Nuk
აუტიზმის სპექტრის ნიშნები გოგონებში

თარიღი: 13 მაისი, 2020

“ თუ თქვენ იცნობთ ადამიანს აუტიზმის სპექტრის აშლილობით, თქვენ იცნობთ მხოლოდ ერთ ადამიანს აუტიზმის სპექტრის აშლილობით”.

აუტიზმი განვითარების კომპლექსური დარღვევაა და მთელი რიგი ნიშნებით ხასიათდება სხვადასხვა სფეროებში. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სპექტრია და ბავშვებს სხვადასხვაგვარად აღენიშნებათ მისი ნიშნები.

აუტიზმი განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევაა, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნების ქცევის, სოციალიზაციის, ადამიანებთან კომუნიკაციის პროცესებზე. აუტიზმის სპექტრის ნიშნები 2 წლამდე ასაკში ვლინდება - თვალით კონტაქტის დამყარების, სახელზე რეაგირების, ინსტრუქციების შესრულების, იმიტაციის, სხვებით დაინტერესების, წარმოსახვითი თამაშის, თუ მეტყველების სირთულეებით.

ბავშვობის ასაკში აუტიზმის სპექტრის დიაგნოზი ბიჭებში 4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში. არსებული თანაფარდობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ბიჭებსა და გოგონებში ნიშნების სხვადასხვაგვარი გამოვლინება. გოგონებს, რომლებსაც აქვთ მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ადრეულ ასაკშივე უსვამენ დიაგნოზს. თუმცა, 2013 წლის კვლევის თანახმად, რომელიც დაფუძნებულია აუტიზმის სპექტრით დიაგნოსტირებული 2500 ბავშვის მონაცემზე, ხშირად, გოგონებში ნიშნები შენიღბულია და არაა თვალში საცემი, ან მკვეთრად გამოხატული, რის გამოც გოგონები რჩებიან დიაგნოზის გარეშე, ან დიაგნოსტირება გვიანდება მოზარდობის ასაკამდე.

შესაძლებელია, რომ თქვენი ქალიშვილი იყოს აუტიზმის სპექტრის მქონე? პასუხი ამ კითხვაზე არ არის ისეთივე ცხადი, როგორიც ბიჭების შემთხვევაში.

მკვლევრების აზრით, სიმპტომები გოგონებთან და ბიჭებთან დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, უბრალოდ გოგონებს უფრო მეტად შეუძლიათ შენიღბონ ისინი, რაც ძალიან ხშირია მაღალფუნქციური აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში. შენიღბვის გავრცელებული ფორმებია: დიალოგის დროს მზერითი კონტაქტის შენარჩუნების მცდელობა, ხუმრობების ან ფრაზების წინასწარ მომზადება დიალოგის წარმოებამდე, სხვათა სოციალური ქცევის მიბაძვა, გამომეტყველებისა და პოზების იმიტაცია.

ერთ-ერთი სირთულე, რომელსაც მკვლევრები აწყდებიან, არის ის, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე გოგონების ქცევა მიჩნეულია ზოგადად გოგონებისთვის მისაღებად და ტიპურად. მაგალითად, აუტიზმის სპექტრის მქონე გოგონა შეიძლება იყოს პასიური, განმარტოებული, სხვებზე დამოკიდებული და დეპრესიული გუნება განწყობის მქონეც კი. შესაძლოა, აკვიატებული ინტერესი ჰქონდეთ რაიმე სპეციფიკური სფეროს მიმართ, თუმცა მათ ნაკლებად იზიდავთ ტექნოლოგიები ან მათემატიკა( ბიჭებისგან განსხვავებით). სამწუხაროდ, დასავლურ კულტურაში, გოგონები, რომლებიც ავლენენ მსგავს ქცევებს, უფრო მეტად არიან შეუმჩნევლები, ან ბულინგის მსხვერპლები, ვიდრე სწორად დიაგნოსტირებულები. ამასთან, ეს ნიშნები ბევრ კულტურაში ფემინურობად ითვლება და არა სირთულედ.

შესაბამისად, ზოგიერთ გოგონას, შესაძლოა, დიაგნოზი საერთოდ არ დაესვას, დაესვას გვიან, ან დაესვას შეცდომით (მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა).

რით განსხვავდებიან გოგონები ბიჭებისაგან?
ქვემოთ მოცემულია განმასხვავებელი ნიშნები აუტიზმის სპექტრის მქონე გოგონებსა და ბიჭებს შორის, რაც ბოლოდროინდელ კვლევებს უფუძნება:
1. ბიჭები, გოგონებთან შედარებით, მეტად არიან მიდრეკილი თამაშის განმეორებითი და ლიმიტირებული ფორმებისკენ.
2. გოგონები, ბიჭებთან შედარებით, უფრო მეტად პასუხობენ არავერბალური კომუნიკაციის მიმანიშნებლებს, მაგალითად, მითითებას ან მზერის მიდევნებას. ისინი, ასევე, არიან მეტად ფოკუსირებულები და ნაკლებად ეფანტებათ ყურადღება.
3. მაშინ, როდესაც ბიჭების პრობლემები სოციალურ კომუნიკაციაში თავს იჩენს ადრეულ ასაკში, გოგონები, შესაძლოა, ახერხებდნენ სოციალური მოთხოვნებისადმი თავის გართმევას ადრეულ ასაკში, თუმცა სირთულეებს აწყდებიან ადრეულ მოზარდობაში.
4. ბიჭებს აქვთ მიდრეკილება გამოავლინონ რთული ქცევა სასურველი ნივთის მისაღებად მაშინ, როდესაც გოგონები მსგავს ქცევას ავლენენ ყურადღების მისაპყრობად.
5. გოგონები უფრო მეტად ხასიათდებიან შფოთვით და/ან დეპრესიით.
6. როდესაც გოგონები ხასიათდებიან აკვიატებული ინტერესებით, ისინი, ძირითადად, ირჩევენ ისეთ ინტერესებს, რომლებიც მიიჩნევა ტიპურად (მაგალითად, სატელევიზიო ვარსკვლავები, ან მუსიკა) მაშინ, როდესაც ბიჭების აკვიატებული ინტერესები მოიცავს ცხრილებს, სტატისტიკას ან ტრანსპორტს.
7. გოგონებს, ბიჭებთან შედარებით, ნაკლებად ახასიათებთ აგრესიული ქცევა და უფრო მეტად არიან მიდრეკილნი პასიურობისაკენ, ან განმარტოებისკენ.
8. ძალიან ხშირია, როდესაც გოგონები ბავშვობაში ავლენენ სოციალურ კომპეტენტურობას, რაც აიხსნება იმით, რომ თანატოლი გოგონების მხრიდან არიან მზრუნველობის ქვეშ, თუმცა ეს მზურნველი გოგონები ასაკის მატებასთან ერთად იჩენენ სხვა ინტერესებსა თუ მეგობრებს და უჩინარდებიან.

არც ერთი ცალკეული სიმპტომი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აუტიზმის სპექტრის არსებობა ვივარაუდოთ. მიუხედავად ამისა, თუ თქვენი ქალიშვილის ასაკის მატებასთან ერთად ზოგიერთი სიმპტომი უფრო მეტად გამოიკვეთა, თქვენ უნდა გაიხსენოთ, ვლინდებოდა თუ არა იგივე სიმპტომები ბავშვობაში. ეს სიმპტომები, შესაძლოა იმდენად მძიმე იყოს, რომ შეზღუდოს ყოველდღიური ფუნქციონირება, თუმცა შეიძლება უმნიშვნელოდაც ვლინდებოდეს და არ უშლიდეს მას ხელს ადაპტაციასა და ფუნქციონირებაში.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რამდენიმე აღენიშნება თქვენს ქალიშვილს, შეფასებისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს:
1. თქვენი ქალიშვილი დამოკიდებულია სხვა ბავშვებზე (ჩვეულებრივ, თანატოლ გოგონებზე), რომლებიც მფარველობენ და მის ნაცვლადაც კი ლაპარაკობენ.
2. თქვენს ქალიშვილს აქვს საკმაოდ შეზღუდული ინტერესები, რომლებიც არის ძალიან სპეციფიკური. მაგალითად, თუ სხვა გოგონები, ძირითადად, რომელიმე სატელევიზიო პროგრამით არიან გატაცებული , გოგონა სპექტრით შესაძლოა აგროვებდეს ინფორმაციას და ლაპარაკობდეს დაუსრულებლად პერსონაჟებზე, ადგილმდებარეობებზე, რეკვიზიტებზე ან მსახიობებზე, მაგრამ ძალიან ცოტა რამ, ან არაფერი იცოდეს სიუჟეტის ან ჟანრის შესახებ.
3. თქვენი ქალიშვილი უჩვეულოდ მგრძნობიარეა ისეთი სენროსული ცვლილებებისადმი, როგორიცაა ხმაური, კაშკაშა სინათლე ან მძაფრი სურნელი (ეს სიმპტომი გოგონებისთვის და ბიჭებისთვის საერთოა).
4. თქვენი ქალიშვილის დიალოგი შეზღუდულია მისთვის საინეტრესო თემებით. მან შესაძლოა გააზიაროს მისთვის სპეციფიკური და შეზღუდული ინფორმაცია, მაგრამ არ ინტერესდებოდეს სხვა ადამიანის პასუხის მოსმენით. ამან შეიძლება შეაფერხოს მეგობრებთან ურთიერთობა ან ახალი ადამიანების გაცნობა.
5. თქვენს ქალიშვილს აქვს ფრუსტრაციის დაბალი ზღურბლი და უჭირს ემოციების კონტროლი, როდესაც იმედგაცრუებულია. მას შეიძლება ჰქონდეს ასაკისთვის შეუფერებელი ზემგრძნობელობა. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ურთიერთობაზე მასწავლებლებთან ან დასრულდეს კლასში ჩატოვებით ან სკოლიდან გარიცხვითაც კი.
6. თქვენი ქალიშვილი განიცდის უჩვეულოდ ძლიერ შფოთვას, დეპრესიასა და უგუნებობას. ეს სიმპტომები არ არის აუტიზმისთვის არსებითი, თუმცა აუტიზმი დაკავშირებულია გუნება-განწყობილებისა და ობსესიურ-კომპულსურ აშლილობებთან.
7. თქვენს ქალიშვილს უჭირს მეგობრების შეძენა ან მათთან ურთიერთობის შენარჩუნება. შესაძლებელია, იგი აღმოჩნდეს არაკომპეტენტური არავერბალური სოციალური მიმანიშნებლების ამოცნობაში. მას ასევე შეიძლება გაუძნელდეს სხვა გოგონების ქცევების - მოდური არჩევანის, ვარცხნილობის ან ჩაცმულობის მიბაძვა, მიუხედავად სურვილისა.
8. თქვენს ქალიშვილს, ჩვეულებრივ, ახასიათებენ, როგორც ჩუმს ან მორცხვს სკოლაში ან სხვა სოციალურ სიტუაციებში. მორცხვობა თავისთავად არ არის აუტიზმის სიმპტომი, მაგრამ იგი ართულებს დიალოგში ჩართვას, ინიციატივის გამოჩენას ან სწრაფ პასუხს სოციალურ სიტუაციებში.
9. თქვენი ქალიშვილი, ჩვეულებრივ, პასიურია. პასიური ქცევები შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ბავშვი არ არის დარწმუნებული როგორ მოიქცეს ან რა თქვას და მან აირჩია უსაფრთხო გზა - თქვას ან გააკეთოს რაც შეიძლება ცოტა.
10. შესაძლებელია, თქვენი ქალიშვილის განვითარება ტიპურად მიმდინარეობდა, მაგრამ მოზარდობის ასაკიდან ანუ მას შემდეგ, რაც სოციალური მოლოდინები ხდება უფრო კომპლექსური და მომთხოვნი, იგი სულ უფრო მეტ სირთულეს აწყდება სოციალურ კომუნიკაციაში.

მასალა მომზადებულია ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სამსახურის ფსიქოლოგის კესო ჭურღულიას მიერ