Nuk
რომელი მცენარეები იწვევენ ალერგიას შემოდგომის დღეებში

თარიღი: 14 სექტემბერი, 2021

თუ თქვენ გაზაფხულის თბილი და ზაფხულის ცხელი დღეები ალერგიული სიმპტომების გარეშე გაიარეთ და გვიანი ზაფხულიდან უეცრად ცემინებამ, სურდომ, ცხვირის გაჭედვამ და თვალების ქავილმა შეგაწუხათ თქვენი ალერგიის გაგმომწვევი მცენარე შესაძლოა ამბროზია და ავშანი იყოს.

 

რა მცენარეა ამბროზია? 

ამბროზია არის ძალიან მაღალი ალერგენობის მქონე სარეველა მცენარე, ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, წარმოქნის მტვერს, რომელიც შედგება უმცირესი ზომის, თვალისთვის უხილავი მარცვლებისგან. საყურადღებოა, რომ ერთმა ამბროზიის მცენარემ შესაძლებელია მილიონობით მარცვალი წარმოქმნას. სწორედ მცენარის ეს მარცვლები შეიცავენ დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს, რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. ამბროზიის მცენარეული მტვრის კონცენტრაცია ჰაერში სხვადასხავა ინტენსივობით აღინიშნება აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

 

ამბროზიის გარდა შემოდგომის პერიოდში ალერგიული სიმპტომების გამოწვევა ასევე შეუძლია სარეველა მცენარე - ავშანს, რომლის ყვავილობა კარგი ამინდის პირობებში  ნოემბრამდე გრძელდება.

 

როგორ ვრცელდება ამბროზიისა და ავშნის მცენარეული მტვერი ჰაერში და როგორ ხვდება ჩვენს სასუნთ გზებში?
ამბროზიისა და ავშნის მცენარეული მტვრის მარცვლები გადაიტანება ქარის საშუალებით, ისინი შეიძლება ძალიან დიდ მანძილზე გავრცელდეს. ამით აიხსნება ის შემთხვევები, როცა ადამიანებს აწუხებთ მცემარეული ალერგია იმ გარემოში, რომლებიც მათ უშუალო სიახლოვეში არ იზრდება.

რა სიმპტომებით ვლინდება ამბროზიის და ავშნის მიმართ ალერგია?

ამბროზიის და ავშნის მტვრის მიმართ ალერგიის გამოვლინებებია: ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის, სასის, ყურების, თვალების ქავილი, შეიძლება ასევე აღინიშნოს სუნთქვის გაძნელება და ბრონქოსპაზმი.

საყურადღებოა, რომ სიმპტომები განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება ტემპერატურის ცვალებადობის დროს, როდესაც დღე ცხელი და მზიანია ხოლო ღამე - გრილი, ასევე ქარიანი ამინდის დროს.

    

 

როგორ დავადგინოთ რომელი მცენარეული მტვრის მიმართ ვართ ალერგიული?

ალერგიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია ალერგოლოგის კონსულტაცია და კანის სინჯების ჩატარება, რაც გულისხმობს მცენარეული მტვრის ალერგენის წვეთის სახით წინამხარზე მოთავსებას და კონკრეტული მცენარის მიმართ ალერგიის გამოვლენას. პროცედურა არის ძალიან მარტივი, უმტკივნეული და 30 წთ-ში პასუხი მზად არის. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ალერგია უკვე დაწყებულია არც მაშინ არის გვიან ალერგოლოგთან კონსულტაცია.

 

როგორ მოვიქცეთ ალერგოლოგთან მისვლამდე ამბროზიისა და ავშნის მიმართ ალერგია რომ არ გაგვირთულდეს?

- უმჯობესია დავკეტოთ ფანჯრები  სახლსა და მანქანაში და  ჩავრთოთ კონდენციონერი;

- მოვერიდოთ, როდესაც მცენარეების კონცენტრაცია ძალიან მაღალია (დილის 10 სთ-დან შუადღის 3 სთ-მდე) შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას, მაგალითად ვარჯიშს - ვარჯიშის დროს ორგანიზმი შეისუნთქავს მეტ ჰაერს და შესაბამისად მეტი ალერგენი (ალერგიის გამომწვევი ყვავილის მტვრის ნაწილაკი) მოხვდება სასუნთქ სისტემაში;

- ვიყოთ შენობაში განსაკუთრებით  ქარიან ამინდში;

- მოვერიდოთ ქარიან ამინდში ტანსაცმლის გარეთ გაშრობას;

- სახლში დაბრუნების შემდეგ დავიბანოთ სახე და ხელები,რომ ჩამოვირეცხოთ დალექილი მცენარეული მტვერი

 

არის თუ არა კავშირი ამბროზიასა და საკვებს შორის ?
მცენარეული ალერგიის მქონე ადამიანების დაახლოებით 15-20%%-ს გარკვეული ხილისა და ბოსტნეულის მიღების დროს აღენიშნება ტუჩების დაბუჟება, შეშუპება, პირის ირგვლივ ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, პირის ღრუსა და ყელის ქავილი. მიზეზი კი ხილისა და მცენარეული მტვრის ჯვარედინი კავშირია, ანუ  მათ შემადგენლობაში ერთნაირი ცილების არსებობაა. თუ ადამიანი ალერგიულია ამბროზიის მიმართ შესაძლებელია ალერგიის ნიშნები დაეწყოს ნესვი, საზამთრო, ბანანისა და კიტრის მიღების შემთხვევაში. დროულად ალერგოლოგთან მისვლა, გამოკვლევის ჩატარება და წინასწარი რეკომენდაციები აგარიდებთ ხილისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

 

შესაძლებელია თუ არა ამბროზიის, ავშნის და სხვა სარეველების მტვრის მიმართ ალერგიის განკურნება?

ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ხშირ შემთხვევაში განკურნებადია. წინასწარი გამოკვლევის შემდეგ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად პაციენტს ენიშნება იმუნოთერაპიის კურსი. იმუნოთერაპის გულისხმობს, რომ პაციენტის ორგანიზმში აცრის სახით აღმავალი დოზით შედის მის ალერგიაში დამნაშავე ალერგენი (მაგ:მცენარეული მტვერი), რომლის მიზანია ორგანიზმის შეგუება მისი ალერგიის გამომწვევ მიზეზთან.