Plasmon
რატომ არ შეგვიძლია ანტისხეულების ტესტების გამოყენება COVID-19 ვაქცინების ეფექტურობის შესაფასებლად

თარიღი: 14 სექტემბერი, 2021

დღეს ხელმისაწვდომი COVID-19-ის ანტისხეულების მრავალი ტესტიდან არც ერთი არ არის შექმნილი სპეციფიურად ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულის დასადგენად. ეს იმას ნიშნავს, რომ ამგვარი ტესტების შედეგებით ვერ გავიგებთ არის თუ არა ჩვენს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ან ხარისხის ანტისხეულები ინფექციის ან დაავადებისგან დასაცავად. 

 

როგორ შეგვიძლია დავადგინოთ რამდენად დაცულები ვართ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ?

ვაქცინა აიძულებს იმუნურ სისტემას გამოიმუშაოს ანტისხეულები, ამიტომ შეიძლება იფიქროთ, რომ ანტისხეულების ტესტით შეძლებთ შეამოწმოთ რამდენად გამოგიმუშავდათ იმუნიტეტი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ. მარტივად რომ ვთქვათ, გაინტერესებთ რამდენად დაცული ხართ, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია. 

ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ ანტისხეულები წარმოიქმნება პათოგენის (მაგალითად: ვირუსი, ბაქტერია) ანტიგენების საპასუხოდ, ინფიცირების ან ვაქცინაციის შედეგად. ვაქცინაციის შემთხვევაში არ გამოიყენება ცოცხალი ვირუსი, არამედ მისი ინაქტივირებული ფორმა რათა იმუნურმა სისტემამ იფიქროს, რომ თითქოს დავინფიცირდით.  

ანტისხეულების ტესტი (იგივე სეროლოგიური ტესტი) ეძებს ანტისხეულებს სისხლის ნიმუშში, რათა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადამიანს გადატანილი ინფექცია. ანტისხეულების დადებითი შედეგი ყოველთვის არ იძლევა გარანტიას, რომ ადამიანი დაცულია. მეორე მხრივ, უარყოფითი შედეგი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის დაუცველია.

ადამიანების უმეტესობისთვის არ არის საჭირო ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების გადამოწმება. სხვა ვაქცინების მსგავსად, როგორიცაა წითელა ან პოლიომიელიტი, კლინიკური კვლევებისა და მიმდინარე ვაქცინაციის პროგრამების უხვი მონაცემი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გვიცავს და არ არის საჭირო ანტისხეულებზე ინდივიდუალური დამადასტურებელი ტესტირების ჩატარება.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

როდის წარმოიქნება ანტისხეულები?

ვირუსები, ისევე როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ნაწილობრივად ცილებისგან შედგება. SARS-CoV-2 ვირუსია, რომელიც იწვევს COVID-19-ს და ის სულ მცირე 29 ცილას შეიცავს. დაინფიცირებისას ადამიანის იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს ცილების უმრავლესობის მიმართ. მეორე მხრივ, ვაქცინაციის შედეგად ანტისხეულები გამომუშავდება ცილების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობაზე. 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უმეტესობა წარმოქმნის ანტისხეულებს მხოლოდ სპაიკ ცილის მიმართ. სპაიკ ცილა არის ძირითადი მოლეკულა, რომელიც SARS-CoV-2 ვირუსის ზედაპირზეა განლაგებული და სწორედ მისი დახმარებით ვირუსს შეუძლია მასპინძელ უჯრედებში შეღწევა და მთელ ორგანიზმში გავრცელება.  

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

როგორ მუშაობს COVID-19-ის საწინაღმდეგო ანტისხეულების ტესტები

COVID-19-ის ანტისხეულების ტესტები შეიქმნა პანდემიის დასაწყისში, მხოლოდ იმ რამდენიმე ანტისხეულის გამოსავლენად, რომელიც წარმოიქმნება ბუნებრივი ინფექციით, მაგრამ არა ვაქცინაციით. ბევრი ტესტი გამოავლენს ანტისხეულებს არა სპაიკ ცილის, არამედ ვირუსის გარსის წარმომქნელი ნუკლეოკაფსიდური ცილის მიმართ, რომელიც  ვირუსის გენეტიკურ მასალას შეიცავს. 

ამრიგად, პირს, რომელიც აიცრა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მაგრამ არ იყო ინფიცირებული SARS-CoV-2-ით (არ გადაუტანია დაავადება), შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი სეროლოგიური ტესტი, თუ გამოყენებული ტესტ სისტემა არ ავლენს იმ ანტისხეულების ტიპს, რომელიც წარმოიქმნება ვაქცინაციის შედეგად. 

გარდა ამისა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმს დაახლოებით ორი კვირა სჭირდება ანტისხეულების წარმოქმნისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ ის ტესტებიც კი რომელიც “სწორი” ანტისხეულების გამოსავლენად გამოიყენება, ვაქცინაციიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება იყოს უარყოფითი. 

შედეგად, უარყოფითმა სეროლოგიურმა ტესტმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს და გვაფიქრებინოს, რომ  კოვიდზე ვაქცინაციის შემდეგ არ გვაქვს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები. სინამდვილეში ისინი გვაქვს ან მალე გამოვლინდება. მეორე მხრივ, ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა დადებითმა სეროლოგიურმა ტესტმა მოგვცეს  დაცულობის ცრუ განცდა. 

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ანტისხეულების რა რაოდენობაა საჭირო რომ დაცულები ვიყოთ? 

ყველას გვინდა ვიცოდეთ რამდენად დაცულები ვართ ვაქცინაციის შემდეგ, თუმცა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე იმუნური პასუხის დაცვის დონის შესაფასებლად ანტისხეულების ამჟამად ხელმისაწვდომი ტესტები ზუსტ პასუხებს ვერ გვაძლევს. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი ტესტები გვიჩვენებს მხოლოდ ანტისხეულების არსებობას, მაგრამ არ გვაწვდის ინფორმაციას მის რაოდენობაზე. 

მეცნიერებს ჯერ არ აქვთ დადგენილი “დაცვასთან კორელაციაში მყოფი” – ანტისხეულების ზუსტი კონცენტრაცია, რომელიც საჭიროა ინფექციის ან ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად. ასე რომ ანტისხეულების დადებითი ტესტიც კი ვერ ადასტურებს, რომ ვინმე დაცულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ იმიტომ რომ ვინმეს აქვს ანტისხეულების დადებითი ტესტი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მათი ანტისხეულების დონე საკმარისად მაღალია, რათა დაცული იყოს COVID-19 ინფექციისგან. 

გარდა ამისა, ანტისხეულები განსხვავდებიან ვირუსის განეიტრალების უნარით – ეს არის თვისება, რომელიც არ იზომება რომელიმე რუტინული ტესტით. და ბოლოს, ანტისხეულები არ არის იმუნური სისტემის მომავალი საფრთხისგან დაცვის ერთადერთი ფორმა. ლეიკოციტების ზოგიერთ ტიპს აქვს ანტიგენთან შეხვედრის შემდეგ დამახსოვრების უნარი და შემდეგი შეხვედრისას უფრო სწრაფად ახდენენ მასზე რეაგირებას.   

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რატომ არ არის რეკომენდირებული ანტისხეულების ტესტების ჩატარება?

ფაქტია რომ, ანტისხეულების ტესტის შედეგი ვერ განსაზღვრავს არის თუ არა ვინმე დაცული COVID-19-ისგან. ამიტომაც, ისეთი ორგანოები, როგორიცაა აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტო (FDA), რეკომენდაციას იძლევიან, რომ ანტისხეულების ტესტები ამჟამად არ იქნას გამოყენებული იმუნიტეტის ან პიროვნების SARS-CoV-2 ინფექციისგან დაცულობის დონის შესაფასებლად. 

ამის მიზეზი გახლავთ ის რომ, COVID-19 სეროლოგიური ტესტების არასწორმა ინტერპრეტაციამ შეიძლება გამოიწვიოს დაცულობის ცრუ განცდა. ამან კი თავის მხრივ შესაძლოა განაპირობოს პრევენციული ზომების უგულებელყოფა. ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ცრუ დასკვნების გამოტანამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანებზე და მათ უარი თქვან ვაქცინაციაზე, რაც საბოლოოდ გამოიწვევს დაავადების გავრცელების მატებას. 

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

როდის უნდა შეფასდეს იმუნური პასუხი ვაქცინაციაზე?

ადამიანების უმეტესობისთვის არ არის საჭირო ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების გადამოწმება. სხვა ვაქცინების მსგავსად, როგორიცაა წითელა ან პოლიომიელიტი, კლინიკური კვლევებისა და მიმდინარე ვაქცინაციის პროგრამების უზარმაზარი მონაცემი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გვიცავს და არ არის საჭირო ანტისხეულებზე ინდივიდუალური დამადასტურებელი ტესტირების ჩატარება. მხოლოდ მათ ვისაც აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადება ან ღებულობენ იმუნოდეპრესანტებს, შეიძლება ჰქონდეთ არაადექვატური (დაბალი) იმუნური პასუხი ვაქცინაციაზე.  

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციის შემდგომ ტესტირებაზე რეკომენდაციას უწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ დაავადების სიმპტომები ან მათ, ვისაც დაუკავშირდნენ ტესტირებისა და მიდევნების პროგრამის ფარგლებში. ამ შემთხვევებში, SARS-CoV-2 ვირუსის მოლეკულური ტესტირება, როგორიცაა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტი (PCR) უფრო მიზანშეწონილი იქნება, ვიდრე ანტისხეულების ტესტირება, ახალი SARS-CoV-2 ინფექციის დასადგენად.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ანტისხეულების ტესტები სამეცნიერო კვლევისათვის 

თუ COVID-19 ანტისხეულების ტესტები, ამჟამად არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ინდივიდის იმუნური პასუხის შესაფასებლად, მაშინ  რისთვის გამოიყენება ისინი? დღეისთვის, ეს ტესტები ძირითადად გამოიყენება “სეროლოგიური ზედამხედველობის გამოსაკვლევად”, რომლის დროსაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა ტესტირდება, რათა მეცნიერებმა შეაფასონ მათგან რამდენი იყო წარსულში ინფიცირებული და გამოთვალონ ვირუსის გავრცელების სისწრაფე. 

ამ ტიპის კვლევებმა შეიძლება მოგვცეს წარმოდგენა, მოსახლეობაში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტის ზოგად დონეზე, დაგვეხმაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიღებაში და პანდემიის მომავალი განვითარების პროგნოზირებაში. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, რომ ანტისხეულების ტესტების ინტერპრეტაციას ყოველთვის უნდა აკეთებდეს ექსპერტი. მიმდინარეობს კვლევები იმის დასადგენადაც შევძლებთ თუ არა მომავალში ანტისხეულების ტესტები გამოვიყენოთ იმუნიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

წყარო: https://vaccines.ncdc.ge