Plasmon
ბავშვის კვება ერთი წლის ასაკის შემდეგ

თარიღი: 13 თებერვალი, 2018

1 წლის შემდეგ ბავშვი აგრძელებს ინტენსიურ ზრდა-განვითარებას, იწყებს აქტიურ მოძრაობას, სიარულს, თამაშს და შესაბამისად  მისი მოთხოვნილება ენერგიასა და ძირითად საკვებ ნივთიერებებზე უფრო მეტია, ვიდრე პირველი  წლის ბოლოს.
 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  რეკომენდაციით 2 წლის ასაკამდე ოჯახის საკვებთან ერთად ბავშვი უნდა იღებდეს დედის რძეს.  ქალის რძე ამ პერიოდში მნიშვნელოვანი კვებითი ღირებულებით აღარ გამოირჩევა, მაგრამ 1 წლის შემდეგ მის შემადგენლობაში იზრდება  დამცველობითი ფაქტორების რაოდენობა.

 

1 წლის ასაკის შემდეგ კვება ჩვეულებრივ 4 ჯერადია, შუალედებში 2-ჯერ წახემსებით. 4 ჯერადი კვება მიზანშეწონილია განხორციელდეს 11-12 წლამდე. შემდეგ კვება 3 ჯერადია. 1 წლის ასაკის ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად ჭამოს, დაიჭიროს კოვზი და ჭიქა, რასაც წახალისება სჭირდება. ამავე ასაკიდან უნდა ჩამოუყალიბონ ბავშვს კვებასთან დაკავშირებული ჰიგიენური ნორმები (ხელების დაბანა, წინსაფრის და ხელსახოცის გამოყენება და სხვ.). არ არის რეკომენდებული ბავშვის კვება თამაშის, სირბილის დროს და ჭამის დროს მისი ყურადღების გაფანტვა (სათამაშოებით, წიგნებით ან ზღაპრის მოყოლით და სხვა). დაუშვებელია ბავშვის ძალით კვება, რაც ხშირად უარყოფითი ემოციას და მადის დაქვეითებას იწვევს. ხანგრძლივი სეირნობის, მოძრავი და ხმაურიანი თამაშის შემდეგ ჭამამდე რეკომენდებულია მცირე პაუზა.

 

ორ წელზე მეტი ასაკის ბავშვის კვება 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია კვების პირამიდა (თეფში), რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას ემსახურება და შეიცავს ინფორმაციას, თუ რომელი საკვების და რა რაოდენობით მიღება არის მიზანშეწონილი დღის განმავლობაში. სურათზე მოცემულია საკვების პირამიდა (თეფში) 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვისათვის. კვების პირამიდის (თეფშის) მიხედვით საკვები პროდუქტები დაყოფილი 5 ჯგუფად. 6 წლამდე ბავშვებში იყენებენ ქვემოთ მოცემულია ულუფის 2/3-ს.

 

I ჯგუფს ეკუთვნის: პური, ორცხობილა, მარცვლეული, ბრინჯი, მაკარონი. რეკომენდებულია ბავშვმა მიიღოს მოცემული პროდუქტების  დაახლოებით  6 ულუფა დღეში. 1 ულუფას შეადგენს:

 

1 ნაჭერი პური (30-40 გრ);

2 პატარა ორცხობილა;

1/2 ჭიქა ფაფა (ბრინჯი, ხორბალი, წიწიბურა)

1/2 ჭიქა მაკარონი;

 ეს პროდუქტები საკვებ რაციონში ენერგიის ძირითადი წყაროა. პური და ფქვილი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

 

II ჯგუფს მიეკუთვნება ბოსტნეული და ხილი. ბავშვმა სასურველია მიიღოს დღეში 5 ულუფა (ბოსტნეული 3 და ხილი 2 ულუფა). 1 ულუფას შეადგენს:

 

1/2 ჭიქა ბოსტნეული  (უმი ან მოხარშული).

1 ჭიქა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.

1 საშუალო ზომის პომიდორი.

1 საშუალო ზომის ხილი (ვაშლი, მსხალი ან 2 ქლიავი).

1/2 ჭიქა ახალი კენკრა ან 1/4 ჭიქა გამხმარი ხილი (ჩირი).

3/4 ჭიქა ხილის წვენი.

ეს პროდუქტები ვიტამინების და მინარალური ნივთიერებების წყაროა.  თუმცა ხანგრძლივი (5-10 წთ-ზე მეტი) ხარშვისას ვიტამინების უმეტესი ნაწილი იშლება. უმჯობესია უმი ხილი და კენკრა, თუ ახალი ხილი არ აქვთ, ბავშვს უნდა მისცენ ხილის ჩირი, კომპოტი ან კისელი.

 

III ჯგუფი წარმოდგენილია რძითა და რძის პროდუქტებით. მიზანშეწონილია ბავშვმა დღეში მიიღოს 2 ულუფა. 1 ულუფას შეადგენს:

 

1 ჭ რძე, მაწონი, ან იოგურტი.

45 გრამი ანუ ასანთის კოლოფის ზომის, ყველის ნაჭერი.

1/4 ჭიქა ხაჭო.

ეს პროდუქტები მდიდარია კალციუმით, ცილებითა  და ვიტამინებით. ბავშვთა კვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია რძე, რომელიც შეიცავს სრულფასოვან ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, მდიდარია ვიტამინებით, კალციუმისა და ფოსფორის მარილებით. რძის ზედმეტი რაოდენობის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მადის დაქვეითება, მეტეორიზმი და ფაღარათი, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი მისი 550-500 მლ-ზე მეტი რაოდენობით მიღება.

 

IV – ჯგუფი შეიცავს ხორცს, თევზს, ორლებნიანებს (ლობიო, ბარდა, მუხუდო, სოიო), ნიგოზსა და მიწის თხილს. ეს ჯგუფი ცილის და რკინის ძირითადი წყაროა. მიზანშეწონილია დღეში 2 ულუფის  მიღება. 1 ულუფას შეადგენს:

 

1/2 ჭ. მოხარშული ლობიო ან სხვა ორლებნიანები .

1 კვერცხი.

30-50 გრ. ხორცი ან თევზი.

V ჯგუფი: – კარაქი, მარგარინი, ერბო, მცენარეული ზეთი, ტკბილეული და მარილი. ბავშვმა უნდა მიიღოს მცირე რაოდენობით.

წყარო: https://evex.ge