Plasmon
ანოვულაცია - პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე

თარიღი: 06 მარტი, 2023

მკურნალობის გზები და სამომავლო პროგნოზი

რა არის ანოვულაცია?
ანოვულაცია არის მდგომარეობა, როდესაც მენსტრუალური ციკლის მიმდინარეობის პერიოდში არ ხდება კვერცხუჯრედის გადმოსვლა ფოლიკულიდან.  

ვინაიდან, ოვულაციის პროცესის განხორციელებაში უამრავი სხვადასხვა ჰორმონი ღებულობს მონაწილეობას, ანოვულაციის გამომწვევი მიზეზებიც მრავალფეროვანია. თუმცა, მის გამომწვევ ძირითად მიზეზად ჰორმონალური დისბალანსია მიჩნეული.  

ანოვულაცია კლინიკურად, ყველაზე ხშირად, არარეგულარული მენსტრუალური პერიოდების არსებობით გამოვლინდება.

იმისთვის, რომ დადგეს ორსულობა, საჭიროა კვერცხუჯრედი. შესაბამისად, ანოვულაცია, განსაკუთრებით კი, ქრონიკული ანოვულაცია, უნაყოფობის გამომწვევ გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს.

 

როგორ ხდება ოვულაცია?
ოვულაცია მენსტრუალური ციკლის ნაწილია, რომლის დროსაც ხდება კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება საკვერცხეში მდებარე ფოლიკულიდან, რაც 28 დღიანი მენსტრუალური ციკლის არსებობის პირობებში, საშუალოდ, მის 14-ე დღეს ემთხვევა. აღნიშნული პროცესის განხორციელებაში მრავალი სხვადასხვა ჰორმონია ჩართული. 

 

ოვულაცის პროცესი იწყება მაშინ, როდესაც თქვენი ჰიპოთალამუსი (თავის ტვინის ნაწილი) გამოათავისუფლებს გონადოტროპინ-რილიიზინგ ჰორმონს (GnRH). თავის მხრივ, ჰიპოთალამუსიდან გამოთავისუფლებული GnRH ააქტიურებს ფიპოფიზს (ასევე თავის ტვინის ნაწილს), რათა გამოყოს ფოლიკულ-მასტიმულირებელი (FSH) და მალუთეინიზებელი (LH) ჰორმონები. 

 

მენსტრუალური ციკლის მე-6 - 14-ე დღეებს შორის პერიოდში, FSH იწვევს ფოლიკულების (სითხის შემცველი პატარა ბუშტუკები, რომლებიც შეიცავს კვერცხუჯრედს) მომწიფებას საკვერცხეში. ციკლის 10-დან - 14-ე დღემდე შუალედში, მხოლოდ ერთი განვითარებადი ფოლიკული ფორმირდება, როგორც მწიფე ფოლიკული, რომელიც შეიცავს სრულად მომწიფებულ კვერხუჯრედს. მენსტრუალური ციკლის დაახლოებით 14-ე დღეს, მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH) დონის უეცარი მატება (პიკი) იწვევს მომწიფებული ფოლიკულის გასკდომას და საკვერცხედან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას. სწორედ ამ პროცესს ეწოდება ოვულაცია. 

 

ოვულაციის შემდეგ, კვერცხუჯრედი იწყებს თავის ხუთ-დღიან მოგზაურობას ფალოპის მილის გავლით საშვილოსნოსკენ. როდესაც კვერცხუჯრედი გადის ფალოპის მილში, ჰორმონ პროგესტერონის დონე მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ეხმარება საშვილოსნოს შიდა გარსს - ენდომეტრიუმს, მოსალოდნელი ორსულობისთვის მომზადებაში.

 

შესაძლოა, ქალს ჰქონდეს მენსტრუაცია ისე, რომ მასთან არ ხდებოდეს ოვულაცია?
სამედიცინო სამყაროში მიჩნეულია, რომ მენსტრუაცია ხდება მაშინ, როდესაც ქალის საკვერცხედან გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი ვერ განაყოფიერდება, რის შედეგადაც საშვილოსნო თავადვე ერთგვარად “იცილებს” მის იმ შიდა შრეს, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰორმონ პროგესტერონის დახმარებით მოამზადა მოსალოდნელი ორსულობის მისაღებად. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ტექნიკურად, მენსტრუაცია არ უნდა ვითარდებოდეს ოვულაციის გარეშე. თუმცა, ქალს შესაძლოა მაინც ჰქონდეს სისხლდენა - “პერიოდის მსგავსი გამონადენი”, ოვულაციის გარეშე. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც AUB - აბნორმული/პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან. AUB, მსგავს შემთხვევაში, არის არაციკლური სისხლდენა საშვილოსნოდან, რომელიც, ხშირად, არარეგულარულია. 

 

აბნორმული სისხლდენები საშვილოსნოდან ხშირია და საშვილოსნოს მქონე, რეპროდუქციული ასაკის ქალების დაახლოებით 1/3-ს უვითარდება. 

 

როგორ მოქმედებს ანოვულაცია?
ანოვულაცია შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ ქალს, რომელსაც აქვს საკვერცხეები და არის რეპროდუქციულ ასაკში, რაც, საშუალოდ 12-51 წლების შუალედს მოიცავს. 

 

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ან სიტუაცია გეხებათ თქვენ, მეტად სავარაუდოა, რომ განიცადოთ ანოვულაცია:

 

- იმყოფებით იმ ასაკში, როდესაც მხოლოდ ახლა დაგეწყოთ პერიოდები (პერიმენარქეული ასაკი)

- იმყოფებით პერიმენოპაუზურ პერიოდში (ასაკი, როდესაც თქვენი ორგანიზმი ემზადება მენოპაუზისთვის)

- გაქვთ PCOS - პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი

- გაქვთ სხეულის მასის დაბალი ინდექსი (BMI), რაც, ჩვეულებრივ, გამოწვეულია ანორექსიით ან ხანგრძლივი, გადაჭარბებული ფიზიკური ვარჯიშით, რაც, ხშირად, პროფესიული სპორტით დაკავებული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.

 

რამდენად ხშირია ანოვულაცია?
ანოვულაცია გავრცელებული მდგომარეობაა და უნაყოფობის შემთხვევათა დაახლოებით 25%-ის გამომწვევი მიზეზია. 

 

რეპროდუქციული ასაკის, საკვერცხეების მქონე ყოველი 10-დან 1 ქალს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უვითარდება ანოვულაცია. 

 

როგორია ანოვულაციის ნიშნები და სიმპტომები?
ოვულაციის ზოგადი ნიშნების ცოდნა და თქვენი მენსტრუალური ციკლისთვის თვალყურის დევნება, დაგეხმარებათ, ანოვულაციისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების დროულად ამოცნობაში.

 

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მენსტრუალური სისხლდენის არსებობა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ ოვულაცია. 

 

ანოვულაციის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

- არარეგულარული მენსტრუალური პერიოდების არსებობა: თუ თქვენს პერიოდებს შორის დროის ხანგრძლივობა მუდმივად ცვალებადია, ითვლება, რომ თქვენ არარეგულარული მენსტრუალური პერიოდები გაქვთ. მენსტრუალური ციკლის საშუალო ხანგრძლივობა 28 დღეა, თუმცა ის შეიძლება იყოს რამოდენიმე დღით ნაკლები ან მეტი. მენსტრუალურ ციკლებს შორის შუალედი 21-დან 35 დღემდე, მიჩნეულია ნორმად. 

- ძალიან მძიმე, ჭარბი ან შემცირებული პერიოდების არსებობა: ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა დეფინიცირდება, როგორც სისხლის დანაკარგი მეტი 80 მლ-ზე ან სხვაგვარად, მეტი 16 ჩაის კოვზის ოდენობაზე, თითოეული მენსტრუალური პერიოდის მიმდინარეობის დროს და/ან მენსტრუალური სისხლდენის გახანგრძლივება 7 დღეზე მეტხანს. რაც შეეხება შემცირებულ მენსტრუაციას, მას მენსტრუალური სისხლდენის განმავლობაში 20 მლ-ზე ან 4 ჩაის კოვზზე ნაკლები რაოდენობით სისხლის დანაკარგი მიეკუთვნება. 

- მენსტრუაციის დაკარგვა (ამენორეა): ერთი ან მეტი მენსტრუალური პერიოდის გამოტოვება ორსულობის არარსებობის პირობებში, შესაძლოა იყოს ანოვულაციის ნიშანი. 

- საშვილოსნოს ყელის ლორწოს ნაკლებობა: ოვულაციის დაწყებამდე და ოვულაციის პერიოდში, ნორმაში, ქალს უნდა ჰქონდეს მეტი ვაგინალური გამონადენი, რასაც საშვილოსნოს ყელის ლორწოს უწოდებენ. როგორც წესი, ოვულატორული ვაგინალური გამონადენი უმი კვერცხის ცილის მსგავსია. თუ თქვენ არ გაქვთ მსგავსი სახის გამონადენი მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, შესაძლოა გქონდეთ ანოვულაცია. 

- სხეულის არარეგულარული ბაზალური ტემპერატურის არსებობა: სხეულის ბაზალური ტემპერატურა არის ტემპერატურა, რომელიც თქვენს სხეულს აქვს სრული მოსვენების მდგომარეობაში. ჩვეულებრივ, სხეულის ბაზალური ტემპერატურის გაზომვა ხდება დილით, ადგომამდე და ნებისმიერი ფიზიკური მოძრაობისა თუ აქტივობის განხორციელებამდე. ოვულაციის პერიოდში თქვენი სხეულის ბაზალური ტემპერატურა უმნიშვნელოდ მატულობს. თუ სხეულის ბაზალური ტემპერატურა უცვლელია მთელი ციკლის განმავლობაში, შესაძლოა, თქვენ გქონდეთ ანოვულაცია. 

 

რა ფაქტორები იწვევს ანოვულაციას?
ზოგადად, ანოვულაციის მიზეზი, ერთი ან მეტი ჰორმონის დისბალანსის არსებობაა, განსაკუთრებით კი იმ ჰორმონების, რომლებიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ოვულაციის პროცესის განხორციელებაში. ეს ჰორმონებია:

 

- გონადოტროპინ-რილიიზინგ ჰორმონი (GnRH)

- ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH)

- მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH)

 

თუმცა, ჰორმონებსაც კი, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ ოვულაციაში, როგორებიცაა, მაგ: ტესტოსტერონი ან პროლაქტინი, შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ოვულაციისთვის საჭირო ჰორმონების დონეზე, გამოიწვიონ ჰორმონული დისბალანსი და შედეგად, არაპირდაპირ იმოქმედონ ოვულაციაზე. 

 

ანდროგენების მაღალი დონე (ჰიპერანდროგენიზმი): ანდროგენები არის ჰორმონების ჯგუფი, რომლებიც ხელს უწყობენ ზრდას და რეპროდუქციას როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ტიპიურად, ანდროგენები განიხილება, როგორც მამაკაცის სპეციფიკური ჰორმონები, მაგრამ, ამის მიუხედავად, უნდა ვიცოდეთ, რომ ქალის სხეული მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც, აწარმოებს ანდროგენულ ჰორმონებსაც. 

 

ანდროგენებს მიეკუთვნება ტესტოსტერონი, ანდროსტერონი და ანდროსტენედიონი. 

 

სასქესო ჯირკვლები (საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები) და თირკმელზედა ჯირკვალი წარმოქმნის ანდროგენებს. 

 

როდესაც საკვერცხეების მქონე ადამიანს სისხლში აქვს ანდროგენული ჰორმონების ნორმაზე მაღალი დონე, ხდება ჰიპერანდროგენიზმის დიაგნოზის დასმა. 

 

საკვერცხეში არსებული ფოლიკულები შეიცავს კვერცხუჯრედს. ანდროგენების მაღალმა დონემ შესაძლოა გამოიწვიოს ფოლიკულის ზრდის შეფერხება, მისი გაფართოებისა და მომწიფების ნაცვლად და ხელი შეუშალოს ოვულაციის პროცესის განვითარებას. 

 

მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერანდროგენიზმი, მოიცავს შემდეგს:
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS)

- სიმსუქნე

- თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები

- ჰიპოფიზის ჯირკვლის დაავადებები, როგორებიცაა: კუშინგის სინდრომი ან აკრომეგალია

- გარკვეული სახის მედიკამენტები, როგორებიცაა მაგ: ანაბოლური სტეროიდები

 

ჰიპოფიზის ჯირკვლის დისფუნქცია (ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი): ჰიპოფიზის ჯირკვალი აპროდუქცირებს მალუთეინიზებელ ჰორმონს (LH) და ფოლიკულ-მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH). ეს ორი ჰორმონი აუცილებელია ოვულაციისთვის. თუ თქვენი ჰიპოფიზის ჯირკვალი არ გამოათავისუფლებს საკმარისი რაოდენობით LH-ს ან FSH-ს, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ანოვულაცია.

 

მდგომარეობები და სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება განაპირობონ ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ არასაკმარისი რაოდენობით LH-ისა და FSH-ის პროდუცირება, მოიცავს შემდეგს:
- მცირე წონა ან სხეულის მასის დაბალი ინდექსი (BMI)

- ხანგრძლივი, გადაჭარბებული ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიში

- შიჰანის სინდრომი

- ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნე

- ჰიპოფიზის ჯირკვლის დაზიანება

 

პროლაქტინის მაღალი დონე (ჰიპერპროლაქტინემია): პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელიც გამოთავისუფლდება ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ და, ძირითადად, ცნობილია როგორც ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს დედის რძის წარმოქმნას სარძევე ჯირკვლებში ლაქტაციის პერიოდში. პროლაქტინი ასევე თრგუნავს მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH) და ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) პროდუქციას ანუ იმ ჰორმონების წარმოქმნას, რომლებიც აუცილებელია ოვულაციის პროცესის განსახორციელებლად. ამის გამო, თქვენს სისხლში ჰორმონ პროლაქტინის მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ანოვულაცია. 

 

მდგომარეობები და სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება განაპირობოს ჰიპერპროლაქტინემია, მოიცავს შემდეგს:
- ძუძუთი კვება

- ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნის ტიპი, რომელსაც ეწოდება პროლაქტინომა

- ჰიპოფიზის ჯირკვლის დაზიანება

- თირკმლის, ღვიძლის და/ან ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა სახის დაზიანების ან დაავადების არსებობა

- გარკვეული მედიკამენტების გამოყენება, როგორებიცაა, მაგ: ფსიქოტროპული საშუალებები, ნარკოტიკები და მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუჭის წყლულის ან კუჭის მომატებული მჟავიანობის სამკურნალოდ. 

 

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი დონე (ჰიპოთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება): ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ჯირკვალია, რომელიც კისრის წინა ნაწილში მდებარეობს და გამოიმუშავებს ორ ისეთ მნიშვნელოვან ჰორმონს, რომლებიც საჭიროა სხეულის მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ესენია ტრიიოდთირონინი (T3) და თიროქსინი (T4). სისხლში თიროქსინის დაბალი დონის არსებობამ, შეიძლება გაზარდოს ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ პროლაქტინის გამოყოფის მაჩვენებელი. პროლაქტინი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თრგუნავს მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH) და ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) გამოყოფას. LH და FSH აუცილებელია ოვულაციისთვის, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თიროქსინის დაბალმა დონემ, არაპირდაპირ, შეიძლება გამოიწვიოს ანოვულაცია. 

 

მდგომარეობები და სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთირეოზი, მოიცავს შემდეგს:
- ჰაშიმოტოს თირეოიდიტი

- ოპერაციული ჩარევა ფარისებრ ჯირკვალზე

- რადიაციული თერაპია

- გარკვეული სახის მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა, მაგ: ლითიუმი

 

გონადოტროპინ-რილიიზინგ ჰორმონის (GnRH) დაბალი დონე: ჰიპოთალამუსი (თავის ტვინის ნაწილი) გამოათავისუფლებს GnRH-ს. თავის მხრივ, GnRH იწვევს ჰიპოფიზიდან მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH) და ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) გამოყოფის სტიმულაციას, რომლებიც აუცილებელია ოვულაციისათვის. ამ ყოველივეს გამო, სისხლში GnRH-ის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ანოვულაცია. GnRH-ის დაბალი დონის მიზეზი შესაძლოა ჰიპოთალამუსის სხვადასხვა სახის დაზიანების არსებობა იყოს.

 

როგორ ხდება ანოვულაციის დიაგნოსტირება?
ზოგადად, ანოვულაციის დიაგნოსტირებისთვის საუკეთესო მარკერად არარეგულარული მენსტრუალური პერიოდების არსებობაა მიჩნეული. თუმცა, თუ თქვენ ცდილობთ დაორსულებას, თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს მოუწევს გამოიკვლიოს ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი და მდგომარეობა იმისთვის, რათა დაადგინოს კონკრეტულ შემთხვევაში რა არის ანოვულაციის გამომწვევი მიზეზი.

 

რა ტესტები უნდა ჩატარდეს ანოვულაციის სადიაგნოსტიკოდ?
ანოვულაციის სადიაგნოსტიკოდ ასარჩევი ტესტების სახეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სავარაუდო მიზეზებზე მიიტანს ეჭვს მკურნალი ექიმი თქვენი დეტალური სამედიცინო ისტორიის შეგროვებისა და ფიზიკალური გასინჯვის მონაცემებით. 

 

ტესტები, რომლებიც დაგეხმარებათ ანოვულაციის დიაგნოსტიკაში, მოიცავს შემდეგს:
- სისხლში პროგესტერონის დონის განსაზღვრა

- სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის განსაზღვრა

- სისხლში პროლაქტინის დონის განსაზღვრა

- მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა

 

უამრავ ჰორმონალურ დისბალანსს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იწვევს ხოლმე ანოვულაციას, აქვს სხვადასხვა კლინიკური სიმპტომატიკა, ასე, რომ თქვენმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს განსხვავებული ტესტების გამოყენება იმ შემთხვევებში თუ ნახავს, რომ სახეზეა გარკვეული სახის ჰორმონალური დისბალანსის კლინიკური სიმპტომები. 

 

როგორ უნდა ვუმკურნალოთ ანოვულაციას?
ანოვულაციის მკურნალობა მიმართულია მისი გამომწვევი ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგებაზე, თუ ეს შესაძლებელია. 

 

ზოგადად, ცხოვრების წესის ცვლილებები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება თქვენი ანოვულატორული მდგომარეობების გამოსწორებაში, მოიცავს შემდეგს: 

 

სტრესის მართვა - თუ მკურნალი ექიმი ეჭვობს, რომ შესაძლოა სტრესი იყოს თქვენი ანოვულაციის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მოგცემთ რეკომენდაციას, სცადოთ თქვენი სტრესის შემცირება და სტრესის მართვის რომელიმე ისეთი ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა, მაგ: იოგა, მედიტაცია, სუნთქვითი თერაპია და სხვა, რათა უკეთ შეძლოთ გამკლავება სტრესთან. 

 

თქვენი წონის მართვა - თუ გაქვთ ჭარბი წონა ან სიმსუქნე, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ წონის კორექტირება ანოვულაციის სამკურნალოდ. ხოლო, თუ თქვენ გაქვთ სხეულის მასის დაბალი ინდექსი (BMI), ექიმის რეკომენდაცია იქნება წონის მატება ნორმულ მაჩვენებლამდე, რაც ასევე დაგეხმარებათ ანოვულაციის პრობლემის მოგვარებაში. თუ რომელიმე ამ სიტუაციიდან საერთოა თქვენთვისაც, დარწმუნდით, რომ ესაუბრეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს და/ან დიეტოლოგს იმისთვის, რათა მართოთ თქვენი სხეულის წონა უსაფრთხოდ და ისე, რომ მენეჯმენტი და დასახული მიზანი იყოს თქვენთვის შესაფერისი. 

 

ფიზიკური ვარჯიშის სიხშირისა და ინტენსივობის შემცირება - თუ მკურნალი ექიმი ეჭვობს, რომ თქვენი ვარჯიშის რუტინა და ინტენსივობა არის ანოვულაციის გამომწვევი მიზეზი, მან შეიძლება გირჩიოთ ვარჯიშის დროისა და მისი ინტენსივობის შეზღუდვა. 

 

თუ თქვენ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იწვევს ანოვულაციას, მკურნალი ექიმი, სავარაუდოდ, დაგინიშნავთ გარკვეული სახის მედიკამენტოზურ თერაპიას ძირითადი გამომწვევი მიზეზის და შესაბამისად, მისგან გამოწვეული ანოვულაციის პრობლემის მოსაგვარებლად. მაგალითისთვის: თუ თქვენ გაქვთ ჰიპოთირეოზი, რამაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაპირდაპირი გზით შეიძლება გამოიწვიოს ანოვულაცია, ექიმი დანიშნავს ჰიპოთირეოზის სამკურნალო მედიკამენტებს. აღნიშნული მედიკამენტების მიღებამ და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მოწესრიგებამ, შეიძლება მოაგვაროს ანოვულაციის პრობლემაც.

 

როდესაც პაციენტი იღებს გარკვეული სახის მედიკამენტებს მისი ქრონიკული მდგომარეობების სამკურნალოდ, ანოვულაციის მკურნალობისთვის, შესაძლოა მათი დოზების კორექტირება გახდეს აუცილებელი. ასეთ მედიკამენტებს ეპილეფსიის სამკურნალო და ანტიფსიქოზური მედიკამენტები მიეკუთვნება. გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს სურს ორსულობის მიღება, შესაძლოა საჭიროც კი გახდეს აღნიშნული მედიკამენტების არა მხოლოდ დოზის კორექტირება, არამედ მათი დროებით შეცვლა სხვა მედიკამენტებით იმისთვის, რათა მიღებული იქნას ოვულატორული ციკლები და დადგეს ორსულობა. გახსოვდეთ, რომ მსგავსი ქრონიკული მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში, არასდროს, თქვენს მკურნალ ექიმებთან შეთანხმების გარეშე არ შეწყვიტოთ, არ შეცვალოთ და არ მოახდინოთ სამკურნალო საშუალებების დოზის ცვლილება თვითნებურად!!! ყოველთვის დაიცავით მკურნალობის ის რეჟიმი, რაც დანიშნული გაქვთ მკურნალი ექიმის მიერ. 

 

ანოვულაციის სამკურნალო სხვა მეთოდები მოიცავს სხვადასხვა სახის მედიკამენტოზური თერაპიის, უმეტეს შემთხვევაში, მიზანმიმართული ჰორმონალური თერაპიის გამოყენებას, რაც ცნობილია გინეკოლოგებისთვის და ყოველ კონკრეტულ მათგანზე ან მათ კომბინაციაზე არჩევანის გაკეთებას ექიმი მოახდენს ინდივიდუალურად, პაციენტის დეტალური სამედიცინო ისტორიის, ფიზიკალური გასინჯვისა და ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისწინებით.

 

იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის მიღება არის მთავარი მიზანი და ცხოვრების წესის ცვლილებებისა და/ან მედიკამენტოზური მკურნალობის კომბინაცია არ აღმოჩნდება ეფექტური ოვულაციის მისაღებად, შესაძლოა საჭირო გახდეს კონსულტირება ჯანდაცვის პროვაიდერთან, მეან-გინეკოლოგთან ან რეპროდუქტოლოგთან, ორსულობის მიღების სხვა დამხმარე მეთოდების გამოყენების თაობაზე, რასაც მიეკუთვნება ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) ან საშვილოსნოს შიდა ინსემინაციის ტექნიკის (IUI) გამოყენება. 

 

რა არის ანოვულაციის გამომწვევი რისკ-ფაქტორები?
ანოვულაციის გამომწვევი რისკ-ფაქტორები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

 

- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) არსებობა: PCOS არის გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც ანოვულაციის შემთხვევათა საერთო რაოდენობის 70%-ის გამომწვევი მიზეზია. PCOS-ის არსებობის პირობებში ხდება ჭარბი რაოდენობით ანდროგენების პროდუცირება, რაც იწვევს საკვერცხეებში არსებული ფოლიკულების მცირე ზომის ცისტებად ფორმირებას ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს მათი ზრდა, მომწიფება და დომინანტი ფოლიკულის წარმოქმნა, რომლიდანაც ოვულაციის პირობებში უნდა გამოთავისუფლდეს კვერცხუჯრედი.

 

- სიმსუქნე: სიმსუქნე ასევე იწვევს ჭარბი რაოდენობით ანდროგენების პროდუცირებას, რაც გავლენას ახდენს საკვერცხის უნარზე, აწარმოოს მომწიფებული ფოლიკულები. 

 

- სხეულის დაბალი წონა და/ან გახანგრძლივებული გადაჭარბებული ფიზიკური ვარჯიში: ძალიან დაბალი სხეულის მასის ინდექსი (BMI) ან რუტინული ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში შესაძლოა იყოს მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰიპოფიზის ჯირკვალზე და იწვევენ მის მიერ მალუთეინიზებელი ჰორმონის ან ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავებას. ეს ჰორმონები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აუცილებელია ოვულაციის რეგულარული პროცესის განსახორციელებლად. 

 

- გადაჭარბებული სტრესის ზემოქმედება: გადაჭარბებულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ოვულაციისთვის საჭირო ჰორმონების - GnRH, LH და FSH-ის დისბალანსის განვითარება.

 

- მენსტრუაციის დაწყება ახლახანს ან მზადება მენოპაუზისთვის: ქალის ცხოვრების ორივე გარდამავალი პერიოდის მიმდინარეობის განმავლობაში, თქვენი სხეულის ჰორმონების დისბალანსმა შესაძლოა გამოიწვიოს ანოვულაცია.

 

როგორია ანოვულაციის პროგნოზი (პერსპექტივა)?
ანოვულაციის პროგნოზი დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. უმეტეს შემთხვევაში, ანოვულაციის პრობლემა, შესაძლებელია, მოგვარებული იქნას ცხოვრების წესის ცვლილებებითა და მედიკამენტოზური თერაპიით - როგორც რეპროდუქციული კუთხით გამოყენებადი მედიკამენტებით, ასევე იმ ძირითადი მდგომარეობების სამკურნალო საშუალებების დანიშვნით, რომლებიც არაპირდაპირ ხდებიან ხოლმე ანოვულაციის გამომწვევი მიზეზები. თუ ქალი იმყოფება პერიმენოპაუზურ ასაკში, ანოვულაციის მკურნალობა შედარებით რთულდება.

 

შესაძლებელია თუ არა ორსულობის მიღება ანოვულაციის პირობებში?
ცხოვრების წესის ცვლილებისა და/ან მედიკამენტოზური თერაპიის კომბინაცია ხშირად ეფექტურია ანოვულაციის სამკურნალოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ სათანადო მიდგომისა და მკურნალობის პირობებში, ჩნდება შესაძლებლობა, მივიღოთ ოვულატორული ციკლები და, შესაბამისად, გვქონდეს დაორსულების შესაძლებლობა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ წარმატებული განაყოფიერებისა და ორსულობის მიღების პროცესში უამრავი ფაქტორი ღებულობს მონაწილეობას და მხოლოდ ოვულაციის მიღება, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

 

რამდენ ხანს გრძელდება ანოვულაცია?
გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, ანოვულაცია შეიძლება იყოს დროებითი ან ქრონიკული. 

 

მედიკამენტოზური თერაპია და/ან ცხოვრების წესის ცვლილებები ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის - ხელს უწყობს ანოვულაციის პრობლემის მოგვარებას. 

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
თუ თქვენ გაქვთ არარეგულარული, ჭარბი ან ზემდეტად მტკივნეული პერიოდები, რომლებიც არღვევენ თქვენი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. 

 

უნაყოფობის პრობლემის არსებობის შემთხვევაშიც, რეკომენდებულია, გაიაროთ მეან-გინეკოლოგის ან რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია.

 

თუ თქვენ მკურნალობდით ანოვულაციის არსებობის გამო და ჯერ კიდევ რჩება დაორსულების პრობლემა, ასევე რეკომენდებულია, დაუკავშირდეთ მეან-გინეკოლოგს და/ან რეპროდუქტოლოგს და გაიაროთ სათანადო კონსულტაცია მათთან. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ანოვულაციის არსებობა, განსაკუთრებით დაორსულების მცდელობის პირობებში ხშირად შემაშფოთებელია ხოლმე პაციენტებისთვის, გახსოვდეთ, რომ დღევანდელ პირობებში, ანოვულაციის გამომწვევი უმეტესი მიზეზის წარმატებული მკურნალობა შესაძლებელია. სწორედ ამიტომ გირჩევთ, ანოვულაციისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოთ გინეკოლოგს იმისთვის, რათა მოხდეს სათანადო დიაგნოსტირება, მიზანმიმართული მკურნალობის შერჩევა და თქვენთვის სასურველი შედეგების მიღება.