კონტროლის გაუარესება, შესაძლოა ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლინება.

როგორც სხვა დიურეტიკების გამოყენებისას, ფუროსემიდით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კრეატინინის და შარდოვანას დონის დროებით მომატება. სისხლის შრატში შარდმჟავას დონე შეიძლება გაიზარდოს და შეიძლება განვითარდეს პოდაგრის შეტევები.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – მძიმე ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები (მაგალითად, შოკი), გამწვავება ან სისტემური წითელი მგლურას აქტივაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია – გულისრევა, შეუძლოდ ყოფნა ან კუჭის დარღვევები (ღებინება ან დიარეა), მაგრამ ისინი ჩვეულებრივ არ არის გამოხატული და არ საჭიროებენ პრეპარატის მოხსნას. ცნობილია, რომ სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს აუტანლობა კუჭ-ნაწლავის მხრივ და კუჭის წყლული (ზოგჯერ სისხლდენით).

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: სიხშირე უცნობია – სქესობრივ ჰორმონებთან ქიმიური მსგავსების გამო, სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობის მომატება ძუძუს თავებზე შეხებისას; დოზადამოკიდებული მასტოდინია და შექცევადი გინეკომასტია ორივე სქესის პაციენტებში; მაკულოპაპულარული ან ერითემატოზური გამონაყარი კანზე; სუსტი ადროგენური გამოვლინებები, როგორიცაა ჰირსუტიზმი  და მენსტრუალური ციკლის დარღვევები; მამაკაცებში პოტენციის დარღვევა; ახალშობილებში ღია არტერიული სადინარი  ფუროსემიდის გამოყენებისას სიცოცხლის პირველ კვირებში. 

სუნთქვის, გულ-მკერდისა და შუასაყარის მხრივ: სიხშირე უცნობია – სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს ხმის შეცვლა, როგორიცაა ხრინწიანი ხმა და ტემბრის დაწევა (ქალებში) ან ტემბრის მომატება (მამაკაცებში). ხმის ცვლილებები შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

 

განსაკუთრებული მითითებები

სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს ხმის ცვლილება. პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია ყურადღების მიქცევა ამ მოვლენაზე ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომელთა სამუშაოსთვის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია (მაგალითად, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები). 

აუცილებელია დიურეზის მონიტორინგის უზრუნველყოფა. შარდგამომყოფი გზების ნაწილობრივი ობსტრუქციის მქონე პაციენტებში, მაგალითად პროსტატის ჰიპერტროფიის ან შარდის გამოყოფის დარღვევების მქონე პაციენტებში, მომატებულია შარდის მწვავე შეკავების განვითარების რისკი. მათთვის რეკომენდებულია მკაცრი დაკვირვება.

მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ჰიპოტენზიის ან ჰიპოვოლემიის მაკორეგირებელი ზომების მიღება.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პაციენტთა შემდეგ ჯგუფებზე მკაცრი დაკვირვება:

- ჰიპოტენზიის მქონე პაციენტები;

- პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაწევის რისკის ქვეშ;

- პაციენტები, რომლებშიც შეიძლება განვითარდეს ლატენტური დიაბეტი და დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებშიც შეიძლება გაიზარდოს ინსულინის საჭიროება;

- პოდაგრის მქონე პაციენტები;

- ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებისას;

- ჰიპოპროტეინემიის მქონე პაციენტები, რაც გამოწვეულია მაგალითად, ნეფროზული სინდრომით (ფუროსემიდის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, ხოლო მისი ოტოტოქსიკურობა გაძლიერდეს). აუცილებელია დოზის ფრთხილად ტიტრირება.

- იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფუროსემიდს, შეიძლება განვითარდეს სიმპტომატური ჰიპოტენზია, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გულის წასვლას ან ცნობიერების დაკარგვას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში; იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ისეთ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპოტენზიის გამოწვევა; იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სხვა ისეთი მდგომარეობები, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპოტენზიის გამოწვევა.

თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის გამოყენება სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატებისას. ტრიამტერენის, ამილორიდის, კალიუმის დანამატების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ელექტროლიტების დეფიციტი. როგორც წესი, რეკომენდებულია სისხლის შრატში ნატრიუმის, კალიუმის, კრეატინინის და გლუკოზის დონეების კონტროლი; განსაკუთრებით მკაცრი კონტროლი არის აუცილებელი ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში და სითხის დამატებითი მნიშვნელოვანი დაკარგვისას. ჰიპოვოლემია ან გაუწყლოება, აგრეთვე ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევები უნდა დაკორექტირდეს. ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების დროებით შეწყვეტა.

აუცილებელია სისხლის შრატში კალიუმის დონეების კონტროლი იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევები და კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ/1,73 მ2-ზე ნაკლები, აგრეთვე პრეპარატ სემილაქტის მიღებისას სხვა ისეთ პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ კალიუმის დონის მომატება.

რადიოკონტრასტული ნეფროპათიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის ფუროსემიდის გამოყენება დიურეზის უზრუნველსაყოფად რადიოკონტრასტული ნეფროპათიის პროფილაქტიკის ზომის სახით.

სპირონოლაქტონისა და ჰიპერკალიემიის გამომწვევი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემია.

არსებობს სისტემური წითელი მგლურას გამწვავების ან აქტივაციის ალბათობა.

გალაქტოზას აუტანლობის, ლაპ-ლაქტაზას უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებში ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

რისპერიდონთან ერთად გამოყენება

დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში რისპერიდონის გამოყენებით პლაცებო-კონტროლირებული კვლევებისას აღინიშნა სიკვდილიანობის გაზრდა ფუროსემიდით და რისპერიდონით სამკურნალო ჯგუფში (7,3%; საშუალო ასაკი 89 წელი, დიაპაზონი – 75-97 წელი) რისპერიდონით მონოთერაპიის (3,1%; საშუალო ასაკი 84 წელი, დიაპაზონი 70-96 წელი) ან ფუროსემიდით მონოთერაპიის ჯგუფებთან (4,1%; საშუალო ასაკი 80 წელი, დიაპაზონი 67- წელი) შედარებით. რისეპრიდონის იმავდროულმა გამოყენებამ (უპირატესად თიაზიდურ დიურეტიკებთან დაბალ დოზებში) სხვა დიურეტიკებთან არ აჩვენა მსგავსი შედეგები. 

იდენტიფიცირებული არ ყოფილა პათოფიზიოლოგიური მექანიზმი, რომლითაც აიხსნება მოცემული მოვლენა და სიკვდილის მიზეზის მკაფიო კანონზომიერება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ამგვარი კომბინაციის გამოყენების ან სხვა ძლიერ დიურეტიკებით იმავდროული მკურნალობის სარგებლისა და რისკის შეფარდების შეფასება. არ აღინიშნა სიკვდილიანობის მომატება იმ პაციენტთა შორის, რომლებიც იღებენ სხვა დიურეტიკებს დისპერიდონთან ერთად. მკურნალობის მეთოდის მიუხედავად, გაუწყლოება წარმოადგენს სიკვდილიანობის საერთო რისკ-ფაქტორს; თავიდან უნდა იქნას აცილებული გაუწყლოება დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში. 

 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

გათვალისწინებული უნდა იყოს ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალობის დასაწყისში.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ცხოველებში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები მთლიანობაში არ ავლენენ ორსულობაზე ფუროსემიდის სახიფათო ზემოქმედებას. არსებობს ორსულობის მესამე ტრიმესტრში ადამიანის მიერ გამოყენებისას პრეპარატის უსაფრთხოების კლინიკური მტკიცებულებები. ფუროსემიდი აღწევს პლაცენტის ბარიერში.

სპირონოლაქტონმა ან მისმა მეტაბოლიტებმა შეიძლება შეაღწიონ პლაცენტის ბარიერში. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა მამრობითი სქესის გენიტალიების ფემინიზაცია. ადამიანში აღინიშნა ანტიადრეგონული ეფექტები ახალშობილ ბიჭებში ორმაგი გარე სასქესო ორგანოების განვითარების რისკით.

სემილაქტი არ შეიძლება ორსულობისას, თუ არ არსებობს მყარი სამედიცინო ჩვენებები.

ორსულობის დროს მკურნალობა საჭიროებს ნაყოფის ზრდის მონიტორინგი.

ლაქტაცია

ფუროსემიდი გადადის დედის რძეში და შეიძლება გავლენა მოახდინოს ლაქტაციაზე. კანრენონი, სპირონოლაქტონის მეტაბოლიტი ვლინდება დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სპირონოლაქტონის აბსორბცია მატულობს სემილაქტის საკვებთან ერთად მიღებისას. ამგვარი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის.

საგულე გლიკოზიდებთან, დიურეტიკებთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ან ჰიპოტენზიური მოქმედების მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ამ პრეპარატების დოზების კორექცია, ვინაიდან სელიმაქტთან ერთად გამოყენებისას მოსალოდნელია არტერიული წნევის კიდევ უფრო გამოხატული დაწევა. ფუროსემიდზე ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინის II რეცეპტორების ანტაგონისტების დამატებისას ან მათი დოზების მომატებისას შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის სერიოზული დაცემა და თირკმელების ფუნქციის გაუარესება. აგფ ინჰიბიტორებით/ანგიოტენზინის II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობის დაწყების წინ ან მათი დოზების მომატების წინ აუცილებელია პრეპარატ სემილაქტის დოზირების შემცირება მინიმუმ 3 დღით ადრე ან მისი გამოყენების შეწყვეტა.

პრეპარატ სემილაქტის გამოყენებისას კალიუმის მარილებთან, კალიუმის გამოდევნის შემამცირებელ პრეპარატებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან აგფ ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გაიზარდოს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაცია და განვითარდეს ჰიპერკალიემია.

ნეფროტოქსიკური პრეპარატების ტოქსიკური ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს ძლიერი დიურეტიკების გამოყენებისას, როგორიცაა ფუროსემიდი. 

სემილაქტი და სუკრალფატი მიღებული უნდა იყოს მინიმუმ 2 საათის ინტერვალით, ვინაიდან სუკრალფატი ამცირებს ნაწლავებიდან ფუროსემიდის აბსორბციას და ასუსტებს მის ეფექტს.

როგორც სხვა დიურეტიკების შემთხვევაში, სისხლის შრატში ლითიუმის დონე შეიძლება გაიზარდოს ლითიუმის პრეპარატებისა და პრეპარატ სემილაქტის ერთდროული გამოყენებისას, რაც იწვევს ლითიუმის ტოქსიკურობის მომატებას, მათ შორის კარდიოტოქსიკური და ნეიროტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკის მატებას. რეკომენდებულია ლითიუმის დონის კონტროლი და აუცილებლობისას, მისი დოზების კორექცია.

რისპერიდონით ფუროსემიდთან ან სხვა ძლიერ დიურეტიკებთან ერთად კომბინირებული ან იმავდროული მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და რისკისა და სარგებლის შეფარდების შეფასება.

ფუროსემიდის მაღალმა დოზებმა შეიძლება დათრგუნონ თირეოიდული ჰორმონების შეკავშირება ცილა-გადამტანებთან და გამოიწვიონ თავისუფალი თირეოიდული ჰორმონების დონის დროებით მომატება, ხოლო შემდეგ მათი საერთო დონის შემცირება. აუცილებელია თირეოიდული ჰორმონების დონის კონტროლი.

ზოგიერთმა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებამ (მაგალითად, ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილმჟავა) შეიძლება შეასუსტონ პრეპარატ სემილაქტის მოქმედება და გამოიწვიონ თირკმლის მწვავე უმარისობა ჰიპოვოლემიის ან გაუწყლოების არსებობისას.

სემილაქტმა შეიძლება გააძლიეროს სალიცილატების ტოქსიკურობა.

სემილაქტმა შეიძლება შეასუსტოს სხვა პრეპარატების ეფექტები (მაგალითად, ანტიდიაბეტური საშუალებების და პრესორული ამინების ეფექტები), ხოლო ზოგჯერ გააძლიეროს მათი მოქმედება (მაგალითად, სალიცილატების, თეოფილინის და კურარემაგვარი მიორელაქსანტების).

სემილაქტმა შეიძლება გააძლიეროს ამინოგლიკოზიდების და ხვა ოტოტოქსიკური საშუალებების ოტოტოქსიკურობა. ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები, ასეთი საშუალებების მიღება სემილაქტთან ერთად შეიძლება მხოლო ყველა სამედიცინო საფუძვლის არსებობისას.

არსებობს ოტოტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი ცისპლატინის და ფუროსემიდის ერთდროული გამოყენებისას. გარდა ამისა, ცისპლატინის ნეფროტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს, თუ ფუროსემიდი გამოიყენება უფრო მაღალი დოზებით (მაგალითად, 40 მგ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში), აგრეთვე, თუ ის გამოიყენება სითხის დადებითი ბალანსისას ფორსირებული დიურეზის უზრუნველსაყოფად ცისპლატინით მკურნალობის დროს.

სპირონოლაქტონმა შეიძლება გამოიწვიოს დიგოქსინის დონის მომატება. ელექტროლიტური ბალანსის ზოგიერთმა დარღვევებმა (მაგალითად, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია) შეიძლება გააძლიეროს გარკვეული პრეპარატების ტოქსიკურობა (მაგალითად, დიგიტალისის პრეპარატების და Qთ ინტერვალის გაზრდის გამომწვევი პრეპარატების). 

პრეპარატ სემილაქტის ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს ფენიტოინის იმავდროული გამოყენებისას. 

კარბამაზეპინის ან ამინოგლუტეტიმიდის ერთდროულმა გამოყენებამ სეიძლება გაზარდოს ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი.

იმავდროულად მიღებულმა კორტიკოსტეროიდმა შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის შეკავება.

სპირონოლაქტონმაც და კარბენოქსოლონმა შეიძლება დაარღვიოს ამ ნივთიერებების მოქმედება. ამ მხრივ, ლაკრიცა მაღალი რაოდენობებით მოქმედებს კარბენოქსოლონის ანალოგიურად. კორტიკოსტეროიდებმა, კარბენოქსოლონმა, ლაკრიცამ, ბეტა2 - სიმპატომიმეტიკებმა მაღალი რაოდენობებით, აგრეთვე საფაღარათე საშუალებებმა, რებოქსეტინმა და ამფოტერიცინმა ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გაზარდოს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი.

პრობენეციდი, მეტოტრექსატი და სხვა საშუალებები, რომლებიც ფუროსემიდის მსგავსად ექვემდებარებიან მნიშვნელოვან თირკმლის არხისმიერ სეკრეციას, ამცირებენ სემილაქტის ეფექტის დაქვეითებას. ფორუსემიდი, პირიქით, ამცირებს ამ პრეპარატების თირკმლისმიერ გამოდევნას. მაღალი დოზებით მკურნალობისას (კერძოდ, ფუროსემიდით და სხვა პრეპარატებით მკურნალობისას) შეიძლება აღინიშნოს სისხლის შრატში ნივთიერებების დონის მომატება და ფუროსემიდის ან იმავდროულად მიღებული საშუალებების არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ ფუროსემიდს და გარკვეული ცეფალოსპორინების მაღალ დოზებს.

ციკლოსპორინისა და ფუროსემიდის ერთდროული გამოყენება ზრდის პოდაგრული ართრიტის განვითარების რისკს.

შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია ჰიპერქლორემიულ მეტაბოლური აციდოზის ფონზე იმ პაციენტებში რომლებიც პრეპარატ სემილაქტს იღებენ ქოლესტირამინთან ერთად.

ტრიმეტოპრიმის/სულფამეტოქსაზოლის (კო-ტრიმოქსაზოლი) და სპირონოლაქტონის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემია. 

 

ჭარბი დოზირება

მწვავე ან ქრონიკული ჰიპერდოზირების კლინიკური სურათი ძირითადად დამოკიდებულია ელექტროლიტებისა და სითხეების დაკარგვის მასშტაბსა და შედეგებზე: ჰიპოვოლემიაზე, გაუწყლოებაზე, სისხლის შედედებაზე, გულის არითმიებზე, გამოწვეული ძლიერი დიურეზით.

ამგვარი დარღვევების სიმპტომებია მძიმე ჰიპოტენზია (პროგრესირებადი, შოკამდე), თირკმლის მწვავე უკმარისობა, თრომბოზი, ბოდვითი მდგომარეობა, პერიფერიული დამბლა, აპათია და ცნობიერების არევა.

ფუროსემიდის ანტიდოტი ცნობილი არ არის. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ მცირე დროა გასული, პირველი სამედიცინო დახმარების სახით აუცილებელია კუჭის გამორეცხვა და პაციენტისათვის გააქტიურებული ნახშირის დანიშვნა.

მკურნალობა მიმართული უნდა იყოს სითხის ჩანაცვლებაზე და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების აღმოფხვრაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ნაჩვენებია დაკვირვება და მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სტაციონარის პირობებში.

 

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში.

1, 2 ან 3 ბლისტერი ჩანართ-ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან!

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?