Nuk
სეზონური გრიპის ვაქცინა და ალერგიული პაციენტები

თარიღი: 12 ოქტომბერი, 2020


რამდენად შესაძლებელია კვერცხზე ალერგიულ პირებს ჩაუტარდეთ სეზონური გრიპის ვაქცინაცია?
 

შემოდგომა ძალაში შედის, რესპირაციული ვირუსები აქტიურდება, პანდემიის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. ალერგიულ ადამიანებს კი უჩნდებათ კითხვა, თუ რამდენად ხშირია ზოგადად ვაქცინებზე ალერგიული რეაქციების განვითარება და რამდენად უნდა იყვნენ ფრთხილად კვერცხზე ალერგიული პირები.

გვესაუბრება ალერგიისა და იმუნოლოგოოს ცენტრის ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე

 

რამდენად ხშირია სეზონური გრიპის ვაქცინაზე ალერგიული რეაქციის განვითარება?

ზოგადად ვაქცინებზე ძლიერი ალერგიული რეაქციის, მათ შორის ანაფილაქსიური შოკის განვითარება იშვიათია, მაჩვენებლები ვარირებს დაახლოებით 0.3-დან 2.1-მდე ერთ მილიონ ვაქცინის დოზაზე. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროს ალერგიის განვითარების მიზეზი თავად ვაქცინის გარდა შესაძლებელია მასში შემავალი კომპონენტები გახდეს, როგორიცაა ჟელატინი, კვერცხი, ანტიმიკრობული საშუალებები (ნეომიცინი, პოლიმიქსინი B და სტრეპტომიცინი) საფუარი და ლატექსი.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების უმეტესობა კულტივირებულია წიწილის ემბრიონზე. რის გამოც მათში მცირე რაოდენობით არის კვერცხის ცილა. წლების განმავლობაში ვაქცინებში კვერცხის ცილის შემცველობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამჟამად სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიცავს კვერცხის კომპონენტის- ოვალბუმინის ძალიან დაბალ დონეს (0.5 მლ დოზაზე ≤1 მკგ ოვალბუმინს).  სწორედ ამ კვერცხის კომპონენტის შემცველობის შემცირებამ განაპირობა ის, რომ  სერიოზული ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქცია გრიპის ვაქცინაზე ძალიან იშვიათია.

 

რამდენად შესაძლებელია სეზონური გრიპის აცრის ჩატარება კვერცხზე ალერგიული პირებისთვის?

ამერიკის ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემია და ამერიკის ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის კოლეჯი გვთავაზობს ერთობლივ  რეკომენდაციებისეზონურ გრიპის აცრასთან დაკავშირებით კვერცზე ალერგიულ პირებში:

სეზონური გრიპის ვაქცინაციის ჩატარება  არ არის უკუნაჩვენები სხავდასხვა სიმძიმის  კვერცხზე ალერგიული პირებისთვის.    

კვერცხზე ალერგიულ პირებს, რომელთაც კვერცხის მიღების შემდეგ ჰქონდა ჭინჭრის ციებაზე უფრო სერიოზული ალერგიული რეაქცია,  სეზონური გრიპის ვაქცინა რეკომენდებულია გაუკეთდეთ სტაციონარში ექიმის წინასწარი კონსულტაციისა და ალერგიის მართვის მედიკამენტების ხელიმსაწვდომობის პირობებში.

ირებს, რომელთაც წარსულში თავად გრიპის ვაქცინაზე ჰქონდათ ალერგიული რეაქცია, მათთვის სეზონურ გრიპზე ვაქცინაციის განმეორებითი ჩატარება არ არის რეკომენდებული, სასურველია მიმართონ ალერგოლოგს კონსულტაციისთვის.

ალერგიული რეაქციები გრიპის ვაქცინაზე იშვიათად, მაგრამ შეიძლება მაინც აღინიშნოს, როგორც ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, თუმცა ეს რეაქციები შესაძლებელია გამოწვეული იყოს არა კვერცხის კომპონენტით არამედ ვაქცინაში შემავალი სხვა დანამატებით.

 

დატვირთული ალერგიული სამედიცინო ისტორიის მქონე პაციენტებს  სეზონური გრიპის ვაქცინაციის წინ სასურველია ჩაუტარდეთ ალერგოლოგის კონსულტაცია

 

 

სტატიაში გამოყენებული წყაროები:
Uptodate: Influenza vaccination in individuals with egg allergy
Flu vaccine and people with egg allergies 
https://www.cdc.gov/flu/prevent/egg-allergies.htm