როგორ გავუმკლავდეთ ძილის რეგრესს
როგორ გავუმკლავდეთ ძილის რეგრესს
ხდება ხოლმე, რომ პატარას პირველ ხანებში ძალიან კარგად სძინავს, მხოლოდ ჭამისთვის იღვიძებს და ისევ იბრუნებს ძილს, ან სულაც მთელ ღამეს აბამს, მაგრამ უეცრად მისი ძილის რეჟიმი თავდაყირა დგება: ბავშვი დღისით აღარ იძინებს, ჩაძინებისას წრიალებს, ღამით კი ყოველ ნახევარ საათში ეღვიძება, თითქოს გამოცვალესო. ამ მოვლენას ძილის რეგრესი ეწოდება.
რა იწვევს
ბავშვებში ძილის რეგრესს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად:
• ზრდის დღეები
შეამჩნევდით, რომ არის პერიოდები, როდესაც პატარები ჩვეულებრივზე მეტს წუწუნებენ, ჩვეულებრივზე ხშირად ითხოვენ ჭამას ან ცუდად ჭამენ, ძუძუს წოვის დროს ტირიან, ცუდად სძინავთ ან, პირიქით, ჩვეულებრივზე მეტი ხნით იძინებენ. ეს ნიშნები ზრდის დღეებისთვის არის დამახასიათებელი.
ზრდის დღეები უმეტესად ბავშვის სიცოცხლის მეშვიდე-მეათე დღეს, მე-3, მე-6, მე-9 კვირას, მე-3, მე-6, მე-9 თვეს დგება და 2-3 დღე ან მთელი კვირა გრძელდება.
• კბილების ამოჭრა
• განვითარების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა (ჯდომა, ხოხვა, დგომა)
• რუტინის ხელოვნური ცვლილება (ბაღში მიყვანა, სხვა სახლში გადასვლა, ძიძის აყვანა)
• საძინებლის შეცვლა (მაგალითად, დასასვენებლად წასვლის გამო)
• ავადმყოფობა
რამდენ ხანს გრძელდება
ძილის რეგრესი უმეტესად ორიდან ოთხ კვირამდე გრძელდება. ეს ის დროა, რომელიც ბავშვს სჭირდება სიახლეებთან შესაგუებლად, ავადმყოფობის დასამარცხებლად. რამდენ ხანს გაუგრძელდება ძილის რეგრესი თქვენს შვილს, გამომწვევ ფაქტორთან ერთად ბავშვის ხასიათის თავისებურებებზეც არის დამოკიდებული.
როგორ ვლინდება
ძილის რეგრესის სიმპტომებია
• ღამით ხშირად გაღვიძება;
• ჩაძინების გაძნელება;
• მომატებული ჭირვეულობა;
• დღის ძილის ნაწილობრივი ან სრული ამოგდება.
როდის ველოდოთ
ძილის რეგრესიისთვის ტიპური პერიოდებია:
• 3-დან 4 თვემდე. ამ პერიოდის ძილის რეგრესია მშობლებისთვის ყველაზე ძნელი გადასატანია, რადგან პირველია და არ იციან, რას უნდა ელოდონ. ამ ასაკში თავს იყრის ბევრი გამომწვევი ფაქტორი: იწყება კბილების ამოჭრის პროცესი, რეგრესის პერიოდი ემთხვევა ზრდის დღეებს, რომელთა გამოც ბავშვი ისედაც გაღიზიანებული და აღელვებულია, იწყებს გადაბრუნებას და ცდილობს ჯდომას.
• 6 თვის ასაკისთვის. ძილის რეგრესის მომდევნო პერიოდი უმეტესად 6 თვის ასაკისთვის დგება. ამ ასაკში ის შედარებით მარტივად მიმდინარეობს, რადგან ბავშვს უკვე აქვს საბაზისო უნარები და სირთულეებთან გამკლავება უწიდებურად აღარ უჭირს. მშობლებმაც უკვე იციან, რა არის მოსალოდნელი. ღამით პატარა, დიდი ალბათობით, მხოლოდ საკვებად ან ჩასახუტებლად გაიღვიძებს, ზედმეტი ტირილისა და ჭირვეულობის გარეშე, მაგრამ მაინც გახსოვეთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია.
• 8-დან 10 თვემდე. ბავშვების უმეტესობა ხოხვას დაახლოებით 9 თვისა იწყებს (შესაძლოა, ოდნავ უფრო ადრე ან გვიან), ხოლო დგომას – დაახლოებით 10 თვისა. ეს ძალიან დიდი ნახტომია მათ განვითარებაში, ამიტომ ამ პერიოდისთვის მზადებასაც ახლავს თან ძილის რეგრესის ეპიზოდები. განშორების შფოთვაც დაახლოებით ამ ასაკში იწყება, რაც ძილის დარღვევის კიდევ ერთი მიზეზია.
• 12 თვის ასაკში. სიცოცხლის პირველი წლის დასასრულს ბევრი ბავშვი პირველ ნაბიჯებს დგამს. საზოგადოდ, ამ პერიოდში განსაკუთრებით არის აჩქარებული განვითარების ტემპი, ამიტომ ძილის რეგრესიაც ხშირად იჩენს ხოლმე თავს.
არის ალბათობა, ძილის რეგრესმა გაცილებით დიდ ასაკშიც იჩინოს თავი. ე.წ. ღამის ტერორი (ჩაძინებული ბავშვი უეცრად იწყებს ტირილს, ვერ იღვიძებს, ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს, ვერ ცნობს გარემოს და გარშემო მყოფებს), ცუდი სიზმრები, სიბნელის შიში, მორიგი კბილების ამოჭრა – 18 თვის, 2 წლის, 3 წლის ბავშვისთვისაც კი შეიძლება ძილის რეგრესის მიზეზად იქცეს.
როგორ ვმართოთ
საბედნიეროდ, ძილის რეგრესი დროებითი პრობლემაა, მაგრამ სანამ გაივლის, მის შესამსუბუქებლად ასე მოიქეცით:
• ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ძილისწინა ჩვევებს: თვალების სრესას, მთქნარებას, თმის წვალებას. თუ ასეთი ქცევა შეამჩნიეთ, ესე იგი პატარას ეძინება, ამიტომ დროულად დააწვინეთ დასაძინებლად, რომ არ გადაიღალოს და ჩაძინება უფრო მეტად არ გაუჭირდეს.
• დააკვირდით, რამდენ ხანს ძლებს ბავშვი ფხიზლად და არც გადააჭარბოთ, არც უფრო ადრე სცადოთ მისი დაძინება.
• დანერგეთ ძილისწინა რუტინა: ხელ-პირის დაბანა, თბილი აბაზანის მიღება, კითხვა და სხვ.
• ერიდეთ დღის განმავლობაში ბავშვის ემოციურად გადაღლას, რადგან გადაღლილი ბავშვი უფრო მეტად ჭირვეულობს, უფრო მეტად უჭირს ჩაძინება და უფრო ხშირადაც ეღვიძება.
• თუ პატარას ღამით გაეღვიძა, მაშინვე ხელში ნუ აიყვანთ – ადროვეთ რამდენიმე წუთი, რომ თვითონვე დამშვიდდეს და ჩაიძინოს. მშვიდად ესაუბრეთ, უმღერეთ, ჩაიხუტეთ. ასე იგი თვითდამშვიდებასაც ისწავლის და მომავალში დამოუკიდებლად დაძინებაც გაუადვილდება.
წყარო: ჟურნალი "ავერსი"
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
113
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
276
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
341