ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე
საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ცოფის პრევენციის შესახებ
ცოფი - ვაქცინით მართვადი ვირუსული დაავადებაა და იგი მსოფლიოს 150 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადამიანების ცოფით დაავადების მიზეზი თითქმის 99%-ში ძაღლია.
2025 წლის 28 სექტემბერს მსოფლიო ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მეცხრამეტედ აღნიშნავს და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ცოფის პრევენციის შესახებ. ეს დღე აგრეთვე მნიშვნელოვანი პლატფორმაა ცოფთან ბრძოლის პროცესში მიღწეული წარმატების ხაზგასასმელად. წელს, ცოფთან ბრძოლის გლობალური კამპანიის სლოგანია: „იმოქმედე ახლა: შენთვის, ჩემთვის, საზოგადოებისთვის."
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად, 29 მილიონამდე ადამიანს უტარდება ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემდგომი, სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 59 000-ზე მეტი ადამიანისთვის, ყოველწლიურად, ცოფი კვლავ სასიკვდილო დაავადებად რჩება.
ადამიანი ინფიცირდება და ავადდება ცოფით დაავადებული ცხოველის ნერწყვით, ძირითადად კბენითა და დაკაწვრის შედეგად. ადამიანის დაინფიცირება ასევე შესაძლებელია დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით ლორწოვან გარსსა და დაზიანებულ, მთლიანობა დარღვეულ კანზე.
ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე 2-6 კვირაა, თუმცა, შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე და/ან 1 წელზე მეტ ხანსაც გასტანოს. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკბენის (დადორბვლის) ადგილსა და დაზიანების ხარისხის სიმძიმეზე. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი თავის არეში, ლორწოვან გარსებზე, შორისის მიდამოსა და თითებზე.
ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ამ დაავადების მკურნალობა შეუძლებელია.
დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება დროულად დაწყებული და სრულფასოვნად ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკაა:
ცხოველისგან დაკბენა-დადორბვლის შემდეგ ჭრილობის დაუყოვნებლივ დამუშავება, დაბანა საპნითა და გამდინარე წყლით;
დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ცოფის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ჩასატარებლად.
საქართველოში, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინა და იმუნოგლობულინი უფასოა.
ცხოველთა და ადამიანების უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები ცოფით გამოწვეული სიკვდილიანობის აღმოსაფხვრელად არსებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ხოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - ცოფის ეფექტური პრევენციის წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
112
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
339