Nutricia
გვეშინოდეს თუ არა „ბავშვის ჩამორჩენის“ ონლაინსწავლების დროს

თარიღი: 22 სექტემბერი, 2020

როგორ გავუმკლავდეთ ბოლო დროის მთავარ გამოწვევას, ონლაინსწავლებას. როგორ გავაკეთოთ არჩევანი აკადემიურ ჩამორჩენასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის. როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს გაკვეთილზე წყნარად ჯდომა უჭირს და რა ვქნათ, თუ ბავშვის დასწავლის უნარი დაბალია. ამ და სხვა საინტერესო თემებზე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ბავშვთა ნევროლოგმა და ფსიქიატრმა, მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა.

-მედეამოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისათვის.
ბოლო დღეების განმავლობაში მშობლებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემა გადადებული სასწავლო პროცესია.
ყველაფერი განსაკუთრებით რთულადაა პირველკლასელების შემთხვევაშირომლებმაც სწავლა დაიწყესთუმცა
ონლაინსავარაუდოდსკოლებში სწავლა 1 ოქტომბერს განახლდებაშესაძლოა ეს თარიღიც შეიცვალოს,
არადა მშობლები შვილებს სკოლაში მისასვლელად მთელი ზაფხული ამზადებდნენროგორ ავუხსნათ ბავშვს,
რომ ყველაფერირისთვისაც ვემზადებოდითჯერ არ მოხდება?
მედეა ზირაქაშვილი : აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, როდესაც  ირგვლივ ფორს-მაჟორია და არ ვიცით შემდეგ რა იქნება და როგორ. დღესდღეობით ადამიანები მიჩვეულნი ვართ ყოველდღიურობის დაგეგმვას და გაწერას, თუმცა კორონავირუსმა გვიჩვენა, რომ შეიძლება კაცი ბჭობდეს და ღმერთი იცინოდეს. ყველაფრის დაგეგმვა შეუძლებელია. არსებობს სიტუაციები, როცა დინებას უნდა მივყვეთ და დაველოდოთ გამოჩნდეს გამოსავალი. 6-7 თვე ბავშვებს არ ჰქონდათ საშუალება ყოფილიყვნენ ჩართული ასაკობრივ სოციუმში. ეს ეხება როგორც ბაღის, ასევე სკოლის ასაკის ბავშვებს. განსაკუთრებით რთული ვითარება რასაკვირველია პირველკლასელებს აქვთ, რომლებსაც ჯერ ბაღში სწავლება შეუწყდათ და ამდენი ხანი არ ჰქონდათ თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება, ახლა კიდევ სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. თუმცა მიმაჩნია, რომ ბავშვებისთვის სწავლის გადადების შესახებ  ახსნა და ინფორმაციის უმტკივნეულოდ  მიწოდება შესაძლებელია. კორონავირუსზე საუბრით არის მოცული ყველა. გარშემო ძალიან ბევრი ინფორმაციაა და ბავშვებსაც სულ ესმით პანდემიისგან დამცავი რეკომენდაციების შესახებ, ასე რომ, თუ კიდევ ერთხელ, თითოეული მათგანისთვის გასაგებ ენაზე, ჩვენ მშვიდად და აუღელვებლად ავუხსნით, რომ სწავლის დაწყება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადავადდა, ვფიქრობ პატარები გაგვიგებენ.  წელს ჩემი უმცროსი შვილიც პირველკლასელია  და ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი. რთულია, როდესაც იმის მაგიერ, ბავშვი კლასელებს და პედაგოგებს ეცნობოდეს, სახლში ზის და მათ ეკრანიდან ესაუბრება. რაც შეეხება იმას, თუ რა არის სწორი, სამწუხაროდ ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ჩვენ ვართ თაობა, ვისაც პირველად დაატყდა თავს კოვიდის დამანგრეველი ეფექტი, მასთან ბრძოლის გამოცდილება არ არსებობს, აქედან გამომდინარე ყველაზე სწორი ალბათ მაინც ის იქნება, რომ დავმშვიდდეთ და დინებას მივყვეთ, მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, რადგან მშობლის ქცევა არის  მოდელი ბავშვისთვის. ვეცადოთ, რომ ბავშვების თანდასწრებით არ გავამახვილოთ ყურადღება იმ გამოწვევებზე, რასაც ონლაინ სწავლება გვიჩენს, ოჯახის წევრებთანაც კი მოვერიდოთ ონლაინ სწავლების სირთულეების და ნაკლოვანებების  შესახებ საუბარს. არ შფოთავს მშობელი, არ შფოთავს ბავშვიც. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია ისე, რომ მათ ეს სწორად აღიქვან. სირთულეების მიუხედავად ვისაუბროთ იმ ბენეფიტებზე, რაც ონლაინ სწავლებას აქვს. ასეთი არც ისე ბევრია, მაგრამ მაინც…. მაგალითად, 8 თვიანი სახლში გამოკეტვის პერიოდის შემდეგ ბავშვისთვის შესაძლოა ბევრად უფრო სტრესული იყოს მშობლის გარეშე, ახალ სოციუმში, დამოუკიდებლად ჩართვა. საერთოდ, სკოლაში მისვლა ბავშვისთვის ისედაც სერიოზული სტრესია: „რთული ხომ არ არის სწავლა? მოვეწონები,ან მომეწონება მასწავლებელი?, როგორ შევეგუები ჩემს თანაკლასელებს, ბაღის მეგობრებს რომ ვეღარ ვნახავ?“ და კიდევ მრავალი შეკითხვა არ აძლევს ჩვენს პატარებს მოსვენების საშუალებას. მით უმეტეს იმ ფონზე, თუ მას ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა და ფაქტიურად გადაჩვეულია თანატოლებთან და მასწავლებელთან ურთიერთობას. დისტანციური სწავლების პირობებში,  მას შეუძლია პედაგოგებს და კლასელებს, ოჯახის წევრებთან ერთად, საკუთარი სახლიდან გაეცნოს, რაც შეუმცირებს სტრესს. აუცილებლად ხაზი გავუსვათ ამ ინფორმაციის მიწოდებისას, რომ აღნიშნული მდგომარეობა დროებითია,წინ კიდევ 11 წელი აქვს და დიდი დროის გატარება მოუწევს კლასელებთან, შესაბამისად მხოლოდ გარკვეული პერიოდით უნდა შეეგუოს სწავლების ონლაინ რეჟიმს.

-მშობლებისათვის შფოთვის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათი აზრით დისტანციური  სწავლისას ბავშვი ჩამორჩება და ვერ მიიღებს სათანადო განათლებას. ეს შიში ალბათ საფუძვლიანია, რადგან ონლაინ სწავლების დროს ბავშვები მასწავლებელთან კომუნიკაციის ნაკლებობას განიცდიან და ვერ იღებენ ინფორმაციას საჭირო დოზით. თქვენი აზრით რამდენად საფუძვლიანია შიში, რომ განსაკუთრებით დაწყებით კლასებში მყოფი ბავშვები ვერ ისწავლიან ონლაინ ისე, როგორც უნდა ისწავლონ?
მედეა ზირაქაშვილი: მოდით დავეყრდნოთ იმ კვლევებს, რომლებიც დღეს არსებობს. თუ გადავხედავთ ინტერნეტ სივრცეს და მედიას, ათეულობით საინტერესო კვლევას აღმოვაჩენთ.მაგალითად „ფორბსის“  მაისის თვის ერთერთ სტატიაში, სახელწოდებით „ბავშვთა განათლება არ არის ის საკითხი, რომელზედაც ასეთი დოზით უნდა ვშფოთავდეთ,არამედ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ, რასაც მათი მენტალური ჯანმრთელობა ჰქვია“, აქცენტი კეთდება, რომ ბევრად უფრო საყურადღებოა პირისპირ ურთიერთობების შეზღუდვით და სოციალური დისტანცირებით გამოწვეული  შედეგების მონიტორინგი,ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ანუ : სხვა ბავშვებთან თამაშის შეზღუდვამ, ურთიერთობების დამყარების და შენარჩუნების შეუძლებლობამ, ემოციების ვენტილაციის დეფიციტმა, სათამაშოების გაყოფის, თხოვების, ინტერაქციული სოციალური თამაშების შეუძლებლობამ, სავსებით შესაძლებელია თვითშეფასების და მომატებული შფოთვის ნიშნები გამოიწვიოს. როდესაც მოსახლეობა შფოთავს იმაზე, რომ აკადემიურად წარმატებული ეს წელი შეიძლება არ იყოს, ამ დროს მათ თითქოს ავიწყდებათ, რომ  სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია: სასწორის ორ პინაზე ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადამწონი ფაქტორები, ერთისმხრივ ფიზიკური ჯანმრთელობა და სიცოცხლისთვის საშიში დაავადება და მეორესმხრივ გარკვეული შტრიხები აკადემიურ მოსწრებაში ჩამორჩენასთან დაკავშირებით. თუ მშობელი დეტალურად დაუკვირდება რა არის უპირატესი, მიხვდება, რომ ბავშვების ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.მოდით , ნუ გავასწრებთ მოვლენებს,დაველოდოთ პირველ ოქტომბერს ,როდესაც გვპირდებიან,რომ სწავლას ბავშვები სასკოლო ოთახებში განაგრძობენ. ჩვენს გარშემო არაერთი ვირუსული ინფექციაა, რომელთან თანაცხოვრებაც ჩვენ ვისწავლეთ.  ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრებაც, დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც შესაბამისი ორგანოები გვაძლევენ და  მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მოვახდინოთ დაავადების პრევენცია. ასეთ შემთხვევაში იმასაც მივაღწევთ, რომ სკოლები გაიხსნას და სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ წარიმართოს.

-მინდა გავაგრძელოთ პირველკლასელთა თემით. ძალიან ხშირად პედაგოგები მშობლებს მოუწოდებენ, რომ ბავშვებს თვითონ არ ასწავლონ სახლში, რადგან მასწავლებლებს განსხვავებული მეთოდები აქვთ და მათ შეუძლიათ ბავშვებს ახალი ინფორმაცია ისე მიაწოდონ და ისე ასწავლონ იგივე ანბანი და რიცხვები, რომ მათთვის სტრესული არ იყოს. თუმცა რა უნდა გავაკეთოთ ახლა, როდესაც სწავლება ონლაინ მიმდინარეობს და არის შანსი რომ ასეც გაგრძელდეს? რეალურად ხომ ვიცით, რომ აკადემიური მოსწრება დაბალი იქნება და ამის ფონზე ხომ არ აჯობებს მშობლები მიუსხდნენ შვილებს და თავადაც მიიღონ სწავლების პროცესში მონაწილეობა?
მედეა ზირაქაშვილი: ეს ძალიან საინტერესო კითხვაა და მას რეალურად ორი მხარე აქვს. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ყველა მშობელი არ არის დაჯილდოებული უნარით, ბავშვს სასწავლო ინფორმაცია ადეკვატურად მიაწოდოს. ამიტომაც არსებობს პედაგოგის პროფესია, ამ პროფესიის ადამიანებმა უკეთ იციან როგორ მიაწოდონ ბავშვს ინფორმაცია. მათ იციან, თუ როგორ აუმაღლონ ბავშვს ცნობისმოყვარეობა და მოტივაცია და ამით მეტად ჩართონ ის სასწავლო პროცესში. თუმცა ამ პროცესების პარალელურად ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ სხვადასხვა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სწავლების პროცესზე დაკვირვებით. მაგალითად, კარანტინის პერიოდში, რომ არ შეწყვეტოდათ რეაბილიტაციის პროცესი, მათთვის ამოქმედდა თერაპიის ონლაინ პროგრამა, ონლაინ გაკვეთილები, რომელიც შესანიშნავ შედეგს იძლეოდა. განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან მსოფლიო პრაქტიკაში მშობლებით გაშუალებული თერაპიები ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება. კარანტინის დროს,გარკვეულწილად მშობლებმაც მოირგეს თერაპევტის როლი და შეძლეს, დახმარებოდნენ საკუთარ შვილებს. ვფიქრობ, დღეს ის მდგომარეობა გვაქვს, როცა საქმე ასარჩევად არ გვაქვს, ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე, უნდა დავეხმაროთ საკუთარ შვილებს, რომ არ ჰქონდეთ მნიშვნელოვანი აკადემიური ჩამორჩენა. ვფიქრობ, მშობელი უნდა იყოს გამაშუალებელი პედაგოგსა და მოსწავლეს შორის, მან უნდა შეძლოს მოირგოს როლი, რომელიც ახლა მის შვილს ძალიან სჭირდება. რასაკვირველია აბსოლუტურად მესმის მშობლების, რომლებიც ძალიან დატვირთული არიან და მუშაობენ. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია, როდესაც უნდა იმუშაო, იზრუნო ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე,  საოჯახო საქმეებზე და შემდეგ უკვე შვილთან დაჯდე, ჯერ თვითონ გაკვეთილზე და შემდეგ დაეხმარო გაკვეთილების მომზადებაში. იმედი ვიქონიოთ,რომ დროებითია ეს ყველაფერი და ვიპოვით ამ სიტუაციიდან შედარებით უმტკივნეულო გამოსავალს.

-შემდეგი კითხვა არ ეხება მხოლოდ პანდემიის პერიოდის პრობლემას, თუმცა ახლა განსაკუთრებით აქტუალურია. ზოგ ბავშვს უბრალოდ არ შეუძლია წყნარად, გაუნძრევლად იჯდეს ერთ ადგილას 35 წუთის განმავლობაში. შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ სიცელქის, ან გარკვეული ქცევითი პრობლემის, ჰიპერაქტიურობის ბრალი. რა გამოსავალია ამ დროს? რა უნდა გავაკეთოთ, რა დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ მას?
მედეა ზირაქაშვილი:  ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ქცევით, ტემპერამენტით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს პედაგოგმა ბავშვებთან ინდივიდუალურად იმუშაოს. თუ გადავხედავთ რეკომენდაციებს ვნახავთ, რომ ჰიპერაქტიური ბავშვების მართვისთვის არსებობს სხვადასხვა ხერხები, თუმცა ყველაზე მორგებული უნიკალური ფორმულა არ  არსებობს და ყველა ბავშვთან საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა. საჭიროა  დაწესდეს გარკვეული სტაბილური შეზღუდვები წესებთან დაკავშირებით და პარალელურად ვიყოთ ლოიალურები გარკვეულ საკითხებში. ჰიპერაქტიურობის, ერთ-ერთი სერიოზული  მიზეზი, რის გამოც ბავშვი შეიძლება ვერ ჩერდებოდეს საკლასო ოთახში, არის ნაკლები ფიზიკური დატვირთვა სახლის გარემოში. დღეს ბავშვები ნაკლებად არიან დატვირთული ფიზიკურად. როდესაც ბავშვი ფიზიკურად დატვირთულია, მას უბრალოდ ენერგია აღარ რჩება, რომ გაკვეთილებზე ჰიპერაქტიური იყოს. ამის მიღწევა მარტივად შეიძლება არა მედიკამენტებით, არამედ ფიზიკური აქტივობებით. პირველი რეკომენდაცია, რასაც გავცემთ ასეთ ბავშვებთან მიმართებაში, ეს არის სწორედ ფიზიკური დატვირთვა, სპორტულ აქტივობებში ჩართვა. შეიძლება ზოგიერთ მშობელს გაეცინოს, მაგრამ ჰიპერაქტიური ქცევის მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება იყოს არაკომფორტული  გარემო.  ბავშვებს, ვისაც აქვთ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ძალიან ხშირად აქვთ სენსორული დეზინტეგრაციის ნიშნები. შესაძლოა აღიზიანებდეთ მაგიდის ზედაპირის ფაქტურა, განათება, ტემპერატურა, ხმაურის დონე გარემოში. ასევე ნებისმიერი დისტრაქტორი მათთვის უფრო მარტივად განაპირობებს ყურადღების გაფანტვას. უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი ბავშვი მოშორებით იჯდეს  ფანჯრიდან, კარიდან. ონლაინ სწავლების პირობებში, ოთახში არ იყოს ბევრი ხალხი, დედმამიშვილები, ჩართული არ უნდა იყოს ტელევიზორი, მშობელმა უნდა შეძლოს მშვიდი და სამუშაოზე ორიენტირებული გარემო შექმნას ოთახში.ბავშვისათვის კომფორტული განათება და ტემპერატურა შექმნას ირგვლივ.სკოლის გარემოში, კი საკლასო ოთახში,ჰიპერაქტიური ბავშვი უნდა იჯდეს პედაგოგთან რაც შეიძლება ახლოს. პედაგოგი ავტორიტეტული ფიგურაა პირველკლასელისთვის, ბავშვთან ახლოს ყოფნით და მასთან უშუალო კომუნიკაციით ის მას აგრძნობინებს, რომ ბავშვის გვერდითაა.ასევე ასეთ ბავშვს თუ დავუყოფთ დავალებებს,   ნაწილებად ეს ბავშვს  გაუიოლებს საქმეს და ისიც უფრო მარტივად გაართმევს თავს სავარჯიშოებს. შეგვიძლია ასეთ ბავშვებთან ჩავრთოთ დაჯილდოების ტექნიკებიც, რაც ზრდის მათი სწავლებაში ჩართულობის მოტივაციას.ხშირად  ჰიპერაქტიურ ბავშვს სვამენ ხოლმე „სანიმუშო“ ქცევის მქონე ბავშვის გვერდით, თუმცა დღესდღეობით აქაც გასათვალისწინებელია გარკვეული რეკომენდაციები, თუ  ბავშვს არ მივცემთ გაკვეთილის მსვლელობისას, გარკვეული  აქტივობების განხორციელების საშუალებას,მას გაუჭირდება მთელ საგაკვეთილო პროცესში სიმშვიდის შენარჩუნება.მას უნდა შეეძლოს მსუბუქი, წინასწარ დაგეგმილი მოძრაობების განხორციელება, რომელიც მასწავლებელს არ შეუშლის ხელს გააგრძელოს სასწავლო პროცესი და მასაც შესაძლებლობა ექნება დაიკმაყოფილოს მოძრაობის მოთხოვნა, ბავშვებს ვასწავლით ხოლმე მარტივ ვარჯიშებს, როგორიცაა ფეხების გაშლა-მოხრა, ხელების მოძრაობები, გადაადგილება ისე, რომ ოთახში ხმაური არ გამოიწვიოს. 

საინტერესოა,რომ ონლაინ გაკვეთილებზე, ჰიპერაქტიურ ბავშვებს შესაძლოა უადვილდებოდეს კიდეც დასწრება. ამის მიზეზი ის არის, რომ ძალიან ხშირად ონლაინ გაკვეთილის დროს ბავშვს გვერდით უზის მშობელი, რომლიც ეხმარება სტრუქტურის შენარჩუნებაში.იცის ბავშვის გამოწვევები და დასწავლილი ტექნიკებით, ცდილობს მისი ქცევის მართვას.გარდა ამისა, ონლაინ გაკვეთილის დროს ბავშვს შეუძლია გაიარ-გამოიაროს ოთახში, იდგეს გაკვეთილის მსვლელობისას  და ა.შ. თუ საუბარი არის ნამდვილად ჰიპერაქტიურ ბავშვებზე, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ გაუნძრევლად ისხდნენ 35 წუთის განმავლობაში. მათ ჭირდებათ პატარა შესვენებები, გარკვეული ფიზიკური ატივობებით და მერწმუნეთ, შედეგად მათი ჩართულობა იქნება გაცილებით ეფექტური.

-ვისაუბროთ კიდევ ერთ აქტუალურ პრობლემაზე, დასწავლის უნარის თუ უუნარობის შესახებ. როდის უნდა დაფიქრდეს მშობელი იმაზე, რომ ბავშვს შესაძლოა აქვს ეს პრობლემა და როდის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ბავშვი სკოლაში ერთი წლის დაგვიანებით მივიყვანოთ?
მედეა ზირაქაშვილი: სანამ ამ საკითხზე გადავალთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ სასკოლო მზაობას, რაზეც წინა გადაცემებში ბევრჯერ გვისაუბრია,  სასკოლო მზაობისათვის რაღაც გარკვეული სტანდარტი არ არსებობს. მკაცრად ვერ ვიტყვით, რომ ეს ბავშვი მზად არის ან არ არის მზად, სკოლაში წასავლელად. გარკვეული ტესტებით ამას ვერ შევაფასებთ იმიტომ, რომ ეს კომპლექსური ფენომენია. სასკოლო მზაობა ბავშვის მხრიდან, რამოდენიმე  სფეროს ჰარმონიულ განვითარებას , მშობლის ჩართულობას და სკოლის მხრიდან,სწავლისათვის  მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემოს შექმნას ნიშნავს.რომელიმე კომპონენტის ამოვარდნის შემთხვევაში შესაძლოა ბავშვს შეექმნას სირთულეები სწავლაში.კონკრეტულად დასწავლის სირთულეები-არსებობს ასეთი დიაგნოსტიკური  ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ბავშვების ინტელექტუალური განვითარება ასაკის შესაბამისია, თუმცა  მათ მაინც აქვთ გარკვეული სირთულეები : წერის, კითხვის, ანგარიშის თვალსაზრისით. რთულია ასე ერთი ხელის მოსმით გადავწყვიტოთ ბავშვი მივიყვანოთ თუ არა სკოლაში, რადგან არ ვიცით გაუჭირდება, თუ პირიქით რომ არ მოველით ისე დაძლევს გარკვეულ, არსებულ პრობლემებს. არ ვარ მომხრე დაცდის, ამიტომ ხშირად ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, ბავშვმა დაიწყოს სწავლა და  და თუ შემდეგ იქნება გარკვეული პრობლემა, შემდეგ ვიზრუნოთ  დასწავლის უნარების ხელშეწყობისთვის. აუცილებელია მშობლებმა  ყურადღება გაამახვილონ დასწავლის სპეციფიურ სირთულეებზე და არ აერიოთ ეს ტერმინი ინტელექტუალური დარღვევებით მიმდინარე სხვადასხვა პრობლემებში. არსებობს ( მსმენელისთვის გასაგებად) გონებრივი ჩამორჩენილობით ანუ ინტელექტუალური პრობლემებით განპირობებული სწავლის სირთულეები და ასეთ შემთხვევაში მიდგომა აბსოლუტურად განსაკუთრებული უნდა იყოს და ამისთვის მშობელი წინასწარ უნდა ემზადებოდეს.  როდესაც საუბარი გვაქვს ინტელექტუალური პრობლემებით განპირობებულ სწავლის სირთულეებზე, ამ დროს აუცილებელია აკადემიური პედაგოგის აყვანა, რომელიც ბავშვს ინფორმაციას მისთვის გასაგებ ენაზე მიაწვდის. ასევე მინდა მშობლებს მივანიშნოთ, ყურადღება მიაქციონ ბავშვის ენობრივ უნარებს. როდესაც ჩვენ ადრეულ ასაკში ბავშვს ვაძლევთ დავალებას, მაგრამ ვხედავთ, რომ მას უჭირს დავალების შინაარსის გაგება, არა აქვს ასაკის შესაბამისი წინადადებებით საუბრის უნარი და უჭირს სოციუმში ჩართულობა თავისი საკომუნიკაციო უნარების შეფერხების გამო,  არავითარ შემთხვევაში ეს ყურადღების გარეშე არ დავტოვოთ, რადგან ეს ყველაფერი მოგვიანებით ასაკში შესაძლოა აისახოს სწავლის უნარზე. ამიტომ თუ ბავშვი გვიან იწყებს ლაპარაკს, მისი ლექსიკა არ არის გამართული და ენობრივ უნარებში თანატოლებს ჩამორჩება, აუცილებლად სკოლაში მისვლამდე უნდა მივიყვანოთ მეტყველების სპეციალისტთან. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ იმ მნიშვნელოვანი პრობლემების პრევენცია, რაც შესაძლოა მომავალში მოყვეს ამ ყველაფრის უყურადღებოდ დატოვებას.

-მინდა დავსვა შეკითხვა, რომელიც ალბათ ყველა მშობლისთვის ყველაზე აქტუალურია. როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენი შვილის წარმატებას? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი შვილი გახდეს წარმატებული? სად არის წარმატების ფორმულის გასაღები? არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები. მშობელთა ნაწილი თვლის, რომ ბავშვს არ უნდა დააძალოს ერთდროულად დიდი ოდენობის ინფორმაციის მიღება და დასწავლა, მეორე ნაწილი კი ცდილობს ბავშვი აქტიურად, ადრეული ასაკიდან ჩართოს სხვადასხვა ტიპის აქტივობებში, ატაროს წრეებზე, ენებზე და ა.შ. ასეთი მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვი ასე უფრო განვითარებული იქნება და ბევრს ისწავლის, რაც მომავალში მას წარმატებულს გახდის. მაინც რა არის სწორი? როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვი ბედნიერიც იყოს, იპოვოს თავისი გზა და თან იყოს წარმატებულიც?
მედეა ზირაქაშვილი: ძალიან კარგი წინადადება თქვით :“ ბავშვი იყოს ბედნიერი…….“ ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი ვიცით, რომლებსაც სულაც არ ჰქონიათ ბედნიერი ბავშვობა და არც ზრდასრულობაში წარმატებული ადამიანი არ ნიშნავს, რომ ის ბედნიერია. რთულია  ბალანსის დაჭერა იყო ბედნიერიც და წარმატებულიც. ეს არ არის ერთი და იგივე ცნება, თუმცა ისინი შეიძლება თანაარსებობდნენ. ისევე როგორც ყველაფერ დანარჩენში, არც ამ შემთხვევაში არსებობს უნიკალური ფორმულა. ის, რაც მუშაობს ერთი ბავშვის და ოჯახისთვის, შეიძლება მეორეს არ გამოადგეს. თუმცა ვინაიდან თქვენი გადაცემით, ჩვენ ყოველთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციით ვავრცელებთ რეკომენდაციებს, აქაც გამოვიყენებ იმ მტკიცებულებებს, რაც კვლევების სახით არსებობს.ცნობილია,რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობად წარმატების მისაღწევად დასახელებულია კარგი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ბავშვის მხრიდან. ამაზე ზრუნვა იწყება ძალიან პატარა ასაკიდან. შესაბამისად იქამდე, სანამ მშობელი წარმატების ფორმულას სხვადასხვა დამხმარე საშუალებებში დაუწყებს ძებნას, მნიშვნალოვანია არ დაავიწყდეს საკუთარი როლის, ბავშვთან დამოკიდებულების,შვილის უპირობო მიღების და აღზრდის სტილის შესახებ. არ შემიძლია არ მოვიყვანო მაგალითად  Harvard Kennedy School (HKS) -ის პროფესორის რონალდ ფერგუსონის  წიგნი, რომელიც ეფუძნება წარმატებული ადამიანების ცხოვრების ისტორიებს და მათ მშობლებთან ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს,რომლებსაც ის წლების განმავლობაში აგროვებდა.  წარმატების უმნიშვნელოვანეს წინაპირობად წიგნში მოყვანილია „ეფექტური“ მშობლის ტიპაჟი,რომელიც ირგებს  სხვადასხვა როლს შვილის აღზრდის პროცესში. ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მშობელმა რამდენიმე სხვადასხვა როლის მორგება უნდა შეძლოს მის ცხოვრებაში. ძალიან საინტერესოა, რომ ამ როლებში არაფერი განსაკუთრებულად რთული არ არის, უბრალოდ ჩვენ უნდა გვქონდეს მათი მორგების სურვილი და მოტივაცია და რაც მთავარია დრო. მნიშვნელოვანია მშობლის ხელშეწყობა ადრეულ ასაკში. როდესაც მშობელი ბავშვს ეხმარება ახალი აქტივობების მოსინჯვაში და შესაბამისად  განვითარებაში, იგი შვილს ხელს უწყობს გახდეს უფრო ცნობისმოყვარე და მოტივაციას უმაღლებს ცოდნის , ახალი ინფორმაციის მიღებისადმი, ეხმარება პრობლემის გადაჭრის ინდივიდუალური გზების ძიებაში, და ასე “ ადრეულ სწავლებაში, მისი  პარტნიორი ხდება“. მეორე როლი ეხება დახმარებას, გარემოს ადეკვატურად მორგება, მისგან საუკეთესოს აღებას და გამოყენების დასწავლას, ე.წ.“ფრენის ინსტრუქტორი“მშობელი. ბავშვმა იცის რა სჭირდება სკოლისგან, რა უნდა აიღოს მაქსიმალურად საკუთარი რესურსების გათვალისწინებით .ასევე „ მშობელი ფიქსატორი“, რომელიც ზუსტად იჭერს და იღებს საკუთარ შვილს უპირობოდ და სჯერა,რომ მის შვილს ყველაფერიც გამოუვა, საკმარისია მსუბუქი მხარდაჭერა,არ არის აუცილებელი მაღალი სოციო- ეკონომიკური სტატუსი წარმატებისთვის,როდესაც არსებობს მოტივაცია და მონდომება, „ კედლებს გაიტანენ ერთიანი ძალისხმევით“. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს“ აღმომჩენი და ფილოსოფოსი“ მშობლების როლებიც, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ზრუნავენ ინტერესების  გაღვივებაზე, ბავშვის ძლიერ მხარეებზე მორგებული უნარების განვითარებაზე. პასუხობენ ყველა შეკითხვაზე რომელიც ბავშვს უჩნდება და სთავაზობენ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, ბავშვის არჩევანის თავისუფლებით. „მომლაპარაკებელი“ მშობელი ასწავლის საკუთარი უფლებების, პოზიციის დაცვას, და ამავდროულად კომპრომისზე წასვლის ხელოვნებასაც აზიარებს…..და ბოლოს „ნავიგატორი“ მშობლის ხმა რჩება მას შემდეგაც, რაც ადამიანი აბსოლუტურად დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს.მას მუდმივად ახსოვს ის პრინინციპები,რომლითაც აღზარდეს, პრირორიტეტები,რომლებიც მიზნად დაუსახეს და თავისუფლად ახერხებს მყარ საძირკველზე ახალი აგურების დადებას.

წყარო: https://fortuna.ge/