Nuk
ალუბალი ზრდა-განვითარების, მშვიდი ძილის და კარგი განწყობისთვის

თარიღი: 30 ივნისი, 2020

ალუბალი - არომატული და სასარგებლო საზაფხულო ხილი, რომლის სამშობლო სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ჩინეთი, კავკასია და ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორია უნდა იყოს. უძველესი ხილია. ძველი ბერძენი მეცნიერის, თეოფრასტეს შრომებში გვხვდება პირველად და ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში იყო. ძველმა რომაელებმა კი ჩვენს წ. აღ-მდე პირველ საუკუნეში გაიცნეს და შეიყვარეს ალუბალი.

ვიტამინების, მინერალების, ანტიქოსიდანტების და საკვები ბოჭკოების წყარო
ბეტა-კაროტინი - ნივთიერება, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, თვალის, ტვინის ფუნქციონირებაზე ზემოქმედებს, ალუბალში ისევე ბევრია, როგორც მოცვში.
შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების სრულ კომპლექსს, მათ შორის ფოლიუმის მჟავას, რაც აუცილებელია სისხლწარმოქნისათვის.
წარმოადგენს C ვიტამინის წყაროს.

ახლა მინერალებს მივყვეთ:
- კალციუმი და ფოსფორი პატარას ძვლებისა და კბილების განვითარებისათვის.
- რკინა - რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისათვის
- ზრდა-განვითარების, ფერმენტული რეაქციების სრულყოფილად წარმართვისათვის, იმუნიტეტის ფორმირებისათვის
ასე აუცილებელი სპილენძი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია.
- გულ-სისხლძაღვთა სისტემის ფუნქიცონირებისათვის სასარგებლო კალიუმი.
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იოდი.
- კბილების და ძვლების ჯანმრთელობისათვის საჭირო ფტორი.
- საკვები ბოჭკოები ნაწლავთა მოქმედების, სასარგებლო ბაქტერიების ზრდისათვის
- სიმსივნის საწინააღდმეგო მოქმედების ფლავონოიდები
- ანთოციანინები ანთები საწინააღმდეგო ეფექტით.
- ზაფხულში ორგანიზმის რეჰიდრატაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წყალი, რომელიც ალუბლის შემადგენლობის 82%-ია.

ალუბალი პატარას მშვიდი ძილისა და კარგი განწყობისათვის
იცოდით, რომ ალუბალი მცირე რაოდენოიბით მელატონინსაც შეიცავს?
მელატონინი ძილის ჰორმონია, რომელიც ჩვენს ორგანიზმში დაბინდების შემდეგ წარმოიქმნება და ძილის ფაზების ნორმალურ მიმდრაოებას უწყობს ხელს.
ალუბლის შემადგენლობაშია სეროტონინიც, რომელიც ჩვენს კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი.

არის თუ არა ალერგიული ხილი
ზოგადად, ალერგიული არ არის, თუმცა არსებობს ინდივიდუალური აუტანლობა და ასეთ შემთხვევაში მისი გამოყნება არ შეიძლება.

როდის, როგორ, რასთან ერთად
თუ თქვენი პატარა 7-8 თვისაა, მოიძიეთ წითელი, დაუზიანებელი მოტკბო ალუბლის ნაყოფი, გარეცხეთ კარგად, გამოაცალეთ კურკა და მოაცილეთ კანი. დააბლენდერეთ.
დასაწყისისათვის მიეცით 2-3 წვეთი, შემდეგ დღეს- ½ ჩაის კოვზი გასინჯეთ, მე-3 დღეს 1 ჩაი კოვზი შესთავაზეთ. თუ შეგუების პროცესმა წარმატებით ჩაიარა, შეგიძლიათ, 2-3 კოვზი დაბლენდერებული ალუბალი მიართვათ. წლის ასაკიდან კი უგრო მეტიც.
თუმცა გაითვალისწინეთ, ალუბალი მომჟავო არომატის ხილია და პატარას რომ მოაწონოთ, გირჩევთ, ის რომელიმე სხვა პროდუქტს შეურიოთ.

ალუბალთან „მეგობრობენ:“
ბანანი, ქლიავი, ვაშლი, ატამი, გარგარი.
გემრიელია ნადუღთან, ხაჭოსთან, იოგურტთან, შვრიის ან ბრინჯის ფაფასთან.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე