Nutricia
თვითრეგულაციის განვითარება 24-36 თვის ასაკში

თარიღი: 24 ივლისი, 2020

მიუხედავად იმისა, რომ 2-3 წლის ასაკში ბავშვები ძალიან დიდ ნაბიჯებს დგამენ თვითკონტოლის განვითარებაში, მათ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სასწავლი იმპულსების კონტროლისთვის. ისინი იწყებენ იმის გაგებას, თუ რა არის მიღებული და მიუღებელი. უკვე შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი ქმედებების შედეგები. თუმცა, ამ ეტაპზე, მათ მაინც არ შეუძლიათ აკრძლვების, თუ დირექტიული მითითებების სრულყოფილად გათავისება და შესრულება.
აღნიშნულ ასაკში კონკრეტული წესების შემოტანა და მათი დაცვის მკაცრი მოთხოვნა ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და, ფაქტობრივად, ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რაც შეგიძლიათ თქვენს შვილს გაუკეთოთ. ეს ბავშვებს საშუალებას აძლევს იცოდნენ, თუ რას ელიან მათგან უფროსები, რაც მათ თავს უფრო უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებს - ეს, თავის მხრივ, სოციალური და ემოციური კეთილდღეობის საკვანძო ასპექტებია. ლიმიტების დაწესება ბავშვებს ასევე ეხმარება იმედგაცრუებასთან გამკლავებაში - ეს არის არსებითი ცხოვრებისეული უნარი - სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, ცხოვრება სავსეა მცირე თუ დიდი ფრუსტრაციებით.

1. შეიმუშავეთ მკაფიო და თანმიმდევრული წესები, დააწესეთ საზღვრები
ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ თავიანთი შესაძლებლობების გამოცდა, ცხოვრებისეულ გამოწვევებთან შეხვედრა და პრობლემების გადაჭრა, რაც მათ ზოგჯერ კონტროლს აკარგვინებს. როდესაც ბავშვი თქვენთვის მიუღებელ ქცევას ავლენს (მაგალითად, ესვრის კუბიკს ან ურტყამს დას/ძმას), თქვენ შეგიძლიათ ეს მისთვის გამოცდილებად აქციოთ - ასწავლოთ სწორი ქცევა, მიუთითოთ ქცევის მისაღები გზები.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ:
· გამოიყენეთ სიტყვები და ჟესტები ბავშვთან კომუნიკაციისთვის. ზოგჯერ, მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვმა შეწყვიტოს არასასურველი ქცევა იმიტომ, რომ მათი თვითკონტროლის უნარები ჯერჯერობით შეზღუდულია. როდესაც რაიმეს უკრძალავთ, იქონიეთ დაბალი, მშვიდი და ავტორიტარული ხმა.
· შეეცადეთ ამოიცნოთ თქვენი შვილის გრძნობები. გამოიყენეთ სიტყვები მათი გახმოვანებისთვის იმის ნიშნად, რომ თქვენ მათი გესმით: „ვიცი, რომ წყლით გინდა თამაში, მაგრამ შეიძლება წყალი იატაკზე დააქციო“ ან „მესმის, რომ ბრაზობ და ეზოში კიდევ გინდა ყოფნა, მაგრამ დედას არ უნდა დაარტყა, რადგან ეს მტკივნეულია“
· შეუცვალეთ მიმართულება თქვენი შვილის ქცევას - „არ შეიძლება, კუბიკები ვესროლოთ სხვებს, ასე შეიძლება მათ რამე ვატკინოთ. მოდი, ეს კუბიკები ბალიშებს ვესროლოთ“.
· შესთავაზეთ ალტერნატივები. როდესაც ბავშვს აწყვეტინებთ არასასურველ ქცევას და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობთ, მიუღებელი ქცევა, სავარაუდოდ, ისევ განმეორდება, რადგან მან არ იცის რით უნდა ჩაანაცვლოს იგი. მაგალითად, წყლით თამაში არ შეიძლება მისაღებ ოთახში, მაგრამ შეიძლება აბაზანაში, ან ეზოში.
· იყავით თანმიმდევრული. თანმიმდევრულობა წესებთან ერთად არის საუკეთესო გასაღები, რომ თქვენმა შვილმა გააკეთოს არჩევანი მისაღები ქცევის სასარგებლოდ. ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვი სათამაშოს ისვრის და თქვენ მას ართმევთ, ის სწრაფად დაისწავლის, რომ სათამაშო არ უნდა ისროლოს. მაგრამ, როდესაც წესები ხშირად იცვლება, მას უჭირს არჩევანის გაკეთება. მაგალითად, თუ ტანტრუმის სანაცვლოდ ბავშვი ერთხელ მიიღებს სასურველს და მეორედ ვეღარ, ის უბრალოდ დაიბნევა.
· თავი აარიდეთ მოლაპარაკებებს. მართალია, მშობლებს უნდათ, შვილებმა იცოდნენ, რომ მათ უსმენენ, მაგრამ წესების შესახებ მოლაპარაკებები არ არის მიზანშეწონილი. ხშირად, როდესაც ბავშვებს ნებას რთავენ მოლაპარაკებების შედეგად მიიღონ დამატებითი ტკბილეული ან დაიძინონ ჩვეულებრივზე გვიან, ისინი სწავლობენ, რომ ეს არის ეფექტური გზა სასურველის მისაღებად.
· თანმიმდევრული წესების ქონა სინამდვილეში ბავშვებს ეხმარება, რომ თავი იგრძნონ დაცულად და უსაფრთხოდ. ისინი იგებენ, რომ არსებობს სტრუქტურა, ლოგიკა და თანმიმდევრულობა სამყაროში.
2. დაეხმარეთ ბავშვს იმ უნარების გამომუშავებაში, რომლებიც ემოციების რეგულაციისთვის სჭირდება
როდესაც თქვენი შვილი 3 წლის ასაკს მიუახლოვდება, თქვენ უკვე შეგიძლიათ დაელაპარაკოთმომხდარზე და იმაზე, თუ რა ისწავლა კონკრეტული სიტუაციიდან. გარდა ამისა, თქვენ შეგილიათ განიხილოთ მისი არჩევანი და ისიც, თუ რას გააკეთებს იგი მომავალში მსგავს სიტუაციაში აღმოჩენისას.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ:
· იყავით მარტივები. ნუ გექნებათ თქვენი შვილისგან სიღრმისეული ანალიზის მოლოდინი. უბრალოდ და მარტივად ახსენით, რა მოხდა. ილაპარაკეთ მშვიდი და ნეიტრალური ხმით, დასვით შეკითხვები, რომ დარწმუნდეთ, ესმის თუ არა ბავშვს თქვენი: „გახსოვს, რომ მარიამს დაარტყი, რადგან თოჯინას არ გიბრუნებდა?“
· ხაზი გაუსვით თქვენი შვილის ქცევის შედეგებს: „მარიამს რომ დაარტი, მან ტირილი დაიწყო, რადგან ეტკინა“
· მოიფიქრეთ ალტერნატივები, რა შეიძლება გააკეთოს მომავალში თქვენმა შვილმა მსგავს შემთხვევაში. თუ ბავშვს ვერსიები არ აქვს, შესთავაზეთ თქვენ თვითონ
· უზრუნველჰყავით, რომ ყოველდღიურ აქტივობებში ბავშვს ჰქონდეს არჩევანის უფლება - რა ჩაიცვას, რა ითამაშოს და ვისთან ერთად. ეს მათ უჩენს კონტროლის გრძნობას და ხელს უწყობს კომპეტენტურობის განვითარებას
· მოიძიეთ გზები, რომლებიც თქვენს შვილს დაეხმარება თვითკონტროლის განვითარებაში. ამისთვის საუკეთესოა ისეთი თამაშები, რომლებიც მოითხოვს ჯერის დაცვას - ეს ავითარებს ლოდინის უნარსაც და იმპულსის კონტროლსაც

3. დაეხმარეთ ბავშვებს, რომ ისწავლონ ინტენსიურ ემოციებთან გამკლავება
2 წლის ასაკიდან ბავშვების ემოციური სფერო უფრო იხვეწება და ხდება მეტად კომპლექსური. მათ უჩნდებათ ისეთი გრძნობები, როგორებიცაა სიამაყე, სირცხვილი, უხერხულობა, დანაშაულის განცდა. გარდა ამისა, მათი ემოციები ერთმანეთს ძალიან სწრაფად ანაცვლებს. არასასურველი ქცევების უმრავლესობა, ძირითადად, ასახავს ბავშვების უუნარობას, რომ გამოხატონ თავიანთი გრძნობები და სურვილები მისაღები გზით. უფრო ხშირად, ეს არასასურველი ქცევები მცირდება მაშინ, როდესაც ბავშვის მეტყველება ვითარდება და იძენენ მეტ გამოცდილებას თანატოლებთან ურთიერთობისას.
თქვენ შეამჩნევთ ბავშვის თვითკონტროლის უნარის განვითარებას, როდესაც ის იყენებს სიტყვებსა და მოქმედებებს თქვენი ყურადღების მისაქცევად ან დახმარების სათხოვნელად; ესაუბრება საკუთარ თავს, როდესაც შეშინებული ან იმედგაცრუებულია; იყენებს სიტყვებს (მაგალითად „მე გაბრაზებული ვარ“) დარტყმის ან სათამაშოს სროლის ნაცვლად; გიხსნით წესებს ან თავს დამნაშავედ გრძნობს რომელიმე წესის დარღვევის გამო.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ:
· შესთავაზეთ ბავშვებს ხერხები, რომლებიც დაეხმარება ძლიერი ემოციების დარეგულირებაში. როდესაც თქვენი შვილი ძალიან გაბრაზებულია, შესთავაზეთ, რომ იხტუნოს, დაარტყას სავარძელს ბალიშები, დახიოს ქაღალდი, დახატოს ბრაზიანი ნახატი და ა.შ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რომ არსებობს ბევრი საშუალება და სტრატეგია მისაღები, უმტკივნეულო და არასაზიანო გზით თავისი უარყოფითი ემოციების გამოსახატად.
· გაუზიარეთ განცდები ბავშვებს. დაეხმარეთ იმის გაცნობიერებაში, რომ არჩევანი, რომელსაც სთავაზობთ, ყოველთვის მისთვის სასურველი ვერ იქნება
· დაეხმარეთ ვიზუალური მიმანიშნებლებით, როდესაც საჭიროა ლოდინი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ წამმზომი ან სხვა საშუალებები
4. ეძიეთ ის მიმანიშნებლები, რომლებიც უკეთ დაგეხმარებათ ბავშვების ქცევის საფუძვლადმდებარე მიზეზების გაგებაში
ყველა ქცევას აქვს გარკვეული მოტივი და ემსახურება მიზანს. გარდა ამისა, ერთი და იგივე ქცევას, შესაძლოა, ჰქონდეს სხვადასხვა მოტივი, ან მიზეზი. მაგალითად, ზოგი ბავშვი იკბინება იმიტომ, რომ უცხო ადამიანმა დაარღვია მისი პირადი სივრცე, ზოგი კი იმიტომ, რომ კბენა სასიამოვნოა მისთვის, ასე ვთქვათ, არსებობს კბენის ფიზიკური საჭიროება. აქედან გამომდინარე, ის, თუ როგორ უპასუხებთ ბავშვის ქცევას დამოკიდებულია იმაზე, რას ნიშნავს ეს ქცევა კონკრეტულ მომენტში. პირველ შემთხვევაში, საჭიროა, ბავშვმა ისწავლოს, როგორ უნდა აარიდოს თავი მისთვის უცხო ადამიანთან კონტაქტს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს; მეორე შემთხვევაში კი უნდა შევთავაზოთ ალტერნატიული საშუალებები ორალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ქვემოთ მოცემულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, რის თქმას ცდილობს თქვენი შვილი კონკრეტული ქცევით: როგორია ბავშვის ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობა; როგორი ტემპერამენტი აქვს მას; რომელი სიტუაციური გარემოებები წარმოადგენს გამოწვევას თქვენი შვილისთვის; რა იწვევს არასასურველ ქცევას; დღის რომელ მონაკვეთში არის უფრო მეტად აღგზნებული; არსებობენ თუ არა ადამიანები, ვინც მას არ მოსწონს?
რა შეგიძლიათ გააკეთოთ:
· იყავით დამკვირვებელი. ეს საშუალებას მოგცემთ, წინასწარ განსაზღვროთ, როდის შეიძლება თქვენი შვილის ქცევა გაუარესდეს. მაგალითად, თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი აპროტესტებს მანქანაში მისთვის განკუთვნილ სავარძელში ჯდომას, შეგიძლიათ გააფრთხილოთ იგი 5 წუთით ადრე და მისცეთ მისი საყვარელი სათამაშო მანქანაში ჩასხდომამდე
· დაეხმარეთ ბავშვს გაიგოს საკუთარი ემოციები და ქმედებები. თვითცნობიერების ეს საწყისი ნაბიჯები დაეხმარება მას დაარეგულიროს ემოციები დადებითი და მისაღები ფორმით
· იფიქრეთ პრევენციაზე. მაგალითად, თუ თქვენი შვილი მორცხვობს უცხო ადამიანების გარემოცვაში, წინასწარ გააფრთხილეთ ის მოსალოდნელი შეკრებების შესახებ.
5. უპასუხეთ ბავშვის ტანტრუმს ისე, რომ დაეხმაროთ თვითკონტორლის განვითარებაში
ტანტრუმი არის კონტროლის დაკარგვის სიგნალი. ეს ნიშნავს, რომ მას თქვენი დახმარება სჭირდება კონტროლის დასაბრუნებლად. ბავშვებს არ შეუძლიათ რაიმე ისწავლონ, როდესაც ემოციურად გადატვირთულები არიან. ასე რომ, ამ შემთხვევაში, მთავარია, ჯერ ტანტრუმი აღიკვეთოს. ბავშვები ტანტრუმის ქცევას, ძირითადად, მაშინ ავლენენ, როდესაც ვერ იღებენ სასურველს. იგი დაწესებული აკრძალვების შედეგია. მაგალითად, როდესაც ვერ იღებენ ტკბილეულს სადილამდე ან არ ეძლევათ დიდი ხნით მულტფილმების ყურების საშუალება. ამ შემთხვევაში, ტანტრუმის ჩაქრობის გამოსავალი ნამდვილად არ იქნება ბავშვისთვის იმის უფლების მიცემა, რასაც უკრძალავდით. გამოსავალია ცხოვრებისეულ იმედგაცრუებასთან გამკლავების სწავლება - მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი შეწყვეტს ტანტრუმს, მას შეეძლება გამოცდილებიდან ისწავლოს.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ:
· შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ეს არის არსებითად მნშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. რაც უფრო მშვიდად ხართ, მით მეტად მშვიდად იქნება თქვენი შვილიც. როდესაც მშობლები თავად გამოხატავენ ბრაზს, აჟიტირებას ან ფრუსტრაციას ტანტრუმის დროს, ეს პირდაპირ აისახება ბავშვებისავე ქცევაზე
· სცადეთ შეწყვეტა. თუ თქვენი შვილი აჟიტირებულია, გამოიჭირეთ წამი, როდესაც მას შეეძლება თქვენს შეთავაზებაზე რეაგირება. ეს არის განუსაზღვრელი და მოულოდნელი პასუხი ბავშვისთვის
· აიღეთ შესვენება. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შესვენება არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, რადგან ის არ გადაიტვირთოს და ძალების აღდგენის საშუალება ჰქონდეს
· განიხილეთ, რა მოხდა და განსაზღვრეთ ალტერნატივები, რომ იგივე არ განმეორდეს
· და რაც მთავარია, დაასრულეთ ჩახუტებით, ბავშვის თანადგომით. დარწმუნდით, რომ იცის, მიუხედავად მისი მიუღებელი ქცევისა, ის საყვარელი, სასურველი და უპირობოდ მიღებულია. 
მასალა მომზადებულია ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახურის ფსიქოლოგის, კესო ჭურღულიას მიერ