Plasmon
ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ბავშვის განვითარებაზე _ მითები და მტკიცებულებები

თარიღი: 21 ივნისი, 2018

თამარ კალანდაძე – ოსლოს უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დოქტორანტი, ოსლოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მკვლევარი, ნორვეგიის კვლევების სახელმწიფო ცენტრი. 

 

კაცობრიობის ისტორიაში სიახლის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მაგალითები მრავლად გვხვდება. მაგალითად, ძველ დროში, ეშინოდათ, რომ წიგნის კითხვა ბავშვის მეხსიერებასა და აზროვნებაზე უარყოფით გავლენას მოახდენდა. განვითარების თანამედროვე ეტაპზე დადგენილია, რომ ასაკის მიუხედავად, კითხვის დაუფლება ადამიანის ტვინში ნამდვილად იწვევს ცვლილებებს. თუმცა, თავისთავად, ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილებები უარყოფითი ან საშიშია.

ისტორიულად, ესა თუ ის სიახლე ხშირად არაფრის მომცემად, ან უარეს შემთხვევაში, ზიანის მომტანადაც კვალიფიცირდებოდა. ხდებოდა სიახლისაგან მიღებული პოტენციური სარგებლის იგნორირება. მაგალითად, სოკრატე შიშობდა, რომ ზეპირიდან წერილობით კომუნიკაციაზე გადასვლა ადამიანების ინტელექტის დონეს დააქვეითებდა. იგი თვლიდა, რომ ადამიანები არათუ ფიქრს შეწყვეტდნენ, უარესიც, ვერც კი მიხვდებოდნენ, რომ ფიქრი საერთოდ საჭირო იყო, რადგან მიეჩვეოდნენ წიგნში მარტივად ინფორმაციის მოძიებას და წაკითხულის დაუფიქრებლად მიღებას.

თანამედროვე საზოგადოება წიგნის მავნებელი ზემოქმედების გამო აღარ შფოთავს. მშობლები არ ვნერვიულობთ, რომ ბავშვმა დიდი დრო თუ გაატარა წიგნთან, ამან შესაძლოა მის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს. არ ვღელავთ, რომ კითხვა სუფთა ჰაერზე თამაშში უშლის ბავშვს ხელს და პასიურად ხანგრძლივი ჯდომისაგან მას შეიძლება დეპრესია ან ჭარბი წონის საშიშროება დაემუქროს. სამაგიეროდ, დღეს გვეშინია ე.წ. “ეკრანთან გატარებული დროის“ (screen time), რომელსაც გაზეთები თუ სატელევეზიო გადაცემები ხშირად საშინელ ისტორიებს უკავშირებენ. მაგალითად, არცთუ იშვიათად ვკითხულობთ, რომ ბავშვისთვის ეკრანთან გატარებული დროის მავნებელი ეფექტი კოკაინის, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარების ეფექტის ტოლია. ბევრი სპეციალისტი მსგავს ისტორიებზე დაყრდნობით აძლევს მშობლებს რეკომენდაციებს.

მასობრივი შიშის თესვას ტექნოლოგიის მიმართ მარტივი ახსნა აქვს: თუ აქამდე ცოდნის მიღების დომინანტური ფორმა ბეჭდური იყო, მომავალი ციფრულ წიგნიერებას ეკუთვნის. ციფრულ წიგნიერებაზე გადასვლა შეუქცევადი და ინტენსიური პროცესია, რომლის შედეგებიც არაპროგნოზირებადია. ეს კი იწვევს შიშს და დისკომფორტს. სიახლის შიში ლოგიკურია, თუმცა, პრობლემა იმ სიკეთეების უარყოფაში მდგომარეობს, რომელიც ტექნოლოგიას მოაქვს ან შეუძლია მოგვიტანოს. იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიურ მოწყობილობასთან გატარებული დრო ცხოვრების ერთ-ერთ აზრიან, შინაარსიან ნაწილად ვაქციოთ, ხდება მისი დემონიზირების მცდელობა.

ვახსენე ტერმინი, რომელიც ამ საკითხებზე საუბრის დროს ხშირად გამოიყენება, “screen time’, ქართულად, შესაძლოა, ითარგმნოს, როგორც „ეკრანთან გატარებული დრო“. ტერმინი გულისხმობს ნებისმიერი სახის ეკრანთან, ტექნოლოგიურ მოწყობილობასთან გატარებულ დროს, განურჩევლად მათი განსხვავებული ფუნქციებისა. ტერმინის მსგავსი განზოგადება თავისთავად პრობლემატურია, რადგან სხვადასხვა სახის ტექნოლოგიურ მოწყობილობას (მაგ, სმართფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვ.) განსხვავებული დანიშნულება აქვს. მათ მიერ შემოთავაზებული შინაარსიც განსხვავებულია (მაგ. საგანმანათლებლო, გასართობი, ძალადობრივი ხასიათის, ზრდასრულებისთვის განკუთვნილი და აშ). თითოეული მათგანის ბავშვის განვითარებისათვის საშიშად გამოცხადება ამ განსხვავებულობის გათვალისწინების გარეშე საკითხის ზედმეტად გამარტივების ამსახველია. ნებისმიერი სიმპლიცისტური ანუ გამარტივებული მიდგომა ბავშვის ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხების მიმართ არათუ მიზანშეწონილი არ არის, შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს.

საქართველოში ხშირად ამერიკის პედიატრიის ასოციაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს (AAP) ეყრდნობიან, როდესაც მაგალითად, 2 წლამდე ბავშვის ეკრანთან ურთიერთობას არ ურჩევენ მშობელს. თუმცა, ასოციაცია უკვე აღიარებს, რომ ზედმეტად მკაცრი რეკომენდაციები მოძველებულ კორელაციურ კვლევებს ეყრდნობოდა. შესაბამისად, აკრძალვის ნაცვლად ამჟამად საუბრობენ ეგრეთ წოდებული „ეკრანთან გატარებული დროის“ ზომიერად და გონივრულად გამოყენებაზე. სინამდვილეში, გადამწყვეტია მოწყობილობებთან უერთიერთობის შინაარსი, კონტექსტი და არა დროის ხანგრძლივობა, როგორც ცალკე მოცემულობა. ასოციაციის რეკომენდაციები, სავარაუდოდ, კვლავ შეიცვლება. საბედნიეროდ, მეცნიერება სტატიკური მოცემულობა არ არის, ის ვითარდება, ტარდება უამრავი კვლევა და იქმნება ახალი ცოდნა, განსაკუთრებით ამ კონკრეტულ სფეროში. გამომდინარე იქედან, რომ ტექნოლოგიის გავლენა ბავშვის განვითარებაზე საკმაოდ აქტუალური საკითხია საქართველოში, სპეციალისტები მუდმივად უნდა ცდილობდნენ ამ მიმართულებით ცოდნის განახლებას, რათა მშობლების ინფორმირება თანამედროვე, ხარისხიან კვლევებზე დაყრდნობით მოხდეს.

პირადად მე ტექნოლოგიას ვუყურებ, როგორც ნებისმიერი ასაკის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ნაწილს, რომელიც მრავალი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობის შესაძლებლობას გვთავაზობს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინკლუზიური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, მისი თითოეული წევრი საზოგადოების სრულფასოვან წევრად თვლიდეს თავს. თანამედროვე ტექნოლოგიები კი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანებისათვის კომუნიკაციური, სოციალური თუ აკადემიური უნარების განვითარების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

ზოგადად, მეცნიერული თვალსაზრისით, მდგომარეობა ასეთია: ბავშვის განვითარებაზე ტექნოლოგიის გავლენის შესახებ არსებული ხარისხიანი კვლევების რაოდენობა მცირეა. არ არსებობს სანდო ინფორმაცია „ეკრანის“ გამოყენების კონტექსტზე და შინაარსზე. ბავშვის ჯანმრთელობა, განვითარება და კეთილდღეობა კომპლექსური საკითხია და მჭიდრო კავშირშია ოჯახის სოციო–ეკონომიკური მდგომარეობასთან, ოჯახურ გარემოსთან, გენეტიკასა და ბავშვის ინდივიდუალურ მახასიათებლებთან. ეს ფაქტორები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკე აღებული, ტექნოლოგიურ მოწყობილობასთან გატარებული დრო. მართლაც, კვლევები, რომლებიც სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს ითვალისწინებს, აჩვენებენ, რომ ეკრანთან გატარებული დრო პირდაპირ არ უკავშირდება ბავშვის განვითარების ამა თუ იმ ტიპის შეფერხებას.

მოკლედ რომ შევაჯამოთ: არსებული პანიკა (‘moral panic’), რომელიც ცვლადებს შორის კორელაციურ და არა მიზეზშედეგობრივ კავშირებს ეფუძნება, უსაფუძვლოა. უნდა ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა არც იმის საფუძველი არსებობს, რომ ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან უერთიერთობა ავუკრძალოთ. საკითხი პოლარიზებულია, ერთ მხარეს ე.წ. „ტექნოსკეპტიკოსები“, ხოლო მეორე მხარეს ე.წ. „ტექნოენთუზიასტები“ დგანან. მაგრამ, პოლარიზების ნაცვლად სასურველია, ტექნოლოგია გამოვიყენოთ მიზნობრივად, კრეატიულად და ზომიერების ფარგლებში. ეკრანთან გატარებული დროის შემცირების ნაცვლად კი, მშობლებმა და მასწავლებლებმა, აჯობებს ბავშვებთან კრეატიულად გატარებული დროის ხანგრძლივობა გაზარდონ. ეს დრო კი გულისხმობს როგორც ტექნოლოგიური მოწყობილობებით, ასევე მათ გარეშე განხორციელებულ აქტივობებს.

 

 -იწვევს თუ არა სკოლამდელ ასაკში ბავშვის ურთიერთობა კომპიუტერთან რაიმე ტიპის შეფერხებას ფსიქიკურ განვითარებაში? 

რაც შეეხება კომპიუტერთან ურთიერთობის გავლენას ბავშვის ფსიქიურ განვითარებაზე, ვშიშობ, რომ აქაც ხშირად საქმე გვაქვს შეცდომასთან, როდესაც ორ ფაქტორს შორის კვლევით დადგენილ კორელაციურ კავშირს მიზეზ-შედეგობრივ კავშირად ასახელებენ. არ არსებობს სანდო მტკიცებულება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის კავშირის შესახებ.

სამაგიეროდ არსებობს ნაკლებად სანდო კვლევები, რომლებიც, მაგალითად, ადრეულ ასაკში ტელევიზორის ხშირ ყურებას ყურადღების განვითარების პრობლემების გამომწვევ მიზეზად ასახელებენ. თუმცა, ეს კვლევები არ ითვალისწინებენ პოტენციურ თანამოქმედ ფაქტორებს. მაგალითად, არ ვიცით, ბავშვი რატომ ამჯობინებს ტელევიზორთან დიდი დროის გატარებას, იმიტომ, რომ ტელევიზორი იზიდავს და არა აქვს სახლიდან გასვლის სურვილი თუ გარეთ გასვლა ისედაც არ უნდა, ვთქვათ, დეპრესიაშია, თანატოლებთან ცუდად გრძნობს თავს, ბულინგის მსხვერპლია და აშ. ბავშვის ტელევიზორთან მიჯავჭვულობის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე პრობლემები ოჯახში. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ სხვა პრობლემები იწვევს დეპრესიასაც, ყურადღების პრობლემებსაც, ტელევიზორზე მიჯაჭვულობასაც და ბავშვის მიერ ეზოში ნაკლები დროის გატარებასაც.

საკითხის, თავად ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და მათი ფუნქციების კომპლექსურობიდან გამომდინარე, ხარისხიანი კვლევის ჩატარება რთულია და არც იმის გარკვევაა ადვილი, რა არის ბავშვის პრობლემის რეალური მიზეზი და რა შედეგი. თუმცა, თემა ძალიან აქტუალურია, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საკმაო ყურადღება ეთმობა მას, უამრავი საინტერესო კვლევა იგეგმება და ხორციელდეება ამ მიმართულებით. მანამდე კი, სანამ ამ კვლევის შედეგებს ველოდებით, აჯობებს, საკითხს გონივრულად და ყოველგვარი პანიკის გარეშე მივუდგეთ. როგორც უკვე აღვნიშნე, კომპიუტერთან თუ გაჯეტთან ბავშვის ურთიერთობის აკრძალვა ნამდვილად არ არის სასურველი. გამოსავალია ზომიერება, კრეატიულობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.

 

-ციფრული ტექნიკის გამოყენება ბავშვის საგანმანათლებლო მიზნებისათვის, რამდენად ეფექტურია და გააჩნია თუ არა ნაკლოვანებები?

მიზანმიმართულად და გონივრულად, სხვა აქტივობებთან ერთად საგანმანათლებლო მიზნებისთვის ტექნოლოგიის გამოყენება არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ აუცილებელიცაა. ეს ეხება როგორც ტიპური განვითარების მქონე, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს. ამიტომ, როდესაც ტექნოლოგიის გამოყენების დროის შემცირებას თუ სრულიად აკრძალვას ვურჩევთ მშობელს, ვალდებულები ვართ ჩვენი არგუმენტები კონკრეტულ მტკიცებულებებზე იყოს დაფუძნებული. აგრეთვე აუცილებელია, გავითვალისწინოთ ის უარყოფითი გავლენა, რაც ამ აკრძალვას შეიძლება მოჰყვეს. არსებობს საკმაოდ ბევრი საგანმანათლებლო აპლიკაცია და თამაში. მთავარია, ვიცოდეთ მათი არსებობა, მოძიება და შემოქმედებითად და მიზანმიმართულად გამოყენება. მაგალითად, „touchscreen“ ტექნოლოგიები ჩვილი ბავშვებისთვის სხვადასხვა ობიექტთან ინტუიტური ურთიერთობის საშუალებაა, რაც ბავშვს სენსო-მოტორული აღმოჩენების შესაძლებლობას აძლევს. ინტერნეტის საშუალებით ბავშვს ნებისმიერ თემაზე ინფორმაციის მოძიებება და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება შეუძლია. რომ შევაჯამოთ, ნებისმიერი წესი და გზამკვლევი ეკრანის გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ რისკებს (რაც, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ პოტენციურ სარგებელს და შესაძლებლობებსაც, რასაც ციფრული მედია ქმნის ახალგაზრდა ადამიანების ცხოვრებაში.

იგივე პრინციპი მოქმედებს ტექნოლოგიების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყენების კუთხითაც. მაგალითად, ამ ეტაპზე ნორვეგიის განათლების სამინისტროს დაკვეთით, ვახორციელებთ უმაღლეს განათლებაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების გავლენის შესახებ არსებული კვლევების სისტემატურ სინთეზს (systematic review). მიზანი მოცემულ თემაზე არსებული ხარისხიანი კვლევების შეჯამება სინთეზის სახით. სინთეზი მოგვცემს საშუალებას, გამოვიკვლიოთ, რა ვიცით მოცემულ საკითხზე და შემდეგ ამ ცოდნის საფუძველზე გამოიტანს განათლების სამინსტრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. კვლევა არ დაგვისრულებია, თუმცა, ვხედავთ ტენდენციას, რომ ტექნოლოგიების გამოყენება თუ არ ეფუძნება პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის, განათლების თეორიებისა და კონკრეტული კონტექსტის გააზრებულ ცოდნას, ცალკე ტექნოლოგია არაფრის მომცემი არ არის.

 

 -როგორია სკოლამდელ თუ სასკოლო ასაკის ბავშვებზე ციფრული ტექნოლოგიების გავლენის კვლევის შედეგები ნორვეგიაში?

საქართველოსგან, ამერიკისგან და თუნდაც დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ნორვეგიაში ტექნოლოგიების უარყოფითი გავლენის თემა ასე მწვავედ არ განიხილება. ამის ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით, შესაძლოა, ეს გამოწვეულია აქაური ცხოვრების სტილით. ნორვეგიაში ბავშვებს არ აკლიათ არც სუფთა ჰაერზე ყოფნა, არც სხვადასხვა ტიპის აქტივობები და არც უბრალოდ დასვენება. მნიშვნელოვანი მომენტია ასევე ის, რომ ზრდასრულ ადამიანებს შეგნებული აქვთ ბავშვთან ჯანსაღი ურთიერთობის საჭიროება. იგულისხმება ის, რომ ბავშვთან ყოფნის დროს არ უნდა დაკავდნენ ტელეფონით, ბავშვთან ურთიერთობაში ფიზიკურად და მენტალურად უნდა იყვნენ ჩართულნი, ესაუბრონ და ეთამაშონ მას. ნორვეგიაში პატივს სცემენ ბავშვებს და ითვალისწინებენ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს. ეს საკითხიც, სავარადოდ, სოციალურ ნორმებთან უნდა იყოს კავშირში. მაგალითად, სუფრასთან ტელეფონს, გამონაკლისის სახით თუ ნახავ, რადგან თვლიან, რომ ადამიანთან ერთად იმიტომ ხარ, რომ მასთან ყოფნა გსურს და არა ამ დროს სხვასთან ტელეფონით საუბარი ან სხვისი გზავნილების კითხვა. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ბავშვის განვითარებაზე გარემოში (ოჯახში, საბავშვო ბაღში, სკოლაში და აშ.) არსებული უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას და არ შეიძლება, მარტივად ტელეფონს ან აიფადს დავაბრალოთ ბავშვის პრობლემები. ზოგადად, ნორვეგიულ სკოლებში კომპიუტერი და სხვადასხვა ტიპის გაჯეტები აქტიურად გამოიყენება სასწავლო პროცესში. მაგრამ ამასთანავე, უსაფრთხოების მკაცრი ზომებია მიღებული, შეზღუდულია იმ ინტერნეტგვერდების რიცხვი, რომლებზედაც წვდომა აქვთ ბავშვებს.

 

-რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ უნდა მოხდეს ციფრული ტექნოლოგიების ადეკვატური გამოყენება ბავშვების აღზრდის პროცესში ?
აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მაშფოთებს სპეციალისტების მხრიდან აქცენტის მხოლოდ მშობლების მხილებაზე გადატანა. ბავშვის პრობლემებში მშობლის დადანაშაულება არ არის ახალი ფენომენი, „უპასუხისმგებლო“ მშობლების შესახებ დაწერილი ამბები სწრაფად ხდება პოპულარული, რადგან მკითხველს მოსწონს თვითკმაყოფილების და მორალური უპირატესობის შეგრძნება, რასაც მსგავსი სტატიები იწვევენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – არ ვთვლი, რომ ტექნოლოგიის გამოყენების შეწყვეტას რამე გრძელვადიანი დადებითი შედეგი მოჰყვება. მნიშვნელოვანია, ძილის წინ მოვარიდოთ ბავშვები ეკრანს. ზოგადად კი, მშობლებს, პირველ რიგში, ვურჩევდი, მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აღზარდონ 21-ე საუკუნის მოქალაქე, რომლის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი უნარი ციფრულ წიგნიერებაა. საჭიროა, ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს რესურსებზე და ხელსაწყოებზე, რომ აღმოჩენების გაკეთება და ციფრული სამყაროსგან სარგებლის მიღება შეძლოს. მშობლებმა ეკრანი კი არ უნდა გამორთონ, არამედ ბავშვთან ერთად აქტიურად ჩაერთონ საკუთარი შვილის სწავლასა და თამაშში. მაგალითად, სასურველია წიგნის ან ტაბლეტში კითხვის პროცესში მშობელი ან გამოცდილი ადამიანი იყოს ჩართული. შვილებს სხვადასხვა ტიპის თამაშის და ცოდნის შეძენის მრავალფეროვანი შესაძლებლობები უნდა მივცეთ. მრავალფეროვნებაში ვგულისხმობ ეზოში სირბილს, ლეგოთი/კუბებით თამაშს და მთელ რიგ სხვა აქტივობებს, რაც გასართობიც არის და მრავალმხრივ სასარგებლოც. მნიშვნელოვანია, რომ ციფრული ტექნოლოგიაც ამ შესაძლებლობათა სიაში მოვაქციოთ და არ გამოვყოთ, როგორც ცალკე კატეგორია.

საჭირო რესურსები კი სახელმწიფომ უნდა შექმნას. იგი ვალდებულია, ციფრული წიგნიერების განვითარებას შეუწყოს ხელი. ციფრული წიგნიერება იმ სოციალური, ემოციური და კოგნიტური უნარებისგან შედგება, რომელიც პიროვნებას საშუალებას აძლევს „ციფრული ცხოვრების“ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ჩვენი შვილები ტექნოლოგიის მფლობელები და გამომყენებლები უნდა გახდნენ და არ უნდა მოხდეს პირიქით – ტექნოლოგიის მიერ ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების მართვა.

ბავშვს პატარა ასაკიდანვე ეკრანთან გატარებული დროის მენეჯმენტი უნდა ვასწავლოთ. ასაკის მატებასთან ერთად, მას დამოუკიდებლადაც მოუწევს ინტერნეტთან ურთიერთობა. ამიტომ უნდა ვასწავლოთ საკუთარი ქცევის მართვა ონლაინ თამაშებსა და სოციალურ მედიაში. მოზარდს უნდა შეეძლოს კიბერბულინგის იდენტიფიცირება და მსგავსი სიტუაციების ჭკვიანურად მართვა. უნდა ვასწავლოთ როგორ დაიცვას თავი კიბერთავდასხმისგან, როგორ დაიცვას საკუთარი და სხვისი პირადი სივრცე, როგორ გაარჩიოს ნამდვილი ინფორმაცია ყალბისაგან და გაარჩიოს სანდო კონტაქტები საეჭვოსგან. აგრეთვე, საჭიროა, ვასწავლოთ, პასუხისმგებლობით მოეკიდოს ინტერნეტში კვალის დატოვების შესაძლო შედეგებს.

თავისთავად, ეს ყველაფერი რომ ბავშვს ასწავლოს, პირველ რიგში, მშობელი უნდა ფლობდეს შესაბამის ცოდნას. არ დაგვავიწყდეს, რომ ხშირად მშობლების ტექნოლოგიის ფუნქციურად გამოყენების უნარები გაცილებით ჩამორჩება მათი შვილებისას, ამიტომ, იმის ნაცვლად რომ საგაზეთო თუ საეთერო სივრცე დაეთმოს მშობლებისთვის ბავშვების ტექნოლოგიასთან ურთიერთობის აკრძალვას და მათ დამუნათებას, რომ შვილებთან დიდ დროს არ ატარებენ, მათ ინფორმატული გადაცემებით უნდა დავეხმაროთ. აგრეთვე, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების ბავშვებზე ზემოქმედების პრობლემატიკა ასე მწვავედ დგას ქვეყანაში, აუცილებელია სახელმწიფომ დააფინანსოს ხარისხიანი კვლევები, რათა მკაფიო „გაიდლაინები“ დადგინდეს მშობლებისთვის. ეს „გაიდლაინები“ უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის თეორიულ ჩარჩოს, მტკიცებულებებს და არა სუბიექტურ მოსაზრებებს ან უხარისხო კვლევებს.


წყარო: http://geopsychology.org