თარიღი: 09 დეკემბერი, 2021
ვირუსები, ბაქტერიები და უმარტივესები, რომლებიც მრავლად არიან ჩვენ გარშემო, საკვებსა და წყალთან ერთად ჩვენს სხეულშიც იჭრებიან. დაუბანელი ხელით აღებული ერთი ლუკმაც კი შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს...
დიარეის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი ამებაა. ნაწლავთა ამებიაზი დაავადებაა, რომელიც უწყინარი ფორმიდან შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ გართულებაში გადაიზარდოს.
რა არის
ამებიაზი, იგივე ამებური დიზენტერია, ნაწლავის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ერთუჯრედიანი პარაზიტი ენტამება ჰისტოლიტიკა (Entamoeba hystolitica) იწვევს. ნაწლავში ენტამებას გვარის უამრავი სახეობა ბინადრობს, მაგრამ ავადმყოფობას არც ერთი მათგანი არ იწვევს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არც ერთი არ არის პათოგენური. პათოგენური ბუნებით მხოლოდ ენტამება ჰისტოლიტიკა გამოირჩევა და სწორედ მასთანაა დაკავშირებული ამებიაზიც.
როგორ ვითარდება
დაავადების გამომწვევი ენტამება ჰისტოლიტიკა ადამიანის მსხვილ ნაწლავში ბინადრობს და ფეკალურ მასებთან ერთად გამოიდევნება გარეთ არააქტიური ცისტის ფორმით. წყალში ცისტა ერთი თვე ცოცხლობს, ხოლო ნიადაგსა და ფეკალიებში – რამდენიმე თვე. გარდა ამისა, უძლებს ტემპერატურას +50 და -10 გრადუსამდე.
როგორ გადაეცემა
ადამიანისგან ადამიანს ინფექცია ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამება ორგანიზმში ფეკალიებით დაბინძურებული საკვებისა და წყლის საშუალებით იჭრება. ინვაზიის მთავარ წყაროს წარმოადგენენ ასიმპტომური მატარებლები და ქრონიკული პაციენტები, რომლებიც ცისტებს ავრცელებენ. გავრცელებას ხელს უწყობს ადამიანის ფეკალიების სასუქად გამოყენება, სანიტარიული ნორმების დარღვევა, დაუბანელი ხელებით საჭმლის მომზადება და მიღება, ასევე – დაბინძურებული სამედიცინო ხელსაწყოების, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის გამორეცხვისთვის საჭირო მოწყობილობის, გამოყენება.
არსებობს რისკფაქტორები, რომელთა გავლენით დაავადება უფრო მეტადაა მოსალოდნელი. ესენია:
• ენდემურ რეგიონში მოგზაურობა;
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
• კიბო;
• მალნუტრიცია (ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების დაუბალანსებელი მიღება);
• მცირე ან ხანდაზმული ასაკი;
• ორსულობა;
• კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა.
ეპიდემიოლოგია
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში დაავადების დაახლოებით 50 000 შემთხვევა აღრიცხა. აქედან 10 000-ზე მეტი ფატალურად დასრულდა.
ამებიაზი უმთავრესად განვითარებად ქვეყნებში გვხვდება. გავრცელებულია ტროპიკულ სარტყელსა და ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან მაღალია, ხოლო სანიტარიული დონე – დაბალი. აფრიკა, მექსიკა, სამხრეთი ამერიკის ნაწილი და ინდოეთი ამებიაზის მთავარი ენდემური არეებია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში უკანასკნელ ხანს დაავადების მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვხვდება. მაგალითად, 2016 წელს სულ ცამეტი აღირიცხა, ოთხი მათგანი – ბავშვებში, ხოლო 2017 წელს, წინასწარი მონაცემებით – ორი.
რა ბედი ელის ცისტას
ადამიანის პირის ღრუში მოხვედრილი ცისტა გადადის ჯერ კუჭში, მერე კი წვრილ ნაწლავში. კუჭში ცისტას მჟავა გარემოს დამაზიანებელი ზემოქმედებისგან საკუთარი გარსი იცავს, ნაწლავში კი, სადაც ნეიტრალური ან სუსტი ტუტე გარემოა, ეს გარსი შორდება და ცისტა გარდაიქმნება აქტიურ, ინვაზიურ ფორმად – ტროფოზოიტად. ეს უკანასკნელი გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც შესაძლოა ხელახლა გარდაიქმნას ცისტად და ორგანიზმისთვის ზიანის მიუყენებლად გამოიყოს ფეკალურ მასებთან ერთად, ან შეიჭრას ნაწლავის ლორწოვან შრეში, დააზიანოს მისი კედელი, გამოიწვიოს ქსოვილის დესტრუქცია, კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება), მწვავე დიზენტერია, სისხლიანი დიარეა.
როგორ ვლინდება
დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები ასიდან მხოლოდ 10-20 შემთხვევაში იჩენს თავს ცისტის გადაყლაპვიდან 1-4 კვირის შემდეგ.
ამებიაზის პირველი ნიშნები დიარეა (დღეში 3-8-ჯერ) და მუცლის მსუბუქი ტკივილია. თანდათან მათ შესაძლოა დაერთოს საერთო სისუსტე, მეტეორიზმი, ტენეზმები (ცრუ ჭინთვები), წონის კარგვა. დიარეა მძიმდება, ხშირდება (დღეში 10-20-ს აღწევს), განავალს ერევა სისხლი, მუცელი დაჭიმულია, ტკივილი ძლიერდება. მოსალოდნელია ცხელება და ღებინებაც.
ნაწლავის კედლის დაზიანებისას ტროფოზოიტი შესაძლოა სისხლში გადავიდეს, ღვიძლამდე მიაღწიოს და გამოიწვიოს ღვიძლის ამებური აბსცესი, რომელიც თავდაპირველად ღვიძლის გადიდებით, მუცლის ზედა ნაწილის დაჭიმულობითა და ცხელებით ვლინდება.
სისხლის საშუალებით ამება შესაძლოა გავრცელდეს სხვა ორგანოებშიც (მაგალითად, ფილტვებში, გულში, ტვინში) და აქაც გამოიწვიოს ანთებითი პროცესები, აბსცესები. ასეთ დროს ვითარდება ორგანოსპეციფიკური სიმპტომატიკა, დაავადება, წესისამებრ, მძიმედ მიმდინარეობს და შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს.
როდის მივმართოთ ექიმს
ადრეული დიაგნოსტიკა მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომ გახანგრძლივებული დიარეის შემთხვევაში, რომელიც დროდადრო მძიმდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
დიაგნოსტიკა
დიაგნოზის დასმა ადვილი არ არის, რადგან ბევრი მიკროორგანიზმი მიკროსკოპში ძალიან ჰგავს ენტამება ჰისტოლიტიკას. მაგალითად, ჰისტოლიტიკა და ენტამების ერთ-ერთი სხვა სახეობა, Entamoeba dispar-ი, რომელიც 10-ჯერ მეტადაა გავრცელებული, მიკროსკოპის მინაზე ზუსტად ერთნაირად გამოიყურება, თუმცა, ჰისტოლიტიკასგან განსხვავებით, ენტამების ეს სახეობა ადამიანს არ აავადებს.
დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მონაცემები (ინფორმაცია რომელიმე იმ ქვეყანაში ცხოვრების ან მოგზაურობის შესახებ, სადაც ამებიაზის ენდემური კერაა), ანამნეზი და კლინიკური სურათი.
დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია განავლის მიკროსკოპული ანალიზი. განავალში პარაზიტი ერთჯერადად შესაძლოა არ მოხვდეს. ამ შემთხვევაში ანალიზის მგრძნობელობა 33-50 პროცენტია, ამიტომ აუცილებელია 10 დღის განმავლობაში მისი სამჯერ გაკეთება, რაც მგრძნობელობას 85-95 პროცენტამდე გაზრდის.
ასევე კეთდება სეროლოგიური ანალიზი ანტისხეულებზე, რომელიც სიმპტომურად გამოვლენილი ნაწლავური ამებური ინფექციის დროს ასიდან 70-90 შემთხვევაში დადებითია.
მაშინ, როდესაც:
• განავალში პარაზიტს ვერ პოულობენ, მაგრამ შრატში ანტისხეულები დადებითია,
• მდგომარეობა სასწრაფოდ მოითხოვს დიაგნოზის დადასტურებას,
• შესაძლოა, განავლის ანალიზიც და ტესტიც ანტისხეულებზე უარყოფითი იყოს, მაგრამ არსებობდეს დაავადების თაობაზე საფუძვლიანი ეჭვი, –პარაზიტის აღმოსაჩენად ტარდება რექტოსიგმოიდოსკოპია (სწორი და მსხვილი ნაწლავის სიგმოიდური ნაწილის დათვალიერება) და კოლონოსკოპია ბიოფსიით ან ლორწოვანზე არსებული წყლულის ზედაპირის აფხეკით.
ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია (PCR).
ნაწლავგარე ინვაზიური ინფექციის დროს განავალში ცისტები შესაძლოა არ აღმოჩნდეს. ამ დროს სხვა ორგანოებში პარაზიტის გავრცელების დასადგენად მიმართავენ სხვადასხვა ტესტს:
- ღვიძლისთვის – მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილის პალპაციას (ხელით გასინჯვას) ღვიძლის საზღვრების დასადგენად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ღვიძლის ფუნქციების განსაზღვრა, ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია დაზიანების ხარისხის შესაფასებლად. აბსცესზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება ასპირაცია წვრილი ნემსით, დაზიანების აღმოჩენისას – სისხლის სეროლოგიური ანალიზი ანტისხეულებზე.
- სხვა ორგანოებისთვის, მაგალითად, ფილტვებისთვის – ულტრაბგერით გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სისხლის ანალიზს და სხვა ორგანოსპეციფიკურ კვლევებს ფილტვების ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებების შესაფასებლად.
მკურნალობა
მკურნალობა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, ინიშნება ანტიბიოტიკები. გაურთულებელ შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს მეტრონიდაზოლის ათდღიან კურსს. სიმპტომურად ინიშნება პრეპარატი ღებინების შესაჩერებლად, დიარეის შესაჩერებლად კი არაფერს უნიშნავენ, რადგან ამან შესაძლოა უფრო მეტად დაამძიმოს მდგომარეობა.
როდესაც პარაზიტი არღვევს ნაწლავის კედელს და ინფექცია სხვა ორგანოებშიც ვრცელდება, მკურნალობა მიმართულია არა მხოლოდ პარაზიტის წინააღმდეგ, არამედ ორგანოთა დაზიანების აღმოფხვრისკენაც. ნაწლავის ან პერიტონეუმის ქსოვილის პერფორაციის (მთლიანობის დარღვევის) შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულების შემდეგ განმეორებით უნდა ჩატარდეს განავლის ანალიზი, რათა ინფექციის არარსებობაში დავრწმუნდეთ.
პროგნოზი
პროგნოზი კეთილსაიმედოა – ამებიაზი კარგად ემორჩილება მკურნალობას და დაახლოებით ორ კვირაში გაივლის. უფრო რთულ შემთხვევებშიც კი, როდესაც პარაზიტი შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს აზიანებს, შესაბამისი მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა. არანამკურნალები ამებიაზი კი ხშირად ლეტალურად მთავრდება.
როგორ ავიცილოთ თავიდან
დაავადების პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა სანიტარიული ნორმების დაცვაა. ხელები კარგად დაიბანეთ საპნით ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, ჭამამდე და საჭმლის მომზადებამდე. ყოველთვის გულდასმით გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული.
თუ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობას გადაწყვეტთ, სადაც ეს დაავადებაა გავრცელებული, დაიხსომეთ და გაითვალისწინეთ:
• ხშირად იბანეთ ხელები საპნით.
• ჭამამდე კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. უკეთესი იქნება, გაფცქვნათ ან გათალოთ.
• დალიეთ წყალი მხოლოდ დაბეჭდილი ბოთლიდან ან დალევამდე გადაადუღეთ. არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ წყალი • შადრევნიდან ან სოკოდან. ერიდეთ სასმელში ყინულის კუბიკების ჩაყრას.
• ერიდეთ რძეს, ყველს და არაპასტერიზირებული რძის სხვა პროდუქტებს.
• ნუ იყიდით საკვებს ან სასმელს ქუჩის მოვაჭრეებისგან.