თარიღი: 01 აპრილი, 2024
ვინ თქვა, მხედველობა ასაკთან ერთად უარესდებაო? ასე რომ იყოს, არც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბიჭუნას ჰარი პოტერს და არც მის მიმბაძველ
მილიონობით პატარა ონავარს არ ეკეთებოდა სათვალე. მართლაც, მხედველობის დარღვევა უამრავ ბავშვს აწუხებს. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა სკოლის ასაკში, როცა მხედველობას ყველაზე მეტი დატვირთვა ადგება: დღეს ვრცელი მოთხრობაა წასაკითხი, ხვალ – მათემატიკის საკონტროლო დასაწერი...
რატომ იჩენს თავს მხედველობის პრობლემები მცირე ასაკში? საჭიროა თუ არა, ბავშვებმა რეგულარულად ატარონ სათვალე? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ოდიშარია.
ქალბატონო თამარ, რამდენად ხშირია ბავშვებს შორის მხედველობის დარღვევა?
საქართველოში ამ მხრივ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თუკი ჩვენი ცენტრის მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ, თვალის ამა თუ იმ დაავადებას ბავშვთა დაახლოებით 20% უჩივის. ყველაზე ხშირია რეფრაქციული მანკი (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი).
უცხოელ ექსპერტთა დასკვნით, სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთა წარმატებული პრევენცია ერთნახევარ-ორჯერ ამცირებს თვალის დაავადებებს. აქედან გამომდინარე, სასურველია, ყველა ბავშვი წელიწადში ორჯერ გადიოდეს პროფილაქტიკურ გამოკვლევას.
უპირატესად რომელ ასაკში უვლინდებათ ბავშვებს მხედველობის პრობლემები, მაგალითად, რეფრაქციის მანკები?
რეფრაქციის მანკი შეძენილიც შეიძლება იყოს და თანდაყოლილიც. მხედველობის პრობლემები უმთავრესად 6-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უვლინდებათ, განსაკუთრებით – დაწყებითი კლასების მოწაფეებს. ამ პრობლემას დაწყებითი კლასის სინდრომი ეწოდება.
რა განაპირობებს ამ სინდრომის ჩამოყალიბებას?
დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მხედველობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ამ ასაკში სწავლის პროცესს გარკვეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა ახლავს. როგორც გამოკითხვამ აჩვენა, თვალების დაძაბვას, უპირველეს ყოვლისა, სასკოლო დაფა იწვევს. ამ პერიოდში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მხედველობის ჰიგიენის უგულებელყოფა.
სახელდობრ, რა წესები უნდა დაიცვას ბავშვმა მეცადინეობის დროს, რომ მხედველობას არ ავნოს?
მხედველობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ბავშვს მხედველობის ჰიგიენის დაცვა და თვალების მოდუნება უნდა ვასწავლოთ. მეცადინეობისას დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას: ოთახი მთლიანად უნდა იყოს განათებული, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ ამავე დროს ლოკალურ განათებასაც (მაგიდის ნათურის) გამოვიყენებთ. მხოლოდ ლოკალური განათება მხედველობისთვის მავნებელია. იმავე პრინციპით არ შეიძლება კომპიუტერის ეკრანისა და ტელევიზორის სიბნელეში ყურება. აუცილებელია თვალებსა და წიგნს შორის ოპტიმალური მანძილის დაცვა. მეცადინეობისას, სასურველია, ბავშვი ყოველ 40-45 წუთში ერთხელ 10 წუთით შევასვენოთ.
რამდენად მავნებელია კომპიუტერი მხედველობისთვის?
კარგია, როდესაც ბავშვს სურს, იმუშაოს კომპიუტერთან და მეტი ინფორმაცია მიიღოს, მაგრამ მხედველობის გადატვირთვა არამც და არამც არ შეიძლება. მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი შვილი კომპიუტერთან რამდენიმე საათს ატარებს, ეს კი არამც და არამც არ შეიძლება.
ბევრს ჰგონია, თუ მონიტორს დამცავ ეკრანს დაუყენებს, მხედველობის პრობლემა არ ემუქრება. სინამდვილეში პრობლემა სულ სხვა რამ არის. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას თვალში წარმოიქმნება აკომოდაციის სპაზმი, რაც ერთსა და იმავე მანძილზე დაძაბული (კონცენტრირებული) ყურებით გახლავთ განპირობებული, ამ სპაზმმა კი, ადვილი შესაძლებელია, ახლომხედველობას დაუდოს სათავე. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ მონიტორთან მუშაობისას ადამიანი ჩვეულებრივზე იშვიათად ახამხამებს თვალებს. შედეგად ყალიბდება მშრალი თვალის სინდრომი, რომელიც თვალების სიმშრალით, წვით, სიწითლით ვლინდება.
ბავშვებს მხედველობის პრობლემა რომ არ შეექმნათ, კომპიუტერთან ბევრი დრო არ უნდა დაყონ, ხოლო მუშაობისა თუ თამაშის დროს ხშირად შეისვენონ.
რა სახის ვარჯიშებს ურჩევთ ბავშვებს მხედველობის განტვირთვისთვის?
– მხედველობის, როგორც თქვენ ბრძანეთ, განტვირთვისთვის საუკეთესო გზაა მზერის სხვადასხვა მანძილზე მდებარე საგნებზე გადატანა. სწორედ ამგვარ ვარჯიშს ვურჩევთ ბავშვებს სპაზმის მოსახსნელად.
1. სახესთან, ცხვირიდან დაახლოებით 15 სმ-ზე, დაიკავეთ საჩვენებელი თითი და შეხედეთ მის წვერს. შემდეგ მზერა თქვენგან 5-6 მეტრის იქით ან უფრო შორს მდებარე ნებისმიერ ობიექტზე გადაიტანეთ. გაიმეორეთ რამდენიმეჯერ.
2. ეს ვარჯიში სრულდება ფანჯარასთან ან ბუნების წიაღში. აიფარეთ მარჯვენა ხელისგული მარჯვენა თვალზე. იმ საგნებიდან, რომლებიც თქვენს თვალწინაა, აირჩიეთ ერთ სწორ ხაზზე მდებარე რამდენიმე ობიექტი. მათგან უახლოესი თქვენივე საჩვენებელი თითი იქნება, რომელიც 20-30სმ მანძილზე უნდა გეკავოთ, მეორე თქვენგან 2-3 მეტრით იქნება დაშორებული, მესამე – 6-7 მეტრით და ა. შ. მზერა ახტუნავეთ საგნიდან საგანზე და ყოველ მათგანზე რამდენიმე წამით შეაყოვნეთ. შემდეგ იგივე გააკეთეთ უკუმიმართულებით ანუ უშორესი ობიექტიდან თქვენს თითამდე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში მარცხენა თვალით, შემდეგ კი – ორივეთი ერთდროულად.
რამ უნდა აფიქრებინოს მშობელს, რომ მის შვილს მხედველობის პრობლემები აქვს?
რეფრაქციული მანკის დროს მშობლები ყველაზე ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი:
მეტისმეტად ახლოს უჯდება ტელევიზორს, კითხვისას თვალებთან ახლოს მიაქვს წიგნი, გვერდულად იყურება;
უჩივის თვალების წვას, დისკომფორტს, თავის ტკივილს, რომელიც მხედველობით დატვირთვას (ტელევიზორის ყურებას, კომპიუტერთან მუშაობას ან თამაშს, წერა-კითხვას) უკავშირდება.
რა პრინციპით ხდება მხედველობის კორექცია ბავშვებში?
მხედველობის კორექციისთვის უმთავრესად სათვალეს ვიყენებთ. 15 წლამდე ასაკის ბავშვებს ლინზების გამოყენებას არ ვურჩევთ, მაგრამ იშვიათად, მაგალითად, კერატოკონუსის ან მაღალი ხარისხის ახლომხედველობის დროს, მაინც გვიწევს მათი დანიშვნა. ამ პათოლოგიების დროს საჭიროა მყარი ლინზის ტარება.
მხედველობის დარღვევების მკურნალობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სათვალის სწორად და დროულად შერჩევას.
შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის შემთხვევაში სათვალე ბავშვმა მუდმივად უნდა ატაროს, ხოლო ახლომხედველობის დროს – მხოლოდ შორს ყურებისას.
გარდა სათვალისა, მკურნალობის რა მეთოდებს მიმართავთ რეფრაქციული მანკის დროს?
კლინიკის პირობებში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა პლეოპტიკური ვარჯიში, კერძოდ, კომპიუტერული ვარჯიშების კურსი.
სპეციალური სამკურნალო კომპიუტერული პროგრამები თამაშების პრინციპზეა აგებული და ძალიან მოსწონთ პატარებს. მინდა, ხაზი გავუსვა: რეფრაქციული მანკების მკურნალობა 15-16 წლამდე უნდა მოხდეს. თუ დაგვაგვიანდა, დარღვევის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. ლაზერული ოპერაციით მხედველობის კორექცია კი 18 წლამდე არ არის რეკომენდებული.
მიზანშეწონილია თუ არა მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის ფიზიკური დატვირთვა, კერძოდ, სპორტი, ცეკვა?
ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სახის პრობლემა აქვს ბავშვს. თუკი ღერძული ახლომხედველობა და, შესაბამისად მაღალი მინუსი აღინიშნება, გარკვეული შეზღუდვები წესდება: არ შეიძლება წყალში თავით ხტომა, თავზე დგომა და სპორტის ტრავმული სახეობები, მაგალითად, კრივი. ეს იმიტომ, რომ ღერძული ახლომხედველობისას თვალის კაკლის გარსები გათხელებულია და დიდია გართულების ალბათობა. სხვა შემთხვევაში კი სპორტი არამცთუ საზიანო არ არის, სასარგებლოც კია. განსაკუთრებით მარგებელია სპორტის ისეთი სახეობები, სადაც მზერის სხვადასხვა მანძილზე გადატანით ხდება მხედველობის გავარჯიშება. ასეთია, მაგალითად, მაგიდის ტენისი, ჩოგბურთი, კალათბურთი.
როგორ მიხვდნენ მშობლები, რომ ახალშობილს მხედველობის პრობლემა აქვს?
ორი-სამი თვის ბავშვი საგნებზე მზერას უკვე უნდა აფიქსირებდეს. ამ ასაკში მშობელსაც შეუძლია, შვილს მხედველობა შეუმოწმოს: დაანახოს სათამაშო და დააკვირდეს, აყოლებს თუ არა მზერას.
მინდა, ახალშობილთა მშობლებს ვურჩიო: ნუ მიუტანენ ბავშვს ამა თუ იმ საგანს თვალებთან ახლოს. ბავშვი ისე უნდა დააწვინოთ და დაიკავოთ, რომ მისი ორივე თვალი ერთნაირი დატვირთვით მუშაობდეს.
ხშირად ახალშობილი თვალის ექიმთან სიელმის გამო მიჰყავთ, მაგრამ ზოგიერთი მშობელი სპეციალისტთან ვიზიტისგან თავს იკავებს – იმედი აქვს, რომ სიელმე თავისთავად გაივლის.
5-6 თვემდე პერიოდული სიელმე ჯერ კიდევ დასაშვებია. სწორედ ამ ასაკში ყალიბდება ე.წ. ბინოკულარული კავშირები თვალებს შორის – ორივე თვალი შეთანხმებულ მუშაობას იწყებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვებს, რომლებსაც ახალშობილობისას სიელმე გამოუვლინდათ, ძალიან ხშირად აღენიშნებათ ნევროლოგიური პრობლემები (მაგალითად, ქალასშიდა წნევა) და ნევროპათოლოგის კონსულტაცია სჭირდებათ.
რა ასაკში სჯობს სიელმის გამო ოპერაციის გაკეთება?
ქირურგიული ჩარევის დრო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, მხედველობის სიმახვილისა და ხასიათის, გადახრის კუთხის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით წყდება.
ყველას არ აქვს საშუალება, შვილი ექიმთან მიიყვანოს და, მით უმეტეს, უმკურნალოს. რას სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებს, რომელთაც მხედველობის პრობლემები აწუხებთ?
მართლაც, უმეტესად სწორედ უსახსრობაა იმის მიზეზი, რომ ექიმს დროულად არ მიმართავენ. აღსანიშნავია ის დიდი ყურადღება, რომელსაც ამ მხრივ იჩენს ქალბატონი სანდრა რულოვსი. სწორედ ქალბატონი სანდრას მეშვეობით გამოუჩნდა სპონსორი უსინათლოთა საზოგადოებას და მისი პატრონაჟით ხორციელდება უფასო პროექტები ამ საზოგადოების წევრთათვის.
ჩვენს კლინიკაში მოქმედებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვთა თვალის დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას ითვალისწინებს.
წყარო: ჟურნალი "ავერსი"