ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა

თარიღი: 09 მარტი, 2018

ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა.

მას თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც კლინიკა აღიჭურვა SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12, რომელიც რეგიონში ექსკლუზიურია და პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ. მას შემდეგ ცენტრში დაინერგა ინსულტის მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი.

 

ასაკის მატებასთან ერთად ინსულტის რისკი იზრდება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ასაკისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ცერებროვასკულური პათოლოგია. ათეროსკლეროზული თრომბოემბოლიზმი, კარდიოგენული ემბოლიზმი და პირველადი (ჰიპერტენზიული) ინტრაცერებრული ჰემორაგია ვითარდება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში. თუმცა რიგი რეკომენდაციების გათვალისწინებით ინსულტისგან თავის არიდება შესაძლებელია!

 

სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თათული გუბელაძე.

 

– რა არის ინსულტი?

– ინსულტი ეწოდება მწვავედ განვითარებულ ნევროლოგიურ დეფიციტს, რომელიც განპირობებულია ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიით. სისხლძარღვოვანი დაავადებები გულისხმობს ყველა იმ დაზიანებას, რომლის მიზეზიც ტვინის სისხლძარღვებში პათოლოგიური პროცესია. ეს პროცესი თავის მხრივ, მრავალფეროვანია და მოიცავს სისხლძარღვის სანათურის დახშობას თრომბული ან ემბოლური მასით, სისხლძარღვების გაგლეჯას და/ან მისი კედლის განვლადობის ზრდას, სისხლის სიბლანტის მომატებას ან მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ცვლილებებს.

 

– რას გვეტყვით იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტზე?

– სისხლძარღვოვანი პათოლოგიის შედეგად ტვინის პარენქიმაში განვითარებული დაზიანებები ორ ძირითად ტიპად იყოფა. განასხვავებენ ცერებრულ იშემიას და თავის ტვინში სისხლჩაქცევას. 

იშემიური ინსულტი ეწოდება სისხლძარღვის თრომბოემბოლიური დაზიანების, ცერებრული მიკროანგიოპათიის, ვასკულიტის ან თავის ტვინის ვენების სინუსთრომბოზის შედეგად განვითარებულ ტვინის ქსოვილის იშემიას ინფარქტის განვითარებით ან მის გარეშე.

თავის ტვინში სისხლჩაქცევა ვითარდება ტვინის სიხლძარღვების გაგლეჯის შედეგად ტვინის პარენქიმაში ინტრაცერებრული ჰემატომის განვითარების -ჰემორაგიული ინსულტის ან სუბარაქნოიდური სისხლჩაქცევის სახით.

 

– რა სიმპტომატიკით ხასიათდება ინსულტი?

– დაზიანებული ვასკულური აუზის ლოკალიზების და იშემიური კერის მიხედვით განასხვავებენ წინა ცირკულაციის ინსულტს (კაროტიდული აუზი) და უკანა ცირკულაციის ინსულტს (ვერტებრო-ბაზილარული აუზი). 

წინა ცირკულაციის ინსულტები იწვევენ კეროვან სიმპტომებს და ნიშნებს, რომლებიც მიგვითითებენ ჰემისფეროების დისფუნქციაზე, კერძოდ: აფაზიას (მეტყველების დარღვევა ან დაკარგვა), აგნოზიას (საგანთა, პირთა და მოვლენათა ცნობის უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა), აპრაქსიას (მიზანდასახული მოქმედების შესრულების უნარის დაკარგვა), მხედველობის ველის დეფექტებს, ჰემი (არასრული დამბლა, სხეულის ერთი ნახევრის თავისუფალ მოძრაობათა შესუსტება) ან მონოპარეზებს (ერთ–ერთი კიდურის ნაწილობრივი დასუსტების სიმპტომი), ჰემისენსორულ დარღვევებს. ზოგადტვინოვანი ნიშნებიდან შესაძლოა იყოს ცნობიერების შეცვლა, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება ბრადიკარდია (გულისცემის შენელება).

უკანა ცირკულაციის ინსულტები იწვევენ ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც მოიცავს ცნობიერების დაქვეითებას, თავბრუსხვევას, გულისრევას და პირღებინებას, კრანიული ნერვების დაზიანების სიმპტომოკომპლექსს, ატაქსიას (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), ჰემიპარეზს (სხეულის ერთი ნახევრის თავისუფალ მოძრაობათა შესუსტება), მგრძნობელობის დარღვევებს, იშვიათად მხედველობის ველის დეფექტებს.

 

– როგორ მკურნალობთ ინსულტს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

– ქირურგიის ექოვნული ცენტრი წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ, პოლიპროფილურ კლინიკას, სადაც მწვავე ინსულტის მკურნალობის ყველა პირობა არსებობს.

ჩვენს კლინიკაში ხორციელდება იშემიური ინსულტის მკურნალობის სტადიები: 

• უმწვავესი სტადიის მენეჯმენტი;

• ცირკულაციის აღდგენისა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები; 

• ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია;

• ინსულტის განმეორებისა და ვასკულური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები (მეორადი პრევენცია);

• ჩვენს კლინიკაში ასევე ხორციელდება ჰემორაგიული ინსულტის მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა. 

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ხორციელდება ოკლუზიური სისხლძარღვის რეკანალიზების და იშემიური ქსოვილის რეპერფუზიის ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიჩნეული ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის ინტრავენული გამოყენება, რაც მიღებულია სიმპტომების გამოვლენიდან 3-6 საათიანი თერაპიული ფანჯრის პერიოდში. ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის გამოყენებისას საჭიროა ჩართვის მკაცრი კრიტერიუმების დაცვა. ინტავენული თრომბოლიზისი ამცირებს პოსტინსულტურ ნევროლოგიურ დეფიციტს.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სათანადო ჩვენებით წარმატებით ტარდება საძილე არტერიის ბალონური ანგიოპლასტიკა (პერკუტანური ტრანსლუმინური კაროტიდული ან ვერტებრული არტერიების ანგიოპლასტიკა) და ტუბულარული მეტალის სტენტებით, შევიწროებული ცერებრული არტერიების სანათურის სტენტირება. ასევე წარმოებს კაროტიდული ენდარტერექტომია.

 

– შესაძლებელია თუ არა ინსულტის პრევენცია და რა რეკომენდაციის გათვალისწინებას ურჩევდით ჩვენს მკითხველს.

– განასხვავებენ იშემიური ინსულტის განვითარების არამოდიფიცირებად და მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებს. არამოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები ეწოდება ისეთ რისკ-ფაქტორებს, რომელზეც ზემოქმედება შეუძლებელია.

არამოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებს კი მიეკუთვნება ასაკი, სქესი და მემკვიდრეობა. 

მოდიფიცირებად რისკ–ფაქტორებს განეკუთვნება ისეთი რისკ-ფაქტორები, რომელზეც შესაძლებელია ზემოქმედება. ინსულტის მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები მოიცავს არტერიულ ჰიპერტენზიას, სიმპტომურ ან ასიმპტომურ კაროტიდულ სტენოზს, გულის დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, თამბაქოს მოხმარებას, მოციმციმე არითმიას. ზემოთ აღნიშნული დაავადებების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა წარმოადგენს ინსულტის პრევენციას.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ ნევროლოგს თათული გუბელაძეს ნომერზე 577 31 77 74

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

წყარო: https://kirurgia.ge/