Nuk
რუტინული STI სკრინინგის მნიშვნელობა

თარიღი: 08 მარტი, 2023

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (STI/სსგი) არსებობა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას როგორც რესურსებით მდიდარ, ასევე შეზღუდული რესურსების მქონე გარემოებისთვის.

 

სგგი (STD) ხშირად ასიმპტომურია და აქვს შესაძლებლობა, გამოიწვიოს სხვადასხვა სახის მოკლე- და გრძელვადიანი გართულებები.

 

STD სკრინინგის უშუალო მიზანია ინფიცირებული პირების იდენტიფიცირება და მკურნალობა გართულებების განვითარებამდე და მათი სქესობრივი პარტნიორის/პარტნიორების იდენტიფიცირება, ტესტირება და მკურნალობა იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული სგგი-ს გადაცემა და/ან განმეორებითი ინფიცირება.

 

რომელი STD ტესტების ჩატარებაა აუცილებელი?
თუ ხართ სქესობრივად აქტიური, ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციაზე (სგგი) არის ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად.

 

დარწუნდით, რომ გაქვთ ღია და გულწრფელი საუბარი თქვენს მკურნალ ექიმ გინეკოლოგთან თქვენი სექსუალური ისტორიისა და სგგდ ტესტირების შესახებ და ჰკითხეთ მას, კონკრეტულ შემთხვევაში არის თუ არა საჭირო, რომ გაიაროთ ტესტირება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოსარიცხად.

 

გთავაზობთ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) და UpToDate-ის რეკომენდაციებს სგგი (STD) სკრინინგთან დაკავშირებით:
ყველა მოზარდმა და ზრდასრულმა ადამიანმა 13-დან 64 წლამდე ერთხელ მაინც უნდა გაიაროს ტესტირება აივ-ინფექციაზე.

- 25 წლამდე ასაკის სქესობრივად აქტიურმა ყველა ქალმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს რუტინული სკრინინგი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, განსაკუთრებით კი - გონორეასა და ქლამიდიაზე. საყურადღებოა, ასევე ტრიქომონადული და მიკოპლაზმური ინფექციების გამოვლენაც. ამ ასაკობრივ კატეგორიაში არანაკლებ მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და, თუ ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული, რეკომენდაციის მიცემა პაციენტისთვის HPV ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. რჩევა სიფილისისა და ჰეპატიტების სკრინინგთან დაკავშირებით, დამოკიდებულია რისკ-ფაქტორების არსებობაზე.

25 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის, ყოველწლიური, რუტინული გამოკვლევა გონორეასა და ქლამიდიაზე, ასევე სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სახეზეა შემდეგი რისკ-ფაქტორები: ახალი ან მრავალი სქესობრივი პარტნიორის არსებობა, სქესობრივი პარტნიორი, რომელსაც აქვს სგგდ ანუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. ამ ასაკობრივ კატეგორიაში უნდა გაგრძელდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და, თუ არ არის ჩატარებული, ასევე გაიცეს რეკომენდაცია HPV ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

- ყველა ორსულს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი სიფილისზე, აივ-ზე, B - ჰეპატიტზე და C - ჰეპატიტზე ორსულობის ადრეულ პერიოდშივე. ინფექციის რისკის ქვეშ მყოფ ორსულებს უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება ქლამიდიასა და გონორეაზეც ორსულობის ასევე ადრეულ პერიოდში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი ტესტირების განხორციელებაც.

- ყველა ის ადამიანი, რომელთა სქესობრივი ცხოვრების ტიპიც დაკავშირებულია ინფიცირების მომატებულ რისკებთან, ასევე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები - აივ-ტესტირებას უნდა გადიოდნენ წელიწადში ერთხელ მაინც.

- ადამიანები კი, რომელთაც ჰქონდათ ან აქვთ ორალური ან ანალური სექსი, უნდა ესაუბრონ მათ ჯანდაცვის პროვაიდერს ყელისა და სწორი ნაწლავის მიდამოს ტესტირების შესაძლო ვარიანტების შესახებ არაგენიტალური სგგი-ის არსებობის გამოსარიცხად.

- ერთჯერადი სკრინინგი C ჰეპატიტზე (HCV) აუცილებელია ყველა მოზრდილი ადამიანისთვის.

 

გახსოვდეთ, რომ არანამკურნალევი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) გართულებები მოიცავს აღმავალი ინფიცირების გზით განვითარებულ ზედა სასქესო ტრაქტის ინფექციებს, უნაყოფობას, მენჯის ქრონიკულ ტიკივილს, საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების განვითარებას და ქრონიკულ ინფიცირებას ჰეპატიტის ვირუსებითა და აივ-ინფექციით.

 

სგგი-ს დიაგნოსტიკისა და მენეჯმენტის მიდგომები ეფუძნება უშუალოდ დაავადების სახეს ან სიმპტომ-სპეციფიკური სიმპტომების გამოვლენას, როგორებიცაა, მაგ ვაგინალური გამონადენის, ურეთრალური გამონადენის, გენიტალური წყლულოვანი დაავადების, არაწყლულოვანი გენიტალური დაავადების და მენჯის ღრუს ტკივილის არსებობას.

 

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სგგი-ით ინფიცირებულ ბევრ პაციენტს არ გამოუვლინდება კლინიკური სიმპტომატიკა, რაც ზრდის როგორც გართულებების განვითარების, ასევე ინფექციის მდგრადი გადაცემის რისკებს საზოგადოებაში.

 

ამრიგად, სკრინინგი მნიშვნელოვანი მიდგომაა იმ ინფიცირებული პირების იდენტიფიკაციისა და მკურნალობისთვის, რომლებიც აღნიშნული სტრატეგიის გამოყენების გარეშე დარჩებოდნენ შეუჩნეველნი.

 

სკრინინგის მეთოდის გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პაციენტს რუტინულად უნდა ჩავუტაროთ კვლევა ყველა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციაზე. არა, მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივად აქტიური ყველა ინდივიდი იმყოფება სქესობირივი გზით გადამდები ინფექციების განვითარების ერთი და იმავე რისკის ქვეშ, ყველა მათგანის რუტინული სკრინინგი ყველა სგგ ინფექციაზე არ არის პრაქტიკული და არც არის მოწოდებული. თუმცა, მითითებულ რისკ-ჯგუფებში უსიმპტომო პაციენტების მიზნობრივი სკრინინგი, მიზანშეწონილია. აღნიშნულის დიფერენცირებას ახდენს და გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს მკურნალი ექიმი გინეკოლოგი პაციენტის დეტალური გამოკითხვისა და გამოკვლევის საფუძველზე.

 

იყავით ინფორმირებული, გაიარეთ რეგულარული კონსულტაცია გინეკოლოგთან და დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა
გინეკოლოგიური ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერეთ აქ ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 598 63 89 39
ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე