ქრონიკული ვენური დაავადებების მკურნალობა და პრევენცია

თარიღი: 28 მაისი, 2018

სიმძიმე ქვედა კიდურებში, წვის ან ტკივილის შეგრძნება, ფეხების შეშუპება…

ეს სიმპტომები მიგვანიშნებს, რომ ვენური დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში ვართ. როგორც წესი, ტემპერატურის მატებასთან ერთად პრობლემაც მწვავდება. ვენური დაავადებების აღმოცენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი დიდხანს დგომა/ჯდომა და ჭარბი წონაა. იგი მოსახლეობის 15 %-ს აწუხებს. ვენების ვარიკოზული გაგანიერება არ არის მხოლოდ ტკივილი და დისკომფორტი ქვედა კიდურებში, ეს არის კოსმეტიკური პრობლემაც, რაც ძალიან უსიამოვნოა როგორც ქალბატონებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ხშირად ისმის კითხვები: შეიძლება თუ არა ვენური პრობლემების დროს რუჯი და აქტიური ფიზიკური დატვირთვა; შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის სრულებით აღმოფხვრა და რა შეიძლება გავაკეთოთ მისი პრევენციის მიზნით. ამ და სხვა საკითხებზე  ამტელ ჰოსპიტალის ანგიო-მიკროქირურგს, მედიცინის აკადემურ დოქტორს, ბ-ნ დავით ავაზაშვილს მივმართეთ:

 

ბატონო დავით, როგორ შეიძლება ვენური პრობლემების განვითარების თავიდან აცილება?

ვენების პრობლემებს ჰიპოდინამიური ცხოვრების წესი განაპირობებს. თუ ვენა მორფოლოგიურად შეიცვალა და ჩამოყალიბდა ვარიკოზი, აქტიური ინვაზიური ჩარევების გარდა ვერაფერი გააქრობს. ჩვენ შეგვიძლია შევეცადოთ, რომ ეს მორფოლოგიური სუბსტატი არ ჩამოყალიბდეს, ან მაქსიმალურად გადავავადოთ მისი ჩამოყალიბება. აუცილებელია მოძრაობა. ძველი ბერძნებიც ამას ამბობდნენ, რომ სიცოცხლე არის მოძრაობა და მოძრაობა არის სიცოცხლე.

 

თუ დღის განმავლობაში ძირითადად ვზივართ, საღამოს 1 საათით გასეირნება შედეგს მოგვცემს?

თუ ეს ათწლეულობით გრძელდება, საბოლოოდ დაავადება მაინც ჩამოყალიბდება, მაგრამ თუნდაც 1 საათით ფეხით სიარული კლინიკურად მანიფესტირებული პათოლოგიის ჩამოყალიბებას გარკვეული პერიოდით გადაწევს.

 

ხშირია ფეხების შეშუპება, რამდენად საგანგაშო სიგნალია ეს და შეიძლება თუ არა გამოწვეული იყოს ვენების პრობლემით?

ამას ყოველთვის აქვს მიზეზი. თუ შეშუპება ყალიბდება დღის მეორე ნახევარში, ეს უმეტეს წილად მიგვანიშნებს გულისა და სისხლძარღვთა პათოლოგიაზე. თუ არის გულის უკმარისობა უნდა ვუმკურნალოთ გულს, თუ თირკმლის პრობლემაა, აპარებს ცილას ან ელექტროლიტებს, არის დისბალანსი და ონკოზური წნევა დარღვეულია, უნდა ვუმკურნალოთ ნეფროზულ სინდრომს. სისხლძარღვოვანი დაავადების შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ფლებოაქტიური პრეპარატები, მაგალითად „ვარიქსინალი“. შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც, გააჩნია რა ტიპის ჰიპოდინამიკური დარღვევაა. ცალკე თემაა ლიმფოსტაზი, რომელშიც საბოლოოდ ბოლომდე ვერავინ გაერკვა. მისი მკურნალობა, განსაკუთრებით იდიოპათიური პირველადი ლიმფოსტაზის, დარჩა რთულ  საკითხად და მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად (მაგალითად „ვარიქსინალის“ გამოყენება) ძირითადად, ფიზიოთერაპიული რეაბილიტოლოგიის თემაა, ეს არის პოსტურალური დრენაჟი და გარეგანი კომპრესია (როგორც ელასტიური ისე პნევმატური მასაჟორების მეშვეობით).

 

რამდენად საშიშია ამოწეული ვენები, როდის უნდა გავიკეთოთ ოპერაცია და რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს ამოწეულმა ვენებმა ან კაპილარებმა?

ამ პრობლემის გაჩენისთანავე აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ოპერაციასა სწრაფოდ არის ჩასატარებელი. ეს დაავადება განიცდის ევოლუციას, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ნაწილი, იცვლება. უკიდურესი გამოვლინება არის ვენური წყლული. თუ აქამდე მივიდა საქმე, ძალიან ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, რთულად ხორცდება, დიდ ნებისყოფას და დისციპლინას მოითხოვს ავადმყოფისგან. მეორე და ძალიან საშიში გართულება არის თრომბოზული გართულება. ამ დროს იზრდება ფილტვის თრომბოემბოლიის  განვითარების რისკი.

 

ქვედა კიდურების ზედაპირული ვენები თვალსაჩინოა, ამიტომაც ჰქცვია ვარექსი – შემაღლება. რაც უფრო ახლოს არის ეს ვენა ბარძაყის ვენასთან (შერთულის არესთან) და რაც უფრო არაკომპეტენტურია ოსტეური სარქველი (რომელიც აკონტროლებს საფენო-ფემორალური  შერთულის ფუნქციობას), მით უფრო დიდი რისკია პულმონალური ემბოლიის. ფილტვის არტერიის ემბოლია იწვევს ფილტვის ქსოვილის კვდომას, ნეკროზს. სულ რომ მიკროემბოლია იყოს, ესეც ძალიან ცუდია, რადგან მთავრდება ფილტვის ინფარქტით, ინფარქტი – პნევმონიით და პნევმოსკლეროზით; მოგვიანებით კი ფილტვის ობსტრუქციული დაავადებით. ამიტომაც, აღმავალ ვარიკოთრომბოფლებიტებს გაჩენისთანავე თუ არ მივხედეთ, წვივზეც რომ გაჩდეს, თრომბოზის არე ამოვა საზარდულამდე. ფემორალური მიდამოს თრომბოზები, ზოგადად, არის სასიკვდილო ემბოლიების ინკუბატორი.

 

თრომბოზების მკურნალობისას, მწვავე ფაზაში ხდება სისხლის გამათხელებელი საშუალებების და თრომბის დამშლელების გამოყენება. კანქვეშა ზედაპირული ვენების მკურნალობისას თრომბოლიზისი არ გამოიყენება.

 

როგორ შევაჩეროთ ქვედა კიდურებზე კაპილარული ქსელის განვითარება?

თუ დაიწყო არ შეჩერდება. არსებობს გარკვეული ინვაზიური პროცედურები, ეს არის სკლეროთერაპია ნებისიმერი სახით – როდესაც ხდება ე.წ. მკვებავი ვენის ხელოვნური, მართვადი თრომბოზი. ეს პროცედურა უსაფრთხოა თუ კეთდება სპეციალისტის მიერ ადეკვატური, მკაცრი ჩვენებებით. თუმცა, ბიოლოგიურად, თრომბოზი ორგანიზმისთვის არაფიზიოლოგიური მდგომარეობაა. ამიტომაც, რომც არ ვუმკურნალოთ, ორგანიზმი ცდილობს დაშალოს არსებული თრომბი. შესაბამისად, იმ ადგილებში, სადაც გაქრა ეს ვენა, შესაძლებელია დროთა განმავლობაში ისევ გაჩნდეს რამდენიმე ახალი ლოკუსი. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს არ არის რადიკალური მეთოდი. როდესაც ორგანო ავადდება, რადიკალური მეთოდის დროს ის ორგანიზმიდან იკვეთება, ვენა არ რჩება ორგანიზმში; ხოლო სკლეროთერაპიის შემთხვევაში ეს ვენა რჩება ორგანიზმში, უბრალოდ იგი დახშულია. თუ ჩვენ პროცედურით მოვახერხეთ ვენური კედლის დაზიანება ისე, რომ მოხდეს ფიბროზული გადაგვარება და დარჩეს ნაწიბური, მისი რეკანალიზაცია აღარ მოხდება. ეს საკმაოდ ადვილი მისაღწევია ვარსკვლავური ვენების დროს.

 

რომელი მეთოდი უფრო ეფექტიანია, სკლეროთერაპია თუ ლაზერული თერაპია?

შედეგი ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული: ნაწილობრივად ექიმის კვალიფიკაციაზე და მის კეთილსინდისიერებაზე, ასევე მეთოდის თავისებურებაზე. ლაზერული თრაპია იქნება, მაღალი სიხშირის ულტრაბგერითი თუ თერმოკოაგულაცია, უნდა გავაკონტროლოთ რამდენად სრულად მოვახდენთ სისხლძარღვის, ვენის დაზიანება. ის უნდა დაითრომბოს, დაიხშოს და განიცადოს ფიბროზული და სკლეროზული გადაგვარება. ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ რადიკალური ღეროვანი ვენექტომია ჩანაცვლდეს აბლაციური ვენექტომიით. თუმცა ეს ჯერჯერობით საკმაოდ საკამათო თემაა.

რამდენად რეკომენდებულია ვარიკოზული დაავადების დროს თხილამურებით სრიალი, სირბილი, აქტიური ფიზიკური დატვირთვა?

ამ დაავადებას ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. შესაძლოა პაციენტს ჰქონდეს თრომბი, მაგრამ არ აწუხებდეს. ეს თრომბიც გარკვეულ დეგრადაციას განიცდის. თუ რაღაც მომენტში ის მივიდა ისეთ ზღვარზე, რომ არსებობს მისი ფრაგმენტაციის რისკი და ამ დროს ადამიანი თხილამურებით გადახტა სადმე, შეიძლება მოხდეს ემბოლიის პროვოცირება. ასევე აღსანიშნავია, რომ თხილამურებით სამოყვარულო სრიალი არ იწვევს  ვენურ დაავადებებს, მაგრამ თუ თხილამურის ჩექმა მჭიდროდ გაქვთ მოჭერილი, ის ყოველ მოხვევაზე გასრესს კუნთთან არსებულ ვენას და შესაძლოა განვითარდეს ვარიკოთრომბო ფლებიტი.

 

რაც შეეხება სირბილს, ამ დროს კუნთის ყოველი შეკუმშვა ძალიან ძლიერია; ვენური კედელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რითმულად ღებულობს მისთვის პიკურ დატვირთვას და არის მორფოლოგიური დაზიანების საზღვარზე. ვენური პრობლემების დროს ყველაზე კარგია ცურვა ან ფეხით სიარული (და არა სწრაფი სირბილი).

 

სახიფათოა თუ არა ვენური პრობლემების დროს გარუჯვა?

კანი არის თერმორეგულაციაში მონაწილე ერთ-ერთი უდიდესი ორგანო. ეს პროცესი დამოკიდებულია არა მხოლოდ საოფლე სისტემაზე, არამედ მცირე კალიბრის ვენულებზე და არტერიულებზე. სითხემ უნდა გაიაროს საზღვარზე და ამ საზღვარზე უნდა მოხდეს სითბოს გადაცემა. ეს რომ არა, ასე ვთქვათ, გადავხურდებით. მზის და სოლარიუმის გამოსხივება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ხელოვნური რუჯის შემთხვევაში გამოსხივება ძალზე უხეში და ინტენსიურია, კანის სისხლძარღვები ეჩვევიან მუდმივად გაფართოებულ მდგომარეობაში ყოფნას. საბოლოოდ, მათი შეკუმშვის უნარი კლებულობს. ამ ვენულების  მუდმივი ხელოვნური გაფართოვება იწვევს მისი კუნთოვანი შრის მორფოლოგიურ ცვლილებას; განიცდის გადაგვარებას და მასში უფრო მეტი კოლაგენური შემაერთებელი ქსოვილი ჩნდება ვიდრე მუსკულარული. საბოლოოდ, სისხლძარღვი რჩება გაფართოვებული და იქცევა სკლეროზულ  მილად. თუმცა, აქამდე რომ მივიდეთ, ძალიან ბევრი უნდა მოგვივიდეს სოლარიუმის სხივების მიღება.

 

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ კანი არ არის მხოლოდ სისხლძარღვები, აქვს თავისი ფიზიოლოგია, სტრუქტურა და ზიანდება. რუჯი ნიშნავს, რომ თქვენ დაწვით უჯრედების გარკვეული შრე და ისინი უნდა ჩანაცვლდეს.ზედმეტი რუჯით კი კანს ვაიძულებთ რომ განიცადოს რეგენერაცია ფიზიოლოგიურ ვითარებაზე უფრო ხშირად. კანის ზედაპირზე არსებული კაპილარების მოშორების მიზნით სკლეროთერაპიის ჩატარება რეკომენდებული არ არის ზაფხულში, როდესაც ინსოლაცია მაღალია. თუ მაინც გაკეთდა ზაფხულში, ეს უბანი უნდა მოვარიდოთ მზის სხივებს. იმიტომ რომ, გამოსხივების არეკვლისა და შთანთქვის უნარი იცვლება. იქ სადაც არის თრომბი, დიდი ალბათობით პიგმენტური ლაქადარჩება.