რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ?
ყველაფერი რაც ახალბედა დედამ უნდა იცოდეს
დედად გახდომა განსაკუთრებული ეტაპია ქალის ცხოვრებაში. თუმცა ამ ემოციური სიახლის პარალელურად ახალბედა დედას ხშირად აქვს კითხვები, შიშები და ეჭვები. როგორ მოვუარო სწორად ბავშვს? რას ნიშნავს მისი ტირილი? ნორმალურია თუ არა შფოთვა?
სტატია მოიცავს მთავარ საკითხებს, რომლებიც ახალბედა დედებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში.
არ არსებობს "იდეალური დედობა"
პირველი რაც უნდა იცოდეთ - არანაირი „სწორი" ან „გონივრული" დედობა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ შენი გზა. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს, სოციალურ ქსელებს ან მოლოდინებს. საკმარისად კარგი დედა ხართ უკვე იმით, რომ ზრუნავთ, გიყვართ და ცდილობთ.
ბავშვის ტირილი ყოველთვის არ ნიშნავს პრობლემას
ახალშობილები ტირილით გამოხატავენ ყველაფერს - შიმშილს, დისკომფორტს, დაღლილობას, სითბოს, სიცივეს ან უბრალოდ სურვილს, რომ ხელში აიყვანოთ. დროთა განმავლობაში ისწავლით თქვენი შვილის ტირილის ინტერპრეტაციას და ეს სრულიად ნორმალურია, თუ თავიდან ვერ ხვდებით ყველაფერს.
ძილი თქვენთვისაც აუცილებელია
თქვენ არ შეგიძლიათ სრულფასოვანი ზრუნვა, თუ მუდმივად გადაღლილი ხართ. შეეცადეთ დაიძინო მაშინ, როცა ბავშვს სძინავს, და თუ შესაძლებელია - იპოვეთ ადამიანები, ვინც დაგეხმარებიან საყოფაცხოვრებო საქმეებში, რომ დრო თქვენთვისაც დაგრჩეთ.
ძუძუთი კვება შეიძლება იყოს გამოწვევა
მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვება ბუნებრივია, ის ყოველთვის არ მოდის მარტივად. ტკივილი, მკერდის შეშუპება, ბავშვის უარი ძუძუზე - ეს სავსებით გავრცელებული სირთულეებია. მნიშვნელოვანია რჩევა პროფესიონალისგან მიიღოთ და არ დატოვოთ პრობლემა უყურადღებოდ.
მშობიარობის შემდეგ სხეულის შეცვლილი ფორმები ნორმალურია
შეიცვლება მუცელი, კანი, თმა, შესაძლოა გაჩნდეს ჭარბი წონა. ეს დროებითია. თქვენი სხეული აკეთებდა დიდ საქმეს. მიეცით მას დრო და ნუ დაისჯით თავს ამის გამო.
ემოციური რყევები და მშობიარობის შემდგომი დეპრესია
გრძნობთ, რომ ცრემლები მარტივად მოგდით? ზოგჯერ თავ მიტოვებულად გრძნობთ? ეს ხშირად ჰორმონული ცვლილებების შედეგია. თუმცა თუ ცუდ განწყობას თან ერთვის უმოტივაციოობა, უძილობა, აგრესია ან აპათია - არ გაჩერდეთ, მიმართეთ ექიმს. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ძალიან გავრცელებულია და მისი მართვა სპეციალისტის მიერ მარტივად შესაძლებელია.
პარტნიორული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია
მშობლობა არ არის მარტო თქვენი პასუხისმგებლობა. მიეცით პარტნიორს შესაძლებლობა იყოს ჩართული - გამოუცვალოს ბავშვს პამპერსი, დააძინოს ან უბრალოდ, გკითხოთ „როგორ ხარ". თანასწორი მხარდაჭერა ამსუბუქებს თქვენს დატვირთვას.
თქვენი ცხოვრება არ მთავრდება დედობით
თქვენ ხართ დედა, მაგრამ რჩებით ქალად, ინდივიდად, მეგობრად. მოიფიქრეთ, როგორ დაუბრუნდეთ თქვენს ინტერესებს, კარიერას და იმ ყველაფერს, რაც გიყვართ. ეს ყველაფერი მხოლოდ დროს საჭიროებს და ყველაფერი მალე ისევ რეჟიმში ჩადგება.
დედობა დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც სწავლა და დრო სჭირდება. არ არის აუცილებელი, ყველაფერი თავიდანვე იცოდეთ ან იდეალურად გამოგდიოდეთ. მთავარია, გქონდეთ სურვილი, რომ იზრუნოთ - დანარჩენი ეტაპობრივად ჩამოყალიბდება.
კლინიკა
ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
182
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,402
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?