Nutricia
რატომ ჩნდება კანზე პიგმენტური ლაქები

თარიღი: 10 აგვისტო, 2020

პიგმენტური ლაქა კანის ჰიპერპიგმენტაციის შედეგია.  მისი შეფერვა დამოკიდებულია კანში პიგმენტ მელანინის გამომუშავებაზე. ლაქები ზამთარში შედარებით ღია ფერისაა, ხოლო ზაფხულში მუქდება.

პიგმენტური ლაქები ძირითადად ჩნდება კანის დაბერების დროს მაშინ,  როცა კანს აღარ შეუძლია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების  შემდგომ აღდგენა.  ლაქები არის სხვადასხვა ზომისა და ფორმისა, ყავისფერი ან ყვითელი შეფერილობით, რომლებიც განსხვავებულია კანის ჩვეულებრივი ფერისგან.  ისინი, ძირითადად, თავს იჩენენ სახის, კისრის, ხელებისა და გულმკერდის მიდამოზე. ლაქების არსებობის შემთხვევაში, კანი ხდება უფრო უხეში.

სხეულზე პიგმენტური ლაქების გაჩენა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:
- ხშირი გარუჯვა და მზის ინტენსიური სხივების ზემოქმედება
- ჰორმონალური ნივთიერებათა ცვლის პროცესი
- კანის ტრავმული დაზიანება
- უხარისხო / არასწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება
- ფეხმძიმობა
- მედიკამენტების, მათ შორის კონტრაცეპტივის მიღება
- გენეტიკური მდგომარეობა

თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, ლაქების გაჩენის მაპროვოცირებელია შინაგანი ორგანოების პათოლოგიები, როგორებიცაა:
- ღვიძლის დაავადება
- თირკმლის პრობლემები
- კანის სოკოვანი პათოლოგიები

პიგმენტური ლაქების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. თავდაპირველად უნდა მოხდეს გამომწვევი მიზეზის დადგენა და ლაქის სახეობის განსაზღვრა. ექიმთან დროული ვიზიტი თავიდან აგაცილებთ მკურნალობის უსიამოვნო პროცესს და ზრდის პიგმენტური ლაქების სრულად მოშორების შესაძლებლობას.   მკურნალობა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
- კოსმეტიკური მკურნალობა
- მედიკამენტური მკურნალობა
- ლაქების ლაზერული მეთოდით მოცილება
- მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვა

და ბოლოს, იმისათვის რომ თავი დაიზღვიოთ სხეულზე პიგმენტური ლაქების გაჩენისგან ან/და პროცესის გამწვავებისგან  ავერსის კლინიკის ექიმი-დერმატოლოგი, სერგო დადაშიანი გირჩევთ:
- თავი დაიცავით მზის სხივებისგან მაღალი SPF შემცველი კოსმეტიკური საშუალებებით
- მოუარეთ კანს სწორად და მუდმივად.
- გამოიკვლიეთ თანმდევი დაავადებები
- აირჩიეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი
- მიიღეთ თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის წყალი და ჯანსაღი საკვები