Plasmon
ბიჭები და გოგონები - რა უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სქესის ბავშვების აღზრდისას

თარიღი: 14 მაისი, 2024

ადამიანის ფსიქიკა მუცლად ყოფნის პერიოდშივე იწყებს ჩამოყალიბებას. ყველა ჩვენგანი ზრდა-განვითარების ერთსა და იმავე ეტაპებს გადის, მაგრამ გენეტიკისა და გარემო ფაქტორების უნიკალური კომბინაცია უნიკალურ, განუმეორებელ ინდივიდს ქმნის.

სქესი პიროვნების განვითარების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია.

იმის შესახებ, რა განასხვავებთ გოგონებსა და ბიჭებს ერთმანეთისგან ადრეულ ბავშვობაში, ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი ანი მაისურაძე გვესაუბრა:

გოგონები და ბიჭები რამდენადმე განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ფიზიკური, ისე შემეცნებითი და ემოციურ-სოციალური განვითარების კუთხით.

აღზრდისას სქესთან დაკავშირებულ თავისებურებათა გაუთვალისწინებლობა ხშირად იწვევს მცდარ მიდგომებს და საპირისპირო სქესისთვის დამახასიათებელი თვისებების ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობას ურთულებს, რადგან ის ყოველთვის ვერ ხედავს განსხვავებას მამაკაცისთვის მისაღებ და ქალისთვის მისაღებ ქცევებს შორის.

იმის გასაგებად, რას უნდა მიექცეს ყურადღება ბავშვთან მუშაობისას, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სქესის ბავშვებს შორის არსებულ განსხვავებათა  ცოდნა.

შეგვიძლია, განვიხილოთ ყველაზე თვალსაჩინო განსხვავებები, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები შესაძლოა ზუსტად არ მოერგოს მისი სქესისთვის დამახასიათებელ ზოგად ნიშან-თვისებებს.

ფიზიკური აქტივობა
ბიჭებს უფრო ძლიერი მიდრეკილება აქვთ ფიზიკური აქტივობისკენ, რაც მუცლად ყოფნის პერიოდშივე შეინიშნება – კვლევების თანახმად, ბიჭები დედას უფრო ხშირად და ძლიერად ეხებიან ფეხებით, ვიდრე გოგონები. ეს აიხსნება ჰორმონ ტესტოსტერონით, რომელიც აუცილებელია მამრობითი სქესის ნაყოფის ჩამოსაყალიბებლად. ამავე მიზეზით ბიჭები უფრო მოუსვენრები არიან, აქტიურად მოძრაობენ, ხშირად ტრიალებენ საწოლში, უჭირთ ძილი, ეტლში დიდხანს ჯდომა, საბავშვო ბაღშიც გოგონებთან შედარებით უფრო იმპულსურები არიან, მათი უძრავად გაჩერება უფრო ძნელია, უფრო მეტად უყვართ აქტიური თამაშები. ბიჭების ნახატებიც კი უფრო მეტად დინამიკურია: ისინი ხატავენ მოძრავ მანქანებს, მფრინავ რაკეტებს, აფეთქებებს...

ბიჭისთვის ყველაზე დიდი სასჯელია მოძრაობის აკრძალვა (“დაჯექი და არ გაინძრე!”, “სანამ არ იმეცადინებ, აქედან ფეხს ვერ მოიცვლი”, “რაკი ცუდად მოიქეცი, გარეთ ვერ გახვალ!”). მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი აქტივობას უზღუდავენ ბიჭებს, ამით მხოლოდ ამძაფრებენ პრობლემას – იმატებს სტრესი და ბავშვს უფრო მეტად უძნელდება დავალებაზე კონცენტრირება.

ჭირვეულობა
ყველას შეგვიმჩნევია, რომ ბიჭები უფრო ხშირად და ხმამაღლა ტირიან, ვიდრე გოგონები, ითხოვენ უფრო მეტ ყურადღებას, უფრო ხშირად შავდებიან თამაშის დროს, უფრო ხშირად აქვთ კონფლიქტი თანატოლებთან.

მიზეზებს თუ ჩავეძიებით, ჯერ ერთი, ადრეულ ასაკში ბიჭებს უფრო უჭირთ ემოციური რეაქციების (ეჭვიანობა, უკმაყოფილება, შიში) შეკავება, უფრო ადვილად აღიზიანებთ წვრილმანები. ამას განაპირობებს ადრეულ ასაკში ბიჭის ტვინის იმ მიდამოების განუვითარებლობა, რომლებიც თვითკონტროლზეა პასუხისმგებელი. მეორე: ბიჭებში ჭარბობს მკვლევრის ინსტინქტი, ისინი აქტიურად დაძვრებიან ძნელად მისადგომ ადგილებში, მუდამ ეძებენ რაღაც ახალს, რაც ხშირად ტრავმებით სრულდება.

ქოთანზე დაჯდომა
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც ყველა მშობელი ეჯახება, ის არის, როგორ მიაჩვიონ ბავშვი ქოთანს. რა განსხვავებაა ამ კუთხით გოგონებსა და ბიჭებს შორის?

– გოგონები, საზოგადოდ, უფრო ადრე ეჩვევიან დამოუკიდებლობას. ქოთნის გამოყენებასაც ბიჭებზე ადრე სწავლობენ. უფრო ადვილად აკონტროლებენ ნაწლავებსა და შარდის ბუშტს და ტუალეტით სარგებლობასაც საშუალოდ 3-8 თვით ადრე იწყებენ. მაგალითად, 2.8 წლისთვის  გოგონების უმეტესობა უკვე დამოუკიდებლად დადის ტუალეტში, მაშინ როდესაც ბიჭებს ეს უნარი სამი წლის შემდეგ უვითარდებათ. ბიჭებთან უფრო ხშირია ღამის ენურეზიც.

მეტყველება
გოგონები ბიჭებს მეტყველების განვითარებითაც უსწრებენ. ადრეულ ასაკში მათი ლექსიკა უფრო მდიდარია, შედარებით ადვილად სწავლობენ რთულ ენობრივ ფორმებს და კონსტრუქციებს.

განვითარების ეს თვისება შემეცნებით შესაძლებლობებს უკავშირდება – ქალებს უფრო აქტიური აქვთ მარცხენა ნახევარსფერო, რომელიც პასუხისმგებელია ვერბალურ აზროვნებაზე, სიტყვის წერილობითი და ზეპირი ფორმების გამოყენებაზე.

გოგონები უფრო ადრე იწყებენ თავისუფლად ლაპარაკს, ვიდრე ბიჭები. მათი მეტყველება უფრო ემოციური და ხატოვანია, შეიცავს უფრო რთულ სტრუქტურებს. ისინი უფრო ადვილად ამოიცნობენ თანამოსაუბრის განწყობას, სიტყვების შინაარსს უკავშირებენ ინტონაციას და ჟესტიკულაციას. ამ უნარების წყალობით გოგონები უფრო აქტიურად იცავენ თავს კამათის დროს, უფრო თამამად ურთიერთობენ უფროსებთან, რადგან ვერბალური კომუნიკაციის დროს მეტ თავდაჯერებას გრძნობენ.

სივრცითი აღმა
სივრცითი უნარ-ჩვევებით ბიჭები ადრეული ბავშვობიდანვე ჯობნიან გოგონებს და ეს განსხვავება მთელი სიცოცხლე ნარჩუნდება, რადგან ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც სივრცის აღქმაზეა პასუხისმგებელი, მამაკაცებს უკეთესად აქვთ განვითარებული. ამიტომ არის, რომ ბიჭებს ასე ძალიან უყვართ კონსტრუქტორების აწყობა, მატარებლებისა და თვითმფრინავების მოდელირება, ფაზლებით თამაში – სივრცეში ორიენტაცია, მოძრავი ობიექტების ტრაექტორიის პროგნოზირება მათთვის გაცილებით იოლია.

ტვინის ქერქის განსაზღვრული უბნების კარგი განვითარება აუმჯობესებს კოორდინაციასა და მხედველობას, ამიტომ ბიჭებს განსაკუთრებით კარგად გამოსდით დაჭერობანა, ბურთით თამაში (ფეხბურთი, კალათბურთი), სკოლაში ადვილად ეუფლებიან გეომეტრიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს.

ემოციები
რატომ არიან გოგონები მეტად ემოციურები?
ეს ნაწილობრივ აღზრდითა და კულტურით არის განპირობებული – გოგონებს მეტად აძლევენ ემოციების გამოხატვის საშუალებას, უბიძგებენ თანაგრძნობისკენ, მზრუნველობისკენ. მაგრამ არის ბიოლოგიური განსხვავებებიც: ქალის ტვინის ლიმბური სისტემა და ჰიპოკამპი უფრო განვითარებულია, ამიტომ გოგონები უფრო ადრე სწავლობენ ტემბრისა და მოძრაობების მეშვეობით სხვისი გრძნობების ამოცნობას, უფრო ეადვილებათ ემოციური რეაქციების სიძლიერის რეგულირება. თანაც მათ არ უკრძალავენ შფოთვის, შიშის, სირცხვილის, დანაშაულის გრძნობის გამოხატვას, მაშინ როდესაც ბიჭებისთვის მხოლოდ ბრაზისა და აგრესიის გამომჟღავნება ითვლება მისაღებად.

საქმიდან საქმეზე
ქალისა და მამაკაცის ტვინის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, გოგონები უფრო სწრაფად გადაერთვებიან ერთი საქმიდან მეორეზე, ვიდრე ბიჭები.

ბავშვებს თუ ორი ან მეტი საქმის ერთდროულად კეთებას, ორი ან მეტი ამოცანის ერთდროულად გადაჭრას დაავალებთ, გოგონები უფრო ადვილად გაართმევენ თავს დავალებას, ვიდრე ბიჭები. კაცები მთელ ყურადღებას ერთი პრობლემისკენ მიმართავენ, ორ ან მეტ ამოცანაზე მისი გადანაწილება უჭირთ, ამიტომ რეკომენდებულია, მუშაობისას ბიჭები არ ააჩქაროთ, საქმიდან ყურადღება არ გადაატანინოთ – გადასაწყობად მათ დრო სჭირდებათ.

პრაქტიკული რჩევები
ბავშვის აღზრდისას მშობლებს ხელთ ორი ძლიერი ბერკეტი აქვთ: მაგალითი და ახსნა. შემთხვევათა თითქმის 98%-ში ბავშვი თავისი სქესის მშობელივით იქცევა, ქცევისა და კომუნიკაციის მისეულ ტიპს, გარემოზე მის შეხედულებებს ითვისებს. თუ მშობლის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება, ბავშვი კარგავს ნდობას უფროსების მიმართ, ამიტომ სასურველია, ზეპირ მითითებას შესაბამისი მაგალითი უმაგრებდეს საძირკველს.
• ბავშვზე დიდ გავლენას ახდენს გარემო. როგორც არ უნდა დაარიგოთ შვილი, თუ დაინახა, რომ გარშემო მყოფები აკეთებენ იმას, რასაც თქვენ უკრძალავთ, ამგვარ ქცევას ნორმად აღიქვამს.
• ყველა ბავშვს, განურჩევლად სქესისა, უყვარს მოძრავი თამაშები, თოჯინები და კონსტრუქტორები. არ აუკრძალოთ გოგონებს სირბილი და ხეებზე ცოცვა და ნუ წაართმევთ ბიჭებს ბარბის – ასე ეცნობიან ბავშვები თავიანთი სხეულის შესაძლებლობებს, სწავლობენ სოციალურ ურთიერთობებს და როლური სცენარების გათამაშებით გამოცდილებას აგროვებენ.
• იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ, რასაც ვუხსნით, უმჯობესია, გოგონებს მასალა სიტყვიერად მივაწოდოთ, ხოლო ბიჭებს – ვიზუალური ხატებით.
• ბიჭებისგან ნუ მოითხოვთ იდეალურ დისციპლინას, ატარეთ სპორტზე. რა თქმა უნდა, სპორტი გოგონებისთვისაც სასარგებლოა, მაგრამ მათ ნაკლები მიდრეკილება აქვთ სარისკო ქცევისა და კონკურენციისკენ.
• ორივე სქესის ბავშვებთან წაახალისეთ ინიციატივა და დამოუკიდებლობა.
• არ აუკრძალოთ ბიჭებს ტირილი, ასწავლეთ გრძნობების სიტყვებით გამოხატვა, მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად რეალური შედეგის მომტანი გზების ძიება.
• გაითვალისწინეთ, რომ გოგონები უფრო ადრე მწიფდებიან, ვიდრე ბიჭები, მაგრამ ასაკთან ერთად განსხვავებები იშლება და ბიჭები გოგონებს ეწევიან.


დაბოლოს,
გახსოვდეთ, რომ მშობლის სიყვარული და მზრუნველობა, შვილის მოსმენისა და მისი მოთხოვნილებების გაგების უნარი ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის მკაცრ წესებსა და მშრალ მითითებებზე გაცილებით მნიშვნელოვანია.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"